თაგალი
თაგალი – გვირისტი. ხელით კერვის სახე, უკუგდებული კერვა და ამოხვევა. ამგვარ ნაკერს ზოგჯერ „გაღმა-გამოღმა ნაკერსაც” უწოდებდნენ. შეკერვამდე დალამბვა – „გაცუდვა” ხდებოდა. საერთოდ, ხელით კერვის პროცესში თაგალი – უკუგდებული კერვა და ამოხვევა გამოცდილებასა და ჭრა-კერვაში დიდ დახელოვნებას მოითხოვდა.
აჭარაში ჭრა-კერვა ძირითადად ოჯახებში მიმდინარეობდა. ადრე ტანსაცმელს ხელით კერავდნენ. ოჯახის ქალებს შორის საქმე განაწილებული იყო. თუ ერთი მათგანი ჩეჩავდა ანდა ნართს ართავდა, მეორე – კერავდა, მესამე – მიწის სამუშაოს ასრულებდა. გოგონების მიერ, რომელნიც სწავლას 10-12 წლის ასაკიდან იწყებდნენ, ჭრა-კერვის რთული ხელობის დაუფლება ოჯახის უფროსი ქალის ზედამხედველობით მიმდინარეობდა. მეზობლებისა და ნათესავების ტანსაცმელს უფასოდ კერავდნენ. ზოგჯერ პროდუქტებისა და შრომითი ანაზღაურების სახით საზღაურსაც იღებდნენ. მაგალითად ფორკა-კაბის ანდა ჩოხა-შალის საფასურს ხვნა-თესვაში თუ სათიბში, ძაფის დართვაში, ქსოვაში ერთი დღის დახმარებით ანაზღაურებდნენ. ჭრა-კერვა ყველა დღეს არ შეიძლებოდა. ამისათვის საუკეთესო დღეები ორშაბათი, ხუთშაბათი და კვირა იყო. ყურადღება მთვარის ფაზების გათვალისწინებას ექცეოდა: „დალეულ მთვარეზე ქსოვილის დაჭრა ცუდის მომასწავებელი იყო”. მსგავსი აკრძალვები საქართველოს სხვა კუთხეშიც, მაგალითად სვანეთსა და ფშავშიც არსებობდა.