თომაძე მაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:32, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაია თომაძე

თომაძე მაია პეტრეს ასული - (26. VI. 1954, თბილისი, – 18. XII. 1994, იქვე), ქართველი მომღერალი (სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი, (1987), ბარსელონის ფრანსისკო ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1987, გრანპრი და ოქროს მედალი). საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, თბილისის სამგორის №20 საარჩევნო ოლქი, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიასთან არსებული მუსიკის ქვეკომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1976 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ამავე წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1980-83 თომაძემ სტაჟირება გაიარა სსრკ დიდ თეატრში. 1983-იდან კვლა თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი იყო. წარმატებით ასრულებდა სოპრანოს ყველა წამყვან პარტიას ქართულ და საზღვარგარეთულ ოპერებში, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ეთერის პარტია (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), იგი აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო როლად (1977, 1987), თამარი (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), სილვანა (გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“), იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“), დონა ანა (ვ. ა. მოცარტის „დონ ჯოვანი“), აიდა, ელისაბედი (ჯ. ვერდის „აიდა“, „დონ კარლოსი“), ფატა მორგანა (ს. პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარული“) და სხვ.

თომაძეს ჰქონდა იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა. 1992-იდან სამუშაოდ გადავიდა ფინეთში, ქ. ჰელსინკიში. გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან. „გედის სიმღერად“ იქცა თომაძის მიერ შესრულებული ეთერის პარტია ბათუმის საოპერო თეატრის სცენაზე (1994).



იხილე აგრეთვე

მაია თომაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები