ბალანჩივაძე ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია ბალანჩივაძე

ბალანჩივაძე ანდრია მელიტონის ძე - (19. V. 1906, პეტერბურგი, – 28. IV. 1992, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, სსრკ სახალხო არტისტი.

1927 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის ფორტეპიანოსა (ი. აისბერგის კლასი) და კომპოზიციის (მ. იპოლიტოვ-ივანოვის კლასი) განხრით. 1927-31 სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ა. ჟიტომირსკის (კომპოზიცია) და მ. იუდინას (ფორტეპიანო) ხელმძღვანელობით.

1931-იდან ბალანჩივაძე ინტენსიურ შემოქმედებით, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. 1931-34 კ. მარჯანიშვილის სახ. და მუშა-ახალგაზრდობის თეატრების სამუსიკო ნაწილის გამგე და კომპოზიტორია; 1937-იდან თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო კლასის ხელმძღვანელი (1940-იდან პროფესორი). 19 41-49 საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს. ბალანჩივაძე ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი მოწაფეები არიან: რ. ლაღიძე, ა. ჩიმაკაძე, ა. შავერზაშვილი, შ. მილორავა, ბ. კვერნაძე, ო. თევდორაძე, მ. დავითაშვილი და სხვ.

ბალანჩივაძე ავტორია პირველი ქართული ბალეტისა „მთების გული“ (1936 რომელიც დაიდგა სსრკ მრავალი თეატრის სცენაზე). მასვე ეკუთვნის ბალეტები: „ცხოვრების ფურცლები“ (1961 დაიდგა სსრკ დიდ თეატრში) და „მწირი“ (1964). ოპერები „მზია“ და „ოქროს ქორწილი“. ბალანჩივაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული სიმფონიური (5 სიმფონია) და საფორტეპიანო მუსიკის განვითარებაში. ფართოდ აღიარებულია მისი პირველი სიმფონია (1944), პოპულარულია III საფორტეპიანო კონცერტი (1952). აღსანიშნავია აგრეთვე ბალანჩივაძის საფორტეპიანო პიესები: „ცეკვა“, „ხორუმი“, „ბალადა“, „ნოქტიურნი“, „სამაია“, სიმფონიური სერათები „რიწის ტბა“, „კრწანისის ბრძოლა“. კომპოზიტორმა მუსიკალურად გააფორმა რუსთაველის სახ. თეატრში 30-ზე მეტი სპექტაკლი.

ბალანჩივაძე ორგზის იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, 1947), ხოლო რუსთაველის სახ. პრემია მას მიენიჭა IV საფორტეპიანო კონცერტისათვის (1969). (ა. წულუკიძე.)


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილეთ აგრეთვე

ანდრია ბალანჩივაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები