ბიულოვი ჰანს გვიდო ფონ
ბიულოვი ჰანს გვიდო ფონ - გერმ. Hans Guido von Bülow (8. I. 1830, დრეზდენი, – 12. II. 1894, კაირო), გერმანელი პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი, მუსიკალური მწერალი. ფ. ვიკისა და ფ. ლისტის (ფორტეპიანო) და მ. ჰაუპტმანის (კომპოზიცია) მოწაფე.
სადირიჟორო მოღვაწეობას ეწეოდა 1850-იდან. 1864-69 ცხოვრობდა მიუნხენში. დირიჟორობდა რ. ვაგნერის ოპერების „ტრისტან და იზოლდას“ (1865) და „ნიურნბერგელი მაისტერზინგერების“ (1868) პრემიერებს მიუნხენში. 1874-76 გასტროლები გამართა, როგორც პიანისტმა და დირიჟორმა, ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში. 1877-93 მუშაობდა ჰანოვერის, მაინინგენის, ჰამბურგის, ბერლინის სიმფონიურ ორკესტრებთან.
ბიულოვის ხელოვნება მაღალი მხატვრული კულტურითა და ოსტატობით გამოირჩევა. იგი თანამედროვე სადირიჟორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია (ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ზეპირად დირიჟორობა). მის ვრცელ რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ი. ბრამსის ნაწარმოებებს. ფართო აღიარება მოიპოვა მისმა პიანისტურმა მოღვაწეობამაც (განსაკუთრებით ლ. ბეთჰოვენის გვიანდელი სონატების შესრულებამ). ბიულოვს ეძღვნება პ. ჩაიკოვსკის I საფორტეპიანო კონცერტი.