ფოლადის არმატურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 6 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოლადის არმატურა

ფოლადის არმატურა − ფოლადის ღერო ან ბადე ფოლადის მავთულებისგან, რომელიც გამოიყენება დასაარმირებელ მასალად რკინაბეტონისა და არმოქვის კონსტრუქციებში. ფოლადის არმატურა ზედაპირი უმეტესად დაპროფილებულია არმატურის ბეტონთან შეჭიდულობის ხარისხის გაზრდის მიზნით. ბეტონის გამაგრების საწყის ეტაპზე არმატურა ხელს უწყობს კონსტრუქციის პირველად მდგრადობას (ქმნის მოცულობით ხისტ კარკასს), ხოლო შემდეგ ერთვება მუშაობაში, თავის თავზე იღებს დატვირთვებისგან კონსტრუქციაში აღძრულ გამჭიმავ ძალებს, ეწინააღმდეგება ბზარების გაჩენასა და ქმნის დატვირთვების მოდების წერტილებში წინაღობისა და სიხისტის ლოკალურ უბნებს. არმოქვის კონსტრუქციებში არმატურით ხდება მშრალი წყობის მოჭიმვა და შემდეგ ცემენტის ხსნარით მისი ჩამაგრება ადგილზე. ფოლადის არმატურისა და ბეტონის ერთობლივ მუშაობას განაპირობებს ამ ორი მასალის ხაზოვანი გაფართოების (ტემპერატურული გაფართოების) კოეფიციენტის მნიშვნელობების თანაბრობა, რაც კონსტრუქციას იცავს ტემპერატურის ცვალებადობით დამატებით გაჩენილი გრძივი და განივი ძაბვების არასასურველი ზემოქმედებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ დაპროფილებულ არმატურას ზედაპირზე აქვს გამონაშვერები (წიბოები), დიდი ძაბვების პირობებში ხდება მისი ამოგლეჯა ბეტონიდან, რაც იწვევს სტრუქტურების მსხვილმასშტაბიან კოლაფსს. ამის საწინააღმდეგოდ (ამერიკული გამოცდილება) მიმართავენ სამუშაო არმატურაზე გაცილებით დიდი დიამეტრის კონსტრუქციული ელემენტების მიდუღებას ან ახდენენ კონსტრუქციის ბოლოებში სამუშაო არმატურების გადაღუნვას. დაარმირებისათვის გამოიყენება: ცხლადგლინული, გამოჭიმვით განმტკიცებული, მცირედ ლეგირებული, თერმულად დამუშავებული ღეროვანი და ცივნაჭიმი მავთულოვანი (ჩვეულებრივი და მაღალი სიმტკიცის) ფოლადის არმატურა, აგრეთვე ბაგირები და მაღალი სიმტკიცის არმატურა (წინასწარ დაძაბული კონსტრუქციებისათვის). საარმატურე ფოლადების უმეტესობა ექვემდებარება კოროზიას, რომლის დროს გაჩენილი ჟანგის ფენა (ოქსიდები) იკავებს ბეტონში მეტ მოცულობას, ვიდრე ფოლადი, რომლისგანაც ის წარმოიშვა, ამიტომ ეს ფენა იწვევს შემომსაზღვრელ ბეტონში შიგა წნევას, რასაც, საბოლოო ჯამში, კონსტრუქცია მიჰყავს რღვევამდე. კოროზია განსაკუთრებით დიდი პრობლემაა ისეთ ბეტონებში, რომლებიც ექვემდებარება მარილიანი გარემოს ზემოქმედებას. ამის საწინააღმდეგოდ მიმართავენ ბეტონში მოსათავსებელი არმატურის ზედაპირის დაფარვას ეპოქსიდური ფისით ან სხვადასხვა კომპოზიტით. მშენებლობაში გამოყენებული საარმატურე ფოლადის კლასები და მარკები მექანიკური მახასიათებლების, ქიმიური შედგენილობის, დამზადებისა და დამუშავების წესის მიხედვით მოცემულია ამა თუ იმ სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა გაერთიანების) საცნობარო და ნორმატიულ დოკუმენტაციაში (მაგ., СНиП II-23-81, რუსეთის ფედერაცია; EN 10080, DIN 488, ევროკავშირი; BS 4449, დიდი ბრიტანეთი; AS/NZS4671-2001, ავსტრალიის კავშირი; ISO-ს სტანდარტები, ISBN 978-0-87031-930-3, 2014, აშშ და ა.შ.). მექანიკური მახასიათებლების მიხედვით ფოლადის პერიოდული პროფილის არმატურა იყოფა კლასებად და მარკებად [მაგ., რუსული – A-I (A240), A-II (A300), A-III (A400), A-IV (A600), A-V (A800), A-VI (A1000) და ა.შ.].

ფოლადის არმატურა A400

სარჩევი

ფოლადის არმატურა A240

ცხლადგლინული ფოლადის არმატურა გლუვი პროფილით (ყოფილი A-I) დიამეტრით 12 მმ-მდე. მის დასამზადებლად გამოიყენება ფოლადი: Cт3кп, Cт3пс, Cт3сп. A240 (A-I) კლასის დაპროფილებული არმატურის დიამეტრია 6-40 მმ.

ფოლადის არმატურა A300

ფოლადის დაპროფილებული არმატურა (ყოფილი A-II) თანაბრად განლაგებული სპირალური ან ნაძვისებრი ნაშვერებით. მზადდება სპეციალურად დამზადებული ფოლადისაგან [Ст5сп(пс), СТ18Г2С] დიამეტრით 10-80 მმ. გამოიყენება დაბალსართულიანი სახლების, ხიდების, კაშხლების, დამბების, ანგარების, საწყობების, გზებისა და სხვა ობიექტების მშენებლობაში.

ფოლადის არმატურა A500

ფოლადის არმატურა A400

ფოლადის დაპროფილებული არმატურა (ყოფილი A-III) თანაბრად განლაგებული ნაძვისებრი ნაშვერებით. A400 კლასის ფოლადის არმატურის ნაჭდევებიანი პროფილი). მზადდება სტანდარტის (ГОСТ 5781-82) კონსტრუქციული მცირედლეგირებული ფოლადისაგან მარკით 35ГС და 25Г2С მალეგირებელი ელემენტების (მარგანეცი, სილიციუმი) დამატებით. დიამეტრია 6-40 მმ, სიგრძე – 11,7 მ. A400 კლასის არმატურა დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოებაში ძირითად მასალას (A500C კლასის ფოლადის არმატურის გამოჩენამდე).

ფოლადის არმატურა A500C

ცხლადგლინული თერმულ-მექანიკურად განმტკიცებული საარმატურე ფოლადის კლასი (ГОСТ Р 52544-2006). მზადდება იაფფასიანი ნახშირბადიანი ფოლადისაგან (A3 კლასის არმატურისგან განსხვავებით) მალეგირებელი ელემენტების გარეშე, რაც განაპირობებს მის დაბალ ფასს. ნახშირბადის შემცველობა ფოლადში ნაკლებია 0,22%-ზე. თერმულ-მექანიკური განმტკიცების გამო აქვს მაღალი სიმტკიცის ზღვარი (400 ნ/მმ2 = 400 მპა), რაც ერთდროულად ზრდის სიმტკიცესა და მოქნილობას. A500C კლასის დაპროფილებული ფოლადის არმატურის ნაჭდევებს, A400 კლასის ფოლადის არმატურის ნაჭდევებთან შედარებით, არ აქვს გრძივი და განივი წიბოების გადაკვეთის წერტილები, სადაც შესაძლებელია დაღლილობითი ბზარების გაჩენა. გამოირჩევა კარგი საშემდუღებლო თვისებებით, რაც საშუალებას იძლევა შეერთებებში თავისუფლად გამოვიყენოთ რკალური შედუღება (A400-სგან განსხვავებით). არსებობს B500C კლასის (ცივგლინული) ფოლადის არმატურაც (ГОСТ Р 52544-2006).




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები