თვლის ოცობითი სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 21 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვლის ოცობითი სისტემა – ახ. წელთაღრიცხვის VI-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება მაიას ტომის ინდიელების კულტურის აყვავება. ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკის ყურის იუკატანის ნახევარ კუნძულზე. მაიას ხალხებს ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ს-ში ჰქონდათ რიცხვის ჩაწერის ორი სისტემა:

1) ეგვიპტური სისტემის მსგავსი სისტემა (რომელსაც იყენებდნენ ყოველდღიურ საქმიანობაში) და
2) პოზიციური აბსოლუტური სისტემა, რომელსაც უპირატესად იყენებდნენ კალენდარული დღეების გამოსათვლელად.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ სისტემაში ნულის არსებობა, რომლის სიმბოლოდაც გამოსახული იყო ნიჟარა. ე.ი. მაიას ხალხს გაცილებით ადრე ჰქონდათ ნულის ცნება და მისი სიმბოლო. მათი თვლის სისტემა იყო ოცობითი, სისტემის ფუძე – 20; თუმცა არსებობდა ხუთობითი სისტემის ძლიერი კვალიც;

თავიანთი ციფრების ჩასაწერად მაიას ტომის ინდიელები, ბაბილონელების მსგავსად, შეკრების პრინციპს იყენებდნენ.

რიცხვებს მაიას ტომის ინდიელები წერდნენ სვეტში და არა სტრიქონში (პწკარში). თავიანთ კალენდარულ და ქრონოლოგიურ გამოთვლებში მაიას ხალხი მოქმედებდა საკმაოდ დიდ რიცხვებზე და დიდი სიზუსტითაც. მაღალ დონეზე იყო განვითარებული მედიცინა, განსაკუთრებით ასტრონომია. ჰქონდათ ქვის უზარმაზარი სასახლეები და ტაძრები, რომელთაგან ზოგიერთში ობსერვატორია იყო მოწყობილი. მათი კალენდარული წელიწადი მხოლოდ 0,0002 დღე-ღამით მოკლე იყო ასტრონომიული წელიწადის ხანგრძლივობაზე (365,2422 დღე-ღამე).

მაიას ტომის მაღალ ცივილიზაციაზე მიუთითებს დროის რთული და ზუსტი გამოთვლები, რაც მყარი მათემატიკური ცოდნის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

თვლის ოცობითი სისტემა ჰქონდათ აგრეთვე კელტებსაც, რომლებიც დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდნენ ძვ. წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულიდან. კელტების ოცობითი სისტემის ზოგიერთი კვალი დღესაც შემორჩენილია თანამედროვე ფრანგულ ენაში: მაგალითად, „ოთხმოცი“ ფრანგულად იქნება „quatre-vingts“, ე.ი. სიტყვა-სიტყვით „ოთხი ოცი“.

90 = quatre-vingts – dix = ოთხი ოცი და ათი,
91 = quatre-vingts – onze = ოთხი ოცი და თერთმეტი, და ა.შ.

ვიქტორ ჰიუგოს ცნობილ რომანს „93 წელი“ ასეთი სათაური აქვს: „Quatre – vingts - treize“ – „ოთხი ოცი და ცამეტი“.

რიცხვი 20 გვხვდება ფრანგული ფულის სისტემაშიც: ძირითადი ფულის ერთეული – ფრანკი – იყოფა 20 სუდ.

ინგლისურ ენაში სიტყვას „score“ აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა (ჭდე, ნიშნული, თამაშში ქულათა ანგარიში, წარმატება და სხვ.), მათ შორის რიცხვითი სახელიც: score = ოცი, three score = სამი ოცი = 60, four score = ოთხი ოცი = 80 და ა. შ.

თვლის ოცობითი სისტემის კვალი არსებობს ჩუქჩებთანაც, რომლებიც ირმებს ოცობით ითვლიან.

ნორვეგიაში პარლამენტის სპეციალური კანონით სკოლებში და ყველა ოფიციალურ მაუწყებლობაში გაუქმდა რიცხვის ასეთი სისტემით ჩაწერა; თუმცა გერმანიაში ასეთ სისტემას კვლავ იყენებენ; ეს კი იწვევს მრავალ უხერხულობას და შეცდომას რიცხვების გამოყენებისას (თუნდაც ტელეფონის ნომრების აკრეფისას).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვლის ოცობითი სისტემის ნიშნების კვალი ზეპირ ქართულ რიცხვით სახელებშიც არის შემორჩენილი. მაგალითად, „ორმოცი“, „სამოცი“, „ოთხმოცი“, „ოთხმოცდაათი“ ნიშნავს „ორი ოცი“, „სამი ოცი“, „ოთხი ოცი“, „ოთხი ოცი და ათი“.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები