კანალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანალიზაცია − (ფრანგ. canalisation < ლათ. canalis არხი), ინფრასტრუქტურა (გვირაბი, არხი, დრენაჟი, მილი, წყალშემკრები, სატუმბო სადგური, შტორმული გადასასვლელი, მაეკრანირებელი კამერა, ჭა, ლუკი და ა.შ.), რომელიც ატარებს ზედაპირულ (წვიმის წყალი, ნიაღვარი, ლხობილი წყალი), ჩამდინარე წყლებს და ფეკალურ მასებს, ძირითადად, მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემით, რომელიც მთავრდება დაბინძურებული წყლის გამწმენდი ნაგებობით ან გარემომცველ გარემოში გადაგდებით. ის თანამედროვე ნებისმიერი დასახლებული პუნქტის აუცილებელი ნაწილია. დანიშნულებისა და მდებარეობის მიხედვით არსებობს: შიგა (საბინაო), გარე (ქუჩის) და გამწმენდი სისტემა; ჩანადენის სახეობის მიხედვით: სამეურნეო-ფეკალური (საყოფაცხოვრებო), წვიმის წყლის და საწარმოო. შენობის შიგა კანალიზაციას, როგორც წესი, აქვს შემდეგი ელემენტები:

1) წყალმიმღები ხელსაწყოები (ნიჟარა, აბაზანა, უნიტაზი, პისუარი, ბიდე, ტრაპი, საშხაპე კაბინა, წყალსაგროვებელი ძაბრი, საწარმოო მოწყობილობები); 2) მილსადენების სისტემა (სავენტილაციო დგარები, მიმყვანები და კოლექტორები ანუ ჰორიზონტალური მილსადენები, მილდგარი ანუ ვერტიკალური მილსადენი, საწმენდი, გამოსაშვები, დასაგმანავი არმატურა გამოსაშვებებზე, ბგერაიზოლაცია); 3) დამატებითი ელემენტები (ჩანადენის მიტუმბვის სისტემა, გაწმენდის ლოკალური სისტემები).

გარე კანალიზაციის ქსელი, როგორც წესი, მუშაობს თვითდინებით; მისი სახეებია: საერთო წყალსაზიდი, განცალკევებული, ნახევრადგანცალკევებული; შიგაეზოს ქსელი, საგზაო ქსელი და კოლექტორები. გარე კანალიზაციის ქსელი შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: მილსადენები, ჭები, სატუმბი სადგურები, ლოკალური გამწმენდი ნაგებობები, სეპტიკები და გადასაშვებები წყალშემკრებში. საკანალიზაციო მილსადენებში, ძირითადად, გამოიყენება თუჯის, პლასტმასის (პოლიეთილენი, პოლიპროპილენი, პოლივინილქლორიდი), მინაპლასტიკისა და რკინაბეტონის, იშვიათად კი მინის, ხის, კერამიკული და ფოლადის მილები. სხვადასხვა დანიშნულების ჭების მოსაწყობად კი – პლასტმასის ან რკინაბეტონის კონსტრუქციები. არქეოლოგურად დადასტურებული ყველაზე ძველი კანალიზაციის სისტემა ჰქონდა ინდის ცივილიზაციას, კერძოდ ჩვ. წ. 2600 წელს არსებულ ქ. მოხენჯო-დაროში, აღმოჩნდა საზოგადოებრივი ტუალეტები და საქალაქო კანალიზაციის სისტემა. საკანალიზაციო სისტემები აგრეთვე აღმოჩნდა ანტიკურ რომში, ძველ ბაბილონში, ძველ ჩინეთსა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები