სიორენ კირკეგორი და იბსენის დრამატული პოემები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:20, 11 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიორენ კირკეგორი და იბსენის დრამატული პოემები

ჰენრიკ იბსენის და საერთოდ XX საუკუნის ნააზრევის და ხელოვნების გაგებისათვის აუცილებელია სიორენ აბი კირკეგორის (Søren Kierkegaard - 1813-1855) - დანიელი ფილოსოფოსის, თეოლოგის, კრიტიკოსის, პოეტის, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენლის ძირითადი ფილოსოფიური პოსტულატების გაგება, გაანალიზება. დღემდე საკამათოა, იცნობდა თუ არა იბსენი კირკეგორის ნაშრომებს, მაგრამ, ეს არსებითად მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკვე XXI საუკუნეში ვიცით და XX ვიცოდით, რომ არა კირკეგორი, არ იქნებოდა ეგზისტენციალიზმის ფსიქოლოგია და არ დაიწერებოდა ლიტერატურული შედევრები.

სიორენი ძალზე უცნაური ადამიანი იყო, უბედური პირად ცხოვრებაში, დაშორდა საცოლეს და მძიმე ცხოვრება განვლო. თავდაპირველად, მის ფილოსოფიურ მოძღვრებას რეზონანსი არ გამოუწვევია თანამედროვეებში, შემდგომ კი დიდი პოპულარობა მოიპოვა და დოსტოევსკისთან ერთად ითვლება ეგზისტენციალური ფილოსოფიის წყაროდ. ეს არის ადამიანის მარტოობისა და გაუცხოების პრობლემა, ადამიანის არაკომუნიკაბელურობის პრობლემა: ადამიანი მარტოა ამ სამყაროში, კირკეგორს უნდოდა შეექმნა ისეთი ფილოსოფია, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანს.

მისი აზრით, ფილოსოფია სისტემა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ფილოსოფოსობა უნდა გამხდარიყო ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი. კირკეგორი დაუპირისპირდა ჰეგელს, რადგან მის სისტემაში პიროვნება აბსოლუტურმა სულმა შთანთქა. ჰეგელთან აბსოლუტური სული მარადიულ განვითარებას განიცდის და აუცილებლობით მივა პროგრესის მაღალ საფეხურამდე. ე. ი. შენ რაც არ უნდა გააკეთო, შენ მაინც მიხვალ მწვერვალამდე. ჰეგელთან ბუნება, საზოგადოება წარმოდგენელი იყო როგორც აბსოლუტური სულის განვითარება. ჰეგელი ფიქრობდა, რომ ამით მოიხსნებოდა კაცობრიობისათვის მტკივნეული პრობლემა - ადამიანის გაუცხოების პრობლემა. გაუცხოება - ნიშნავს იმ გარემოებას, რომ ადამიანის ნამოქმედარი დაუბრუნდება მას, როგორც მისგან დამოუკიდებელი უცხო პროდუქტი, რომელიც ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული. მართლაც, ყველაფერს ქმნის ადამიანი. ჩვენ ვარსებობთ ორგვარი სამყაროს წიაღში. ერთი არის ბუნება, ჩვენგან დამოუკიდებელი კანონებით და მეორე, იმ ხელოვნურ სამყაროში, რომელიც ადამიანების შექმნილია. ყოველივე ეს ხშირად ადამიანს უპირისპირდება. ცივილიზაციაც ექვემდებარება კანონზომიერებას, რომლის დარღვევაც ძნელია. გაუცხოებისგან უნდა გავარჩიოთ გასაგნობრიობა. ლიტერატურაში მას ასხვავებენ. გასაგნობრიობა ადამიანისათვის ბუნებრივი მოვლენაა. ადამიანს არ შეუძლია არსებობა იმის გარეშე, თუ საკუთარი თავი არ გაასაგნობრივა რომელიმე კულტურის მიმართ. გაუცხოება იქ არის, სადაც გასაგნობრიებული სამყარო შორდება ადამიანს და აღარ ემორჩილება მას. ადამიანი ამ სამყაროში გრძნობს თავის თავს უცხოდ. ეს არის მთელი თანამედროვე თეატრის და ლიტერატურის ძირითადი მახასიათებლები. ადამიანმა დაკარგა საკუთარი თავი იმ სამყაროში, რომელიც თავად შექმნა. ფილოსოფიურ მოძღვრებებში არსებობენ - იდეალისტები, რომლებიც თვლიან, რომ ადამიანის ყოველგვარი მოქმედება გაუცხოებაა. ე. ი. ისეთი პროცესი, რომლის მოსპობა არ შეგვიძლია. გაუცხოების პროცესმა, რომელიც კირკეგორსაც ჰქონდა გაცნობიერებული, მიიყვანა იგი იმ აზრამდე, რომ არსებობს ორნაირი ისტორია. ერთი - გარეგანი ისტორია, რომელიც ვითარდება მისთვის ნიშანდობლივი კანონზომიერებით და ეს კანონზომიერება ჩვენგან დამოუკიდებელია. ის არის ობიექტურად არსებული აუცილებლობა, რომლის დაძლევა არ შეგვიძლია. ამ ისტორიას უპირისპირებს კირკეგორი ადამიანის შინაგან ისტორიას, მისი სულის, მისი შინაგანი სამყაროს ამბავს. თითოეულ ჩვენგანს თავისი განუმეორებელი შინაგანი ისტორია აქვს. ადამიანი გარეგნულად კარგავს თავისუფლებას, მაგრამ შინაგანად იგი თავისუფალი რჩება. კირკეგორი ამბობს, ეს არის ერთადერთი ნამდვილი ისტორია ადამიანისა. ის სფერო, რომელიც მისი კუთვნილებაა. ამიტომ, პიროვნება თავისუფალია საკუთარ შინაგან სამყაროში. კირკეგორის წინაშე დგას პრობლემა - გამოიკვლიოს: რა პირობებში არის ადამიანი პიროვნება და რა პირობებში კარგავს ის პიროვნულ თვისებებს. კირკეგორის ძირითადი პრობლემა ხდება ნებისყოფის, თავისუფლების პრობლემა. თუ ჩვენი ნებისყოფა არ არის თავისუფალი, მაშინ ჩვენ რობოტებად გადავიქცევით. ამ სამყაროსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მთლიანობას, ჰარმონიულობას, ადამიანი თავისი თავის მბრძანებელი უნდა იყოს. მას უნდა გააჩნდეს „მეობა“, „თვითობა“. ამ შინაგან ერთიანობას ქმნის „თვითმყოფადობა“ - ის, რაც ყველაფერს ჩემში განაგებს და წარმართავს. ამ პიროვნულ „მეს“ ვერავინ და ვერაფერი წაგართმევს-წარმართავს, თუკი ჩვენ წარვმართავთ შინაგან ისტორიას და არ დავემორჩილებით იმას, რაც ხდება გარეთ, ჩვენ მიღმა. ადამიანის ყოფიერება უაღრესად ტრაგიკულია - ამბობს კირკეგორი. ამისდამიუხედავად, მაინც უნდა ვიფიქროთ სიხარულით ჩვენს არსებობაზე და არ უნდა ვიფიქროთ სიკვდილზე.

კირკეგორთან ადამიანის თავისუფლების სფერო არის მისი შინაგანი სამყარო ან შინაგანი სამყაროს ისტორია. კირკეგორი მკვეთრად განასხვავებს ერთმანეთისაგან ინდივიდს და პიროვნებას. ყველა ადამიანი ინდივიდია, მაგრამ ყოველი არ არის პიროვნება. მასთან პიროვნების გაგება სპეციფიკურია, პიროვნება არის იქ, სადაც ადამიანი თავისუფალია, სადაც ადამიანს აქვს უნარი, განახორციელოს თავისი შინაგანი შესაძლებლობა, რომელიც თავისუფლებაში მდგომარეობს. თავისუფლება არის შესაძლებლობა, რომლის განხორციელების დროს ინდივიდი გარდაიქმნება პიროვნებად. კირკეგორი ასხვავებს ერთმანეთისგან თავისუფალ არსებობას, თავისუფლების განხორციელების ეტაპებს და შესატყვისად, ის ასხვავებს ადამიანის არსებობის 3 წესს. ესენია: ესთეტიკური, ეთიკური და რელიგიური.

სამივე ეს წესი, განსაკუთრებით ესთეტიკური და ეთიკური, საკმაოდ მკვეთრად გამოხატულია იბსენთან. ნაკლებადაა რელიგია-რწმენის მომენტი, შესაძლოა, ეს იბსენს არ ესაჭიროებოდა, როგორც შემოქმედს. მისთვის ძირითადი იყო ეთიკური პრობლემა. ესთეტიკური არსებობის წესი, უპირატესად ადამიანის პიროვნული არსებობის წინარე ისტორიაა. ესთეტიკური არსებობის საფეხურზე ის ჯერ კიდევ არ არის ნამდვილი, ჭეშმარიტი პიროვნება. ესთეტიკური არსებობის დროს, ადამიანი არ არის თავისუფალი, ის მოწყენილია და ამიტომ ეძებს გასართობს, ეძებს გზებს - როგორ დაამარცხოს მოწყენილობა. მისი აზრით, ადამიანის ორი მოცემულობა არსებობს: პირველი - ადამიანი არის მოწყენილობა. გაირთო შენი თავი ესთეტიკურად, ანუ ყველანაირად, რომანტიკული სიყვარულით, ფილმით, თამაშით… ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, ისწავლო გახსენების და დავიწყების ხელოვნება. ის ამას ეძახის მარცვლების თამაშს, ცვლის ხელოვნებას, ანუ ჯერ ერთ რაღაცას დათესავ, მერე მეორეს. ჯერ ერთ ქალს უხსნი დიდ სიყვარულს, შეაცდენ, მერე გბეზრდება და სხვასთან გაიქცევი. ეს ინდიფერენტული სიამოვნებებია, ამ თვალსაზრისით, ესთეტიკური არსებობის წესი არის თავისუფლების წინარე ისტორია. და შენც ხვდები, რომ ეს არ ხსნის შენი არსებობის დილემას. აბა რა ხსნის? რა, და დიდი ვნება. როდის არის ნამდვილი ვნება? მაშინ, როდესაც შენ აყენებ საკუთარ თავს არჩევანის დილემის წინაშე.

რას წარმოადგენს კირკეგორთან ესთეტიკური წესი? ის ეყრდნობა სიამოვნების პრინციპს, ეს არის ბუნებრივი პრინციპი. ბუნება გვაძლევს უნარს - ცხოვრებიდან მაქსიმალურად მივიღოთ სიამოვნება, დავტკბეთ ცხოვრებით. ამ საფეხურზე ადამიანი ხელმძღვანელობს ერთი ორიენტირით - ეს მსიამოვნებს, ეს არ მსიამოვნებს; ეს - მინდა, ეს - არ მინდა. ადამიანი შეიძლება დატკბეს საჭმლით, იყოს გურმანი; შეიძლება დატკბეს თავისი სილამაზით, დატკბეს ფიზიკური ღონით, ჯანმრთელობით, უნარით - იყოს რაღაც პროფესიის წარმომადგენელი.

ეთიკური არსებობა - არის პიროვნებად ჩამოყალიბებული ადამიანის თავისუფალი არჩევანი. ანუ ესთეტიკური ცხოვრება არ არის სწორად ცხოვრება. სწორად ცხოვრებაა, როცა რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებ შენს ცხოვრებაზე და თავს მიუძღვნი შენს არჩევანს, ვნებიანად მიუძღვნი. ნებისმიერი შეიძლება იყოს ეს არჩევანი, შეიძლება არასწორიც კი იყოს ის, მაგრამ მაინც გაახლოებს უსასრულობასთან. ეს ვნებიანი არჩევანი რაღაცნაირად წილნაყარია უსასრულობასთან. ანუმთავარი კირკეგორისთვის არა კეთილი და ბოროტია, როგორც ტრადიციულ ფილოსოფიაში, იქ ჩვენ გვიყურებენ როგორც რაციონალურ ცხოველებს, ანუ რას ნიშნავს ეს? ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ კეთილი ბოროტისგან. კირკეგორი არ ამბობს, რომ ჩვენ რაციონალური ცხოველები ვართ, ის ამბობს, რომ ჩვენ ნებელობითი ცხოველები ვართ - ანუ გადაწყვეტილების მიმღები არსებები. ამაშია ჩვენი უსასრულობა. ჩვენ უნდა დავიყენოთ ჩვენი თავი არჩევნის წინაშე - ან, ან. ეთიკური ადამიანი თავის თავს ქმნის. ადამიანი პროექტია თავის თავისთვის. ეს არ არის კირკეგორის ნათქვამი - შემდეგ ითქვა, მაგრამ სწორედ მან მიგვიყვანა აქამდე. ეს პროექტირება ეთიკური ადამიანისათვის უნდა იყოს რადიკალური და ვნებიანი. კირკეგორს ზღაპრები მოჰყავს მაგალითად. ცხრა ზღვა, ცხრა მთა გადაიარა, მიაგნო, მოიპოვა სიყვარული და შეუღლდნენ. აქ მთავრდება ზღაპარში ამბავი. ეთიკური ადამიანისთვის კი სწორედ აქ იწყება ყველაფერი. ეთიკური ადამიანი ხვდება, რომ რომანტიკულ სიყვარულში რაღაცა ღვთიური არსებობს. ეთიკურ ადამიანს შეუძლია ეს რომანტიკული სიყვარული გადაარჩინოს, მას შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში შეინარჩუნოს ის, რაც დასაწყისში ჰქონდა, ის ვნება გაახანგრძლივოს მარადისობამდე, როგორც ამის ფიცი დადო დასაწყისში. ამას სჭირდება ყოველდღიური შრომა, მოთმინება. პოეტურად ამის გამოხატვა თითქმის შეუძლებელია. პოეტურად გამოხატავ - დრაკონი როგორ დაამარცხე, როგორი კოცნა გქონდა პირველად, ან როგორ წვიმდა როცა შეგიყვარდა; მაგრამ პოეტურად გადმოსცე შენი ყოველდღიური შრომის და მოთმინების ამბავი, შენი მარადისობასთან შერწყმის გზა - წარმოუდგენელია. შენ გაქვს ამოცანა - მარადისობა გადაარჩინო დროში. ეს არის ჩუმი კონტინიუმი და მას ხომ ვერ გამოხატავ ერთ ლექსში ან მხატვრობაში. ლექსი და მხატვრობა გამოხატავს რაღაც ეფექტს, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც დროში გადაარჩენს მარადიულს. ასეთია ეთიკური ადამიანი და ასეთი ცხოვრება არის თავმიძღვნილი ცხოვრება. კირკეგორისთვის ადამიანობა არ არის მოცემულობა, მისთვის ადამიანობა არის ამოცანა. ანუ ჩვენ ადამიანებად არ ვიბადებით, ჩვენ ადამიანები ვხდებით. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდება შენი დამოკიდებულება მოცემულობასთან. ვთქვათ, დიდი სურვილი გაქვს გახდე პიანისტი, ნიჭიერიც ხარ, საშუალებაც გაქვს, პირობებიც ამისთვის და ნებისყოფაც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ისე მოიტეხე ორი თითი, რომ ატროფია დაგემართა და აი როგორ იქცევი შენ ამ დროს? და რა ხდება ამ დროს - შენ ახალი მოცემულობის წინაშე დგახარ და სწორედ აქ უნდა დაიბადოს შენი პიროვნება. მოცემულობასთან შენი დამოკიდებულება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ შენ როგორ მოექცევი ამ ახალ მოცემულობას, რა ურთიერთობა გექნება ამ ახალ ურთიერთობასთან (ანუ ვეღარ ხარ პიანისტი და ვეღარც აისრულებ შენს სურვილს. ანუ ახალი ურთიერთობაა სურვილსა და შესაძლებლობას შორის.) მაგრამ აქ მესამე უნდა დაიბადოს - შენი ურთიერთობა ამ ურთიერთობებთან. ამაში ვერავინ ჩაერევა, შენ როგორც გადაუწყვეტ შენ თავს, ისე იქნება. აი ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც მარტო შენზეა, ყალიბდება შენი თვითი, შენი გონისმიერი ასპექტი და არა სულისმიერი. ამ ასპექტში შენ უძლეველი ხარ, ვინაიდან გარემოებას არა აქვს ამაზე გავლენა.

კირკეგორს პატარა იგავი აქვს: ავედი ოლიმპოს მთაზეო და ღმერთებმა მკითხეს, რა გინდა რომ გიბოძოთო, პარისმა სიყვარული გვთხოვა… მე ასეთი რამ ვთხოვე - მომეცით უნარი, რომ ბოლოს სულ მე გავიცინომეთქი და ღმერთებმაც სიცილით მიბოძეს ბოლოს სიცილის ბედნიერება. რისი თქმა სურს ამით? პავლე მოციქულს აქვს: ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდესო, (ფილოსოფოსისა და თეატრმცოდნის - ელენე თოფურიძის სალექციო კურსი (ხელნაწერის უფლებით).ეს ნიშნავს, რომ იმპერატიული სიხარულით უნდა გიხაროდეს, რაც არ უნდა შეგემთხვას, როგორც არ უნდა დატრიალდეს ბედის ბორბალი, შენ მაინც უნდა აღმოაჩინო პრინციპი, რომ გიხაროდეს, ეს არის იმპერატიული სიხარული. ეთიკური ადამიანი ამ უსასრულობას ამოქმედებს, გადაარჩენს დროში მარადიულს, ან დროს გადაარჩენს მარადისობისთვის. რას იგებს ამით ეთიკური ადამიანი? აქ კირკეგორი კანტს ჰგავს, როგორც კანტთან, აქაც არაფერს გაძლევს კატეგორიული იმპერატივი, შენ ვალდებული ხარ, იგივე შეასრულო და შეასრულო. ისეთი ხასიათი ჩამოიყალიბო, რომ ეთიკური გადაწყვეტილებები სულ მიიღო და მიიღო. ხასიათი ყალიბდება, მეტი არაფერი, არაფერს არ იგებ გარდა იმისა, რომ შენს ხასიათს იყალიბებ. მაგრამ კირგეგორი ხედავს, გრძნობს, რომ ეს არ არის ადამიანის საბოლოო მდგომარეობა.

ეთიკური ადამიანი სულ განიცდის უკმაყოფილებას, კირკეგორი ამას სხვა ტერმინს უწოდებს. პირველი ხომ მოწყენილობა იყო, ახლა ის ამბობს, რომ ადამიანს თან სდევს სასოწარკვეთილება, რომელიც ახასიათებს ყველას, - რაღაცნაირი განწირულობა. სწორედ ეს გახლავთ ეთიკური ადამიანის არსებობა. მაშ სად ვეძებოთ გამოსავალი? - იკითხავს ადამიანი, ამაზე პასუხი კირკეგორისთვის რელიგიური არსებობის მესამე საფეხურია.

იხილე აგრეთვე

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები