ელინიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელინიზმი – ტერმინით „ელინიზმი“ აღინიშნება პერიოდი, რომელიც იწყება ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის წარმოქმნიდან (ძვ. წ. 334-324 წწ.) და მთავრდება ძვ.წ. I საუკუნეში, რომაელთა მიერ უკანასკნელი დიდი ელინისტური სახელმწიფოს, ეგვიპტის დაპყრობით. ბერძნულიდან წარმომდგარი ტერმინი მეცნიერებაში პირველად დაამკვიდრა XIX საუკუნეში მოღვაწე გერმანელმა მეცნიერმა ი. დროიზენმა. ელინიზმით აღინიშნება გარკვეული ეპოქა (ძვ. წ. IV ს. 30-იანი წლები – I ს.) მთელი თავისი სოციალურპოლიტიკური, ისტორიული კატაკლიზმებითა და კულტურით.

ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შედეგად, შეიქმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს უდიდეს ნაწილს მოიცავდა; მაკედონია-საბერძნეთიდან მოყოლებული, ცენტრალური აზიის ჩათვლით. მაკედონელის მიზანს ერთიან სოციალურ-პოლიტიკური და კულტურულ სივრცედ ქცეული მსოფლიო იმპერიის შექმნა წარმოადგენდა. ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე ბერძნული ენა დომინირებდა. ელინისტურ სახელმწიფოებში შექმნილ დიდ ფილოლოგიურ ცენტრებში კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და განსაკუთრებული ინტენსივობით ბერძნული ლიტერატურის პოპულარიზაცია მიმდინარეობდა.

ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ იმპერია დაიშალა, მაგრამ მყარი და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა თავად ელინისტური კულტურა (ამ სიტყვის ფართო გაგებით). არა მხოლოდ ბერძნულმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ, არამედ სახელმწიფო და სამართლებრივმა ნორმებმა დიდი გავლენა მოახდინეს აღმოსავლეთის ქვეყნებზე. თითქმის ყველა ელინისტურ სახელმწიფოში აარსებენ პოლისებს ან ძველ საქალაქო ცენტრებს ანიჭებენ პოლისის სტატუსს. ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ქალაქები დიდ სამეურნეო და კულტურულ ცენტრებად იქცნენ. ბერძნული ენის ატიკური დიალექტის საფუძველზე აღმოცენებული ახალი ნაირსახეობა საფუძვლად დაედო მთელ ელინისტურ ლიტერატურას. გარკვეული თვალსაზრისით. ცვლილება განიცადა ელინისტური ეპოქის ადამიანის ცნობიერებამაც. სულ უფრო აქტუალური ხდებოდა სამყაროს მოქალაქეობის, კოსმოპოლიტიზმის იდეა, რომელიც ადამიანის მიერ თავის არა მხოლოდ საკუთარი ეთნოსის, არამედ კაცობრიობის ნაწილად აღქმას ეფუძნებოდა. კოსმოპოლიტურ იდეებში ყურადღება ექცევა იმას, რაც ყველა ადამიანს, მისი ეთნიკური წარმომავლობისა და სარწმუნოებისგან განურჩევლად, აერთიანებს; იქნება ეს ყოველდღიური ცხოვრების მდინარება თუ მარადიული გრძნობები, მისწრაფებები და სატკივარი.

ელინისტური ჰუმანისტური პათოსი ისეთი ადამიანის აღზრდისკენ იყო მიმართული, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუთხის ინტერესები არ აღელვებს, რომელიც ღიაა სამყაროს მიმართ და ყოველგვარი იერარქიული დოგმების გარეშე აღიქვამს სხვას. ბერძნულისა და აღმოსავლურის გარკვეული სინთეზით გამორჩეული, თავად ელინისტური კულტურა ყოველგვარი კარჩაკეტილობის საპირისპირო მოვლენას წარმოადგენდა.

ელინისტური კულტურის წამყვან ცენტრებად ჩამოყალიბდა ეგვიპტეში – ალექსანდრია, მცირე აზიაში – პერგამონი, სირიაში – ანტიოქია, სიცილიაში – სირაკუზა, საბერძნეთში – ათენი. ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციების ურთიერთგავლენა მკვეთრად გამოვლინდა ახალი კულტურის სინკრეტიზმში, უპირველესად კი ელინისტური ხანის რელიგიებსა და მითო-რელიგიურ არქეტიპებში. სინკრეტიზმი აერთიანებს ბერძნულ და აღმოსავლურ რელიგიურ წარმოდგენებს და მძაფრად ავლენს ერთიან არქეტიპტთა მომცველ ღვთაებათა იგივეობის განცდას. სინკრეტულ რელიგიურ კულტურაში ეგვიპტური ღვთაება ისიდა იგივდება ბერძნულ დემეტრასთან, აფროდიტესა და არტემიდესთან. ოსირისი კი – დიონისესთან. ფართოდ გავრცელდა ბერძნულ-ეგვიპტური ღვთაებას სერაპისის, ქვეყნის მეუფისა და განმკურნებლის კულტი. ელინისტურ რელიგიურ აზროვნებაში ასევე დამკვიდრდა მცირეაზიელთა დიდი დედის – კიბელეს კულტი. ასევე დამკვიდრდა ცოცხალ მეფეთა და დედოფალთა, როგორც ღვთაებრივ წყვილთა თაყვანისცემა.

ელინისტური კულტურისა და განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად ალექსანდრიაში, დიდებულ სასახლეში განლაგებული მუზეუმი და ბიბლიოთეკა იქცა. მუზეუმის სასახლის დარბაზებსა და ბაღებში ლექციებს კითხულობდნენ საგანგებოდ მოწვეული მეცნიერები. მუზეუმისვე უმდიდრეს ბიბლიოთეკაში თავმოყრილი იყო მთელი იმხანად არსებული ლიტერატურული მემკვიდრეობა, ჩვ. წ. III საუკუნეში ალექსადრიულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა ნახევარ მილიონზე მეტი გრაგნილი, პაპირუსის მწარმოებელი ეგვიპტე წიგნების საგამომცემლო წარმოების ცენტრადვე იქცა. უკვე ჩვ. წ. II საუკუნეში საბერძნეთში, კერძოდ პერგამოსში, შეიქმნა მეორე უდიდესი ბიბლიოთეკა, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა სამეცნიერო მუშაობა; როგორც ბიბლიოგრაფიის შედგენა, ასევე ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა, კომენტირება, რეცენზირება, ავტორისეულ ორიგინალურ ტექსტთა დადგენა და გამიჯვნა არაავტორისეული ტექსტების დანამატისგან. ძალზე რთული და შრომატევადი აღმოჩნდა ჰომეროსისეული ეპოსის შესწავლა და ეპოსის ტექსტში ავტორისეული ნაწილის დადგენა. თუმცა, ამ მხრივ, ერთიანი აზრი მეცნიერებს შორის არც თანამედროვე ეპოქაში არსებობს, მაგრამ წარსულის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლის თვალსაზრისით, ელინისტურმა ფილოლოგიურმა მეცნიერებამ უდიდესი როლი ითამაშა.

ელინისტური ეპოქის კულტურის ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად მოვლენას თეატრი წარმოადგენდა, სადაც ძალზე თვალნათლივ გამოვლინდა ეპოქალური მსოფლაღქმის თავისებურებები; განსაკუთრებული ინტერესი ინდივიდისადმი, მისი ყოველდღიური ცხოვრებისა და პრობლემებისადმი, მისი პირადი გრძნობებისა და განცდებისადმი; ასევე გაიზარდა ადამიანის ღირებულების განცდა მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, სქესისა თუ სოციალური სტატუსისგან განურჩევლად.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები