გაბუნია ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 31 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია

გაბუნია ალექსანდრე – (26. 10. 1880, ქ. თბილისი, 08. 03. 1969, იქვე) პროტოპრესვიტერი.

დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. 1888-1897 წწ. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, რომელიც არ დაუმთავრებია. 1893-1899 წწ. თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო. 1899 წ. 26 თებერვალს სოფელ სალიანის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1900 წ. 19 მაისს ყარსის მაზრაში ღვთისმშობლის საფარველის ტაძარშია. 1901 წ. 14 დეკემბერს დაბა ნუხის სამი მღვდელმთავრის ტაძარში გადაიყვანეს და დიაკვნად აკურთხეს. 1902 წ. 1 მაისს ქ. ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში განამწესეს დიაკვნად. 1906 წ. 23 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და განჯის მაზრაში, დაბა გოლიცინის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვრად და სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო რჯულის პედაგოგად დანიშნეს. 1908 წ. 12 მარტს სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრე გაბუნია სოფელ პატარა ლილოს წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. 1909 წ. საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წ. 25 ოქტომბერს სკუფია უბოძეს.

1914-1918 წწ., მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ფრონტზე №484 საველე ჰოსპიტალში სამხედრო კაპელანად მსახურობდა. ომის მსვლელობისას თავდადებული სამსახურისთვის წმ. ანას II და წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენები, ხოლო 1917 წ. 6 იანვარს გამშვენებული ჯვარი უბოძეს. 1918 წ. მაისში კვლავ საქართველოში დაბრუნდა და სოფელ პატარა ლილოს ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გამგე-მასწავლებლად დაინიშნა. 1920 წ. მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძრის მღვდელმსახურია. 1920 წ. ალექსანდრე გაბუნია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატის სტატუსით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლ. კრებას ესწრებოდა. 1922 წ. იანვარ-თებერვალში თბილისის კუკიის წმ. ნინოს ტაძრის მღვდელმსახური იყო, ხოლო 1922 წ. 15 თებერვალს ისევ სოფელ პატარა ლილოს სამრევლოში დააბრუნეს.

1923 წ. 30 ნოემბერს უარი თქვა მღვდელმსახურებაზე, ანაფორა გაიხადა და 1924 წ. 6 იანვარს სოფ. პატარა ლილოს სკოლაში გამგის მოადგილედ და მასწავლებლად დაინიშნა. 1924 წ. ოქტომბერში თბილისის №29 სკოლაში საქმის მწარმოებელი იყო. 1929-1939 წწ. თბილისის №2 საშ. სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. პარალელურად, 1931 წ. 1 ოქტომბრიდან, ალექსანდრე გაბუნია მუშათა განათლების კომბინატში მოლარე-მოანგარიშე, ხოლო 1932 წ. 29 ნოემბრიდან თბილისის ქართულ პედაგოგიურ სასწავლებელში მოლარე-ინკასატორი იყო. 1939 წ. 16 ივნისს მოლარედ დაინიშნა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1941 წ. 28 აგვისტოდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მოლარეა.

1944 წ. 17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე), პირადი თხოვნის საფუძველზე, მღვდლის ხარისხში აღადგინა და მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1947 წ. 3 აპრილს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაიყვანეს. 1948 წლიდან საპატრიარქოს სამეურნეო ნაწილის გამგეობა ჩააბარეს და დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1950 წ. 6 დეკემბერს მეორე გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1951 წ. 31 იანვარს სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინეს. 1952 წ. 13 აპრილს ენქერი და მიტრა უბოძეს. 1955 წ. იანვარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) პროტოპრესვიტერის პატივი უბოძა. 1963 წ. 28 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ წმ. გიორგის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1967 წლიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, ასაკისა და ავადმყოფობის გამო, პენსიაზე გავიდა. ალექსანდრე გაბუნია დაკრძალულია თბილისის ვაკის სასაფლაოზე.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • სუიცა, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე №17; ფ. 1880, აღწერა 4, საქმე №25;
  • პროტოპრესვიტერ ალექსანდრე გაბუნიას საოჯახო არქივი;
  • журн.«Духовный Вестник Грузинского Экзархата»,1899,№7-8; 1900, №14-15; 1902, №1; №11; 1906,№6;
  • журн. «Вестник Грузинского Экзархата», 1914, №20.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები