ურთხელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურთხელის ნაყოფი

ურთხელი (ულპოლველი) – (Taxus baccata); ოჯახი: ურთხლისებრნი (Taxaceae).

მეგრულად – ურთხელი.

მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე, მომცრო ან საშუალო ზომის. 20-35 მ სიმაღლის ხეა, ქერქი მოწითალო რუხი ფერისაა; გლუვი ან სიგრძივ ფირფიტისებური. ვარჯი კვერცხისებურია ან პირამიდის ფორმის. წიწვები ბრტყელია, შიშველი, 4 სმ-მდე სიგრძისა და 25 მმ-მდე სიგანის, მოყვანილობით – ხაზური, ოდნავ ნამგალივით მოღუნული, ზემოდან მუქი მწვანე, პრიალა. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე იზრდება ტენიან ტყეებში, წიფლნარებში როგორც ერთეულების, ისე მცირე ჯგუფების სახით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.

ურთხელი – ბიბლიური მცენარე

ურთხელი

ბიბლიის უძველეს ქართულ ხელნაწერებში მითითებული არ არის იმ ხის სახელწოდება, რომლითაც ნოემ ააგო კიდობანი. ისევე, როგორც სეპტუაგიტაში, ქართულ აღნიშნულ ტექსტებშიც საუბარია უბრალოდ კვადრატულ ძელებზე. მოგვიანო ხანებში ქართულ თარგმანებში კიდობანის მასალად ჩნდება „ულპოლველი ძელები“, რომელიც უახლეს ქართულ თარგმანში შეიცვალა „ურთხელით“, ე.ი. „Taxus baccata“-თი. ბიბლიის ებრაული ტექსტის მიხედვით კიდობანი, რომელიც ნოემ ღმერთის მითითებით ააგო, აშენდა „გოფერის“ ძელებისაგან. სიტყვა „გოფერი“ ბიბლიაში მოიხსენიება ერთად-ერთჯერ, ისიც მხოლოდ დაბადების დამოწმებულ მუხლში.

ვულგატაში „გოფერის“ლათინური დასახელებაა „Lignis levigatis“, ინგლისელები მას „Gopherwood“-ით თარგმნიან. დღეს აღარავინ იცის ხის რომელ სახეობას აღნიშნავს „გოფერი“, თუმცა მკვლევართა უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ეს წარმოადგენდა წიწვოვანი მცენარის ერთ-ერთ უცნობ სახეობას. ვარაუდობენ, რომ ეს კვიპაროსის ის სახეობაა; რომელსაც ძველი ფინიკიელები გემების მშენებლობაში იყენებდნენ. უნდა შევნიშნოთ, რომ ბიბლიის უკანასკნელი დროის ქართულ თარგმანში, განსაკუთრებით გმოსვლათა წიგნში, კიდობანის მასალად სახელდება „ურთხელი“, რაც გაუმართლებელია. წმინდა მიწაზე „ურთხელი“ წარმოადგენს იშვაით მცენარეს, რაც კარგად ჩანს ბიბლიის ებრაული ტექსტიდანაც. იქ, სადაც ქართულ ბიბლიაში ვხვდებით „ურთხელს“, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს უმრავლეს შემთხვევაში არის აკაციის ერთ-ერთი სახეობა, რომლის ლათინური სახელწოდება ვულგატას მიხედვით „setthim“-ია.

„გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე ამგვარი უნდა ააგო იგი; სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით – ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით – ოცდაათი წყრთა; სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.“ (დაბადება 6, 14-1 6)

Fam. Taxaceae – ოჯ. ურთხლისებრნი, Taxus baccata L. – ურთხელი, უთხოვარი

მეგრულად – ურთხელი.

10-25 მ-მდე სიმაღლის, ხშირწიწვიანი მარადმწვანე, ორსახლიანი ხეა, კვერცხისებრი ან თითქმის პირამიდული ფორმის ვარჯითა და მოწითალო-რუხი ფერის ქერქით. წიწვები ბრტყელია, შიშველი, ხაზური, ოდნავ ნამგლისებრ მოღუნული, მოკლეყუნწიანი, ბოლოში წაწვეტებული, ქვემოდან – სიგრძივი შუა ძარღვით, მოყვითალო ან ღია მწვანე, ზემოდან – მუქი მწვანე, პრიალა. მამრობითი გირჩები სფერულია, მარტოული, წიწვების უბეებში განლაგებული, ძირში ქერქლებით შემოხვეული. მდედრობითი გირჩები არა აქვს; თესლკვირტი ერთია, იღლიური ტოტების ბოლოებში განლაგებული და ძირში რამდენიმე წყვილი ქერქლით შემოხვეული. თესლები მურა ფერისაა, მაგარი, ოვალური, თავში ოდნავ წაწვეტებული, კაშკაშა წითელი, მოტკბო გემოს ხორცოვანი, კათხასებრი თანათესლით შემოხვეული. გამოირჩევა სიცოცხლის ხანგრძლივობით, სხვადასხვა მონაცემებით, აღწევს 1,54 ათასამდე წელს. ყვ. III-V. ნაყ. IX-X.

იზრდება დაჩრდილულ ტენიან ტყეებში ზღვ. დონიდან დაწყებული 1500-1800 მ სიმაღლემდე, უმთავრესად წიფლნარებში ერთეული ინდივიდების ან მცირე ჯგუფების სახით.

მერქანი ხასიათდება ძლიერი ბაქტერიციდული და ფიტონციდური თვისებებით, ანადგურებს იმ მიკროორგანიზმებსაც კი, რომლებიც ჰაერშია გავრცელებული, განსაკუთრებით ფასდებოდა მასობრივი ეპიდემიების დროს. მერქანი, ქერქი და წიწვები შეიცავს შხამიან ალკალოიდ ტაქსინს, რომელიც იწვევს მოწამლვას, ხშირად ლეტალური დასასრულით.

1990-იანი წლებიდან მცენარის ალკალოიდებს იყენებენ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების (პაკლიტაქსელი, დოცეტაქსელი) დასამზადებლად. ძლიერი შხამიანობიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდირებული სახლის პირობებში მისი დამზადება შინაგანი გამოყენებისათვის. წიწვების ნახარშს გარეგანად ხმარობენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, კანის მიკოზის, სხვადასხვა სახის დერმატიტებისა და მუნის სამკურნალოდ.

იხმარება კლასიკურ ჰომეოპატიაში, საფეთქლისა და სუპრაორბიტალური თავის ტკივილების, ყელის ქრონიკული კატარის, საჭმლის მიღების შემდეგ წარმოქმნილი ხველების, საკვებმომნელებელი სისტემის დაავადებებისას, რომლებსაც ახლავს ტკივილები ან ჩხვლეტები, ღვიძლის ციროზის, ათონური ყაბზობის, შარდსადინარი გზების დაავადებების, გართულებული შარდვის, კანის დაავადებების (წითელი ქარი, ფოლიკულიტი, გამონაყრები) სამკურნალოდ. ძლიერი შხამიანობიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდირებული სახლის პირობებში შინაგანი გამოყენებისათვის.

იშვიათ სახეობათა რიცხვს მიეკუთვება, შეტანილია სხვადასხვა ქვეყნის „წითელ წიგნებში“, მათ შორის საქართველოს „წითელ წიგნსა“ (1982) და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (2006).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები