ზამთრის წითელი კალვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის წითელი კალვილი

ზამთრის წითელი კალვილი(Calville rouge d’hiver, Rother Winter Erdbeerappel). ვაშლის ჯიში.

ზამთრის წითელი კალვილი სხვა წითელ კალვილებთან შედარებით ნაკლებად გავრცელებული ჯიშია საქართველოში. უფრო ხშირად ვხვდებით მას ქართლისა და ახალციხის მეხილეობის რაიონებში. საქართველოს სხვა რაიონებში ზამთრის წითელ კალვილს იშვიათად თუ შევხვდებით. ზამთრის წითელი კალვილის უპირატესობა, მის მონათესავე წითელი კალვილის ჯიშებთან შედარებით ისაა, რომ მისი ნაყოფი უფრო მსხვილია და უფრო ლამაზი მოყვანილობისაა. მოხმარების სიმწიფე გვიან შემოდგომაზე უდგება და საწყობში შენარჩუნებით გაზაფხულამდე ინახება.

ახალ ნარგავებში მას ქართლის ზოგიერთ მეხილეობის რაიონში 3–5% ფართობს უთმობენ.

ზამთრის წითელი კალვილი უფრო კარგად გვარობს მაღალ ზონაში, ვიდრე დაბალ ზონაში, კარგად ეგუება ნახევრადმძიმე ნიადაგებს; მოითხოვს ზომიერ ტენიანობას ნიადაგში. მშრალი ჰავისა და ნიადაგის პირობებში ვერ გვარობს. განსაკუთრებით კარგი ხარისხის ნაყოფს იძლევა ზემო ქართლში (მერეთში) და სამხრეთ–ოსეთში (თამარაშენში).

მაღალი ხარისხის ნაყოფის მისაღებად საჭიროა ზამთრის წითელი კალვილი გაშენებული იქნეს ნაყოფიერ, კარგი აგებულების მქონე ნიადაგებში.

ყვავილი წვრილი აქვს, მოწითალო–ვარდისფერი გვირგვინის ფურცლებით. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, მსხვილი. ნაყოფის ფორმა და გარეგნობა მეტად ლამაზია. წახნაგიანობა ახასიათებს, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორც შემოდგომის წითელი კალვილის ნაყოფს. ნაყოფი მტკიცედაა მიმაგრებული სანაყოფე ტოტებზე და ქარისგან ადვილად არ სცვივა.

განსაკუთრებული უხვი კვებისა და ჭარბი რწყვის პირობებში ნაყოფი მეტად მსხვილი იზრდება და ასეთი ნაყოფის გამძლეობა მეტად მცირდება. ამასთანავე მალე ფუყდება, ფაშარი ხდება და ქაშდება.

ჯამი დახურული ან ნახევრად დახურული აქვს. ნაყოფის ყუნწი წვრილი და გრძელია და ღრმა ღრუში ზის.

ნაყოფის კანი თხელია, მომწვანო–მოყვითალო ძირითადი ფერით. საფარი ფერი კი ალუბლისფერ–წითელია. განსაკუთრებით მუქი წითელი შეფერვა აქვს მზის მხარეზე. ჩრდილში გაზრდილ ნაყოფს შიგადაშიგ მისდევს მომწვანო ზოლები.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო მოთეთრო ფერისაა, საკმაოდ ფხვიერი, ტკბილი და სასიამოვნო მარწყვისებრი სურნელებით, ხე ზომიერი ზრდისაა, ინვითარებს საშუალო სიდიდის ვარჯს, რომელიც განიერბირთვისებრი მოყვანილობისაა. საშუალო მოსავლიანი ჯიშია, ადრე შედის მსხმოიარობაში და კარგი ჰავისა და კვების პირობებში რეგულარულად ისხამს, სცოცხლობს საკმაოდ კარგა ხანს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები