ჩხორთოლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩხორთოლის ეკლესია

ჩხორთოლის ეკლესია - მდებარეობს სოფელ ჩხორთოლის ჩრდილო-დასავლეთით, ცენტრიდან 5 კმ-ის მანძილზე, მდ. ოხოჯეს შენაკად ჯუხუს სიღრმეში, მდინარის მარცხენა მხარეზე, დამრეცი ფერდის მცირე გავაკებაზე. ეკლესია ფუნქციონირებდა XVI საუკუნემდე, შავიზღვისპირეთში თურქების გაბატონებამდე.

ჩხორთოლის დარბაზული ეკლესია გარდამავალი ხანის ძეგლია. როგორც ამ დროის ძეგლებს შეეფერებათ, იგი მოკლებულია ქანდაკებასა და ჩუქურთმას. ეს დარბაზული ეკლესია გარდამავალი ხანისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ძიებებით მიგნებულ თავისებურ ნიშნებს ატარებს და ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ნიშანდობლივი თემის მიმართ შემოქმედებითი მიდგომისა და გადამუშავების შედეგს წარმოადგენს. იგი ორგანულადაა დაკავშირებული ქართული ხუროთმოძღვრების ევოლუციასთან, ზუსტადაა ჩაწერილი ქართული ეროვნული საეკლესიო ხუროთმოძღვრების საერთო ხაზში და გამოხატავს ერთიან შემოქმედებით ძიებასა და მიმართულებას, რითაც სათანადო ადგილს იკავებს ქართული კულტურის, კერძოდ, საკულტო არქიტექტურის გავრცელების დასადგენად აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.

ჩხორთოლის ეკლესია გვიჩვენებს, რომ საქართველოს გაერთიანებამდე დასავლეთ საქართველოში აშენებენ აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელ მხატვრულ მისწრაფებათა გავრცელების მაჩვენებელ საკულტო ნაგებობას, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უსწრებდა კულტურული და ეკლესიური ერთიანობა. ჩხორთოლის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია IX-X საუკუნეების მიჯნის მხარის ხუროთმოძღვრების ტიპური ნიმუშია.

ჩხორთოლის ეკლესიის ნანგრევი ხეებით, ბუჩქებითა და კოლხეთისათვის დამახასიათებელი გაუვალი ეკალ-ბარდით იყო დაფარული. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ძეგლი, რომელიც არცთუ ისე შორსაა დასახლებული პუნქტიდან, მკვლევართა თვალთახედვის მიღმა იყო დარჩენილი. ძეგლზე მცენარეული საფარის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა მიწის ზედაპირზე შემორჩენილი ეკლესიის ეზოს შემომფარგვლელი წრიული კონფიგურაციის მშრალად ნაწყობი ქვის გალავნის ფრაგმენტები, გალავნის აღმოსავლეთ კედელთან მიახლოებულია ეკლესიის ჩრდილო კედლის ნანგრევი და გალავნის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით, ქვის უზარმაზარ მონოლითზე ნაგები ოთხკუთხა კოშკის ნაშთები.

ეკლესიის ნანგრევზე ასეულ წლობით მცენარეთა ლპობისა და დანგრეული კედლებისაგან მიღებული 1 მ-დან 3,5 მ-მდე სიმძლავრის „ფენის“ მოხსნის შემდეგ გამოვლინდა ოთხკუთხა ნაგებობის მიწისქვეშ მოქცეული სხვადასხვა სიმაღლის კედლების ფრაგმენტები. გამოიკვეთა სამნაწილიანი ეკლესიის გეგმა, რომლის ცენტრალური სათავსო (12X8 მ) გარედან სწორკუთხა მოყვანილობისაა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში საკმაოდ ძლიერი მხრებით, ფართო, ნალისებური აბსიდითაა გამოყოფილი. კომპოზიციური სქემითა და ხუროთმოძღვრული ნიშნებით ჩხორთოლის დარბაზული ეკლესია ანალოგიებს პოულობს ილორის (XI ს.), ლაშქენდარის (X-XIსს.) და აჩანუას ეკლესიებთან. შუა საუკუნეების ანალოგიური კომპოზიციების მქონე დარბაზული ეკლესიები საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება. ჩხორთოლის ეკლესიის სიგანის თანაფარდობა სიმაღლესთან (შემორჩენილი ჩრდილო კედლის სიმაღლის მიხედვით) გვაგრძნობინებს სივრცის მშვიდ და ჰარმონიულ აზიდულობას ზეცისკენ.

ბიბლიოგრაფია

  1. ჩხორთოლის ეკლესია //ხვისტანი რ. მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.-თბ.,2009.-გვ.13-24. ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე. სოფ. ჩხორთოლის მდებარეობა, სახელის წარმოშობა, სამნაწილიანი ეკლესიის ნაშთების აღწერილობა; სამშენებლო პერიოდები მასალის, სამშენებლო ტექნიკისა და კომპოზოციური სქემის მიხედვით, შედარება ერედვის, კუსირეთის, დისევის ეკლესიებთან. მოხსენიებულნი არიან: ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი, ნ. შონია. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (ტაბ.III).
  2. ხვისტანი რ. ჩხორთოლის ეკლესია //აფხაზეთის არქეოლოგიური ძეგლები და პრობლემები.-2006.-ტ.1.-გვ.128-132. რეზ. ინგლ. ენაზე.
  3. ხვისტანი რ. ჩხორთოლი//ენგურ-მოქვისწყალის აუზის (აფხაზეთი)ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები.-თბ.,2015.-გვ. 40-49.

წყარო

ნონა შონია „იცნობდეთ ჩვენიკუთხის კულტურულ მემკვიდრეობას“,- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №30,-2015 წლის მარტი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები