ჟამთააღმწერელი
ჟამთააღმწერელი — (XIV ს.), მემატიანე, „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ნაწილის ავტორი. ვარაუდობენ, რომ გიორგი ბრწყინვალეს თანამედროვე მოღვაწე უნდა ყოფილიყო. მოთხრობილი აქვს საქართველოს ისტორია ლაშა-გიორგის მეფობიდან გიორგი ბრწყინვალის ხანამდე. ნაწარმოები „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ თხზულებათა მორის ერთ-ერთი საუკეთესოა. გვაწვდის მონღოლთა ბატონობის პერიოდის ამსახველ მრავალ ცნობას, გამოირჩევა სიზუსტით, წყაროებისადმი კრიტიკული მიდგომით, ეპოქათა ანალიზით. „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს,“ — აღნიშნავს მემატიანე და თვით მეფე-დიდებულთა მხილებასაც არ ერიდება. ქვეყნის დაკნინების მიზეზად ქართველთა სამ მანკიერებას მიიჩნევს: „გემოთმოყვარება, ვერცხლის-მოყვარება და დიდების მოყვარება“. ავტორი ემყარება მრავალ ისტორიულ წყაროს. ამასთან, მისი თხზულება, საისტორიო მნიშვნელობასთან ერთად, დახვეწილი თხრობისა და მხატვრული ხედვის ჩინებული ნიმუშია.
ტექსტი
- ქართლის ცხოვრება, II, 1959, გვ. 115-150
ლიტერატურა
- ი. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, 1945, გვ. 246-263.
წყარო
- ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარიისტორიკოსები