წვეტიანი კლდისდუმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 30 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წვეტიანი (მწვავე) კლდისდუმა - Sedum acre L.

Fam. Crassulaceae – ოჯ. მსუქანასებრნი, სქელფოთოლასებრნი Sedum acre L. – წვეტიანი კლდისდუმა.

მეგრულად – კირდეშ ქვათილა.

მრავალწლოვანი წვნიანი მინიატურული სუკულენტური მცენარეა, ინვითარებს 10 სმ-მდე სიმაღლის საყვავილე ღეროებს და უნაყოფო ყლორტებს. ფოთლები მორიგეობითაა განწყობილი, მოგრძო კვერცხისებრია, ხასხასა მწვანე, მჯდომარე, სქლად განლაგებული.

ყვავილები თითქმის მჯდომარეა, მოკლე ქოლგისებრ-ფარისებრ ყვავილედად შეკრებილი. გვირგვინის ფურცლები ოქროსფერ-ყვითელია. ნაყოფი მრავალთესლიანია. ყვ. IV-V; ნაყ. VII.

იზრდება მშრალ კლდოვან, ნაშალ ჰაბიტატებზე, მშრალ ბალახოვან ფერდობებზე, მთის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე. ბალახი შეიცავს ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ქარვისა და სხვ.), შაქროვან ნივთიერებებს (სადოგეპტოზს), ფლავონოიდებს, ალკალოიდ სედამინს, გლიკოზიდებს, ცვილს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ.

მცენარე ხასიათდება მალარიის საწინააღმდეგო, შარდმდენი და მასტიმულრებელი მოქმედებით, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ხელს უწყობს საშვილოსნოს მუსკულატურის მოდუნებას და სისხლის წნევის ამაღლებას. ექსპერიმენტალურად დამტკიცებულია, რომ ექსტრაქტის შინაგანი მიღება იწვევს აღმგზნებ მოქმედებას, ააქტიურებს სუნთქვას და იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას. ხალხურ მედიცინაში ნედლი ბალახი ან წვენი გარეგანად გამოიყენება დამწვრობებისა და წყლულების დროს, ინფიცირებული ჭრილობების, მეჭეჭებისა და კოჟრების მოსაშორებლად. იგივე დანაყილ ბალახს ადებენ კიბოს წყლულებს, მათი მოშუშების მიზნით.

ხალხურ მედიცინაში წარმატებით გამოიყენებოდა, ბოლო პერიოდში მისით დაინტერესდა მეცნიერული მედიცინა. აღნიშნული იყო, რომ მთელი მცენარე ავლენს მატონიზირებელ მოქმედებას მთელ ორგანიზმზე.

სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს; ბურიატიაში – ზედა სასუნთქი გზების კატარის, ბავშვებში კანის ტუბერკულოზის, ღვიძლის დაავადებების, კუჭის კოლიკების დროს; გარეგანად – ფურუნკულების, სკროფულოზის, ეგზემის, ჩიყვის სამკურნალოდ; წვენი (თაფლთან და ძმართან ნაზავში) – ეპილეპსიის, სიყვითლის, ანემიის, ცინგის, ავთვისებიანი წყლულების, კარბუნკულების, აგრეთვე, როგორც დეტოქსიკაციური საშუალება ცოფიანი ძაღლების ნაკბენისას; წვენი (მცენარეულ ზეთთან) – თავის თმიანი ნაწილის დერმატომიკოზების განსაკურნავად.

მცენარე შხამიანია! შინაგანად გამოყენებისას უკიდურესი სიფრთხილის დაცვაა საჭირო; დოზის გადაჭარბება იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას, სუნთქვისა და გულის მოქმედების დარღვევას. ნედლი წვენი იწვევს კანის ძლიერ გაღიზიანებას (სიწითლე, ბებერები), რის გამოც,ინფიცირებულ ჭრილობაზე მისი გამოყენებისას, ჯანმრთელი კანი დაცული უნდა იყვეს ლეიკოპლასტირის ზოლით.

წყარო

  • ბიძინაშვილი, რ., ჟორდანია, მ., მაისაია, ი. სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები. - თბ., 2023 [[1]].
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები