თაღი
თაღი – (იტალ. arco) არქიტექტურული დეტალი, მრუდხაზოვანი ღეროვანი კონსტრუქცია დაყრდნობილი ღიობის კედლებზე ან ორ საყრდენზე (ბოძი, სვეტი, პილონი, ბურჯი და სხვ.). თაღი განმბჯენიანი კონსტრუქციაა და ძირითადად კუმშვაზე მუშაობს. განმბჯენს იღებს შემკრავი, კონტრფორტები, განივი კედლები, რკინაბეტონის გადახურვები, გვერდითი სათავსის საზღვრებში მოქცეული ჩარჩოები, მიწის დონის ზევით განლაგებული საძირკვლები. აწევის ისარი მიიღება ƒ = (0,5–0,1)ℓ, სადაც ℓ თაღის მალია. თაღის საყრდენ კვეთს ქუსლი ეწოდება, ხოლო მის უმაღლეს შუა კვეთას კლიტე. თაღი (ქვის) პირველად ძველ აღმოსავლეთში გამოჩნდა (ქვის გამოყენების მიზეზი დიდმალიანი კოჭოვანი გადახურვისათვის გამოსადეგი ხის უქონლობა იყო). შემდეგ თაღი ფართოდ გავრცელდა ანტიკური რომის არქიტექტურაში (შენობები, აკვედუკები, სატრიუმფო თაღები და ა.შ.). იგი დღესაც ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ელემენტია
არქიტექტურის ისტორიაში ცნობილია შემდეგი ტიპის თაღები:
- უსახსრო თაღი – საყრდენებთან ზუსტად შეერთებული თაღი.
- სახსრიანი თაღი – თაღი, რომელსაც ბრჯენებზე აქვს სახსრები.
- ორსახსრიანი თაღი – საბჯენზე ორი სახსრის მეშვეობით დაყრდნობილი თაღი.
- სამსახსრიანი თაღი – თაღი, რომელსაც სახსრები აქვს არა მარტო საყრდენთან, არამედ აგრეთვე შუაში, თაღის წვერში.
- ნალისებრი თაღი – თაღი, რომელიც ფორმით ნალს წააგავს. მისი წარმმართველი ცენტრის ქვევით გაგრძელებული ნახევარწრიული რკალია.
- სამყურა, სამკბილა თაღი – შედგება სამი პატარა თაღისაგან.
- სამცენტრიანი თაღი – სამი ცენტრიდან მოხაზული რკალის ფორმის თაღი.
- მომჭიმავი თაღი – დამხმარე თაღი, ჩაშენებული ტაძრის ნეფში ნაგებობის დაჯდომის საწინააღმდეგოდ
- გუთური თაღი – იგივეა, რაც ისრულ თაღი. შედგება კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისაგან.
- ვენეციური თაღი – წრიული თაღის სახეობა, რომელიც პირველად შეიქმნა იტალიის ქ. ვენეციაში
- კბილანა თაღი – შედგება მცირე თაღებისაგან, რომელნიც ურთიერთგადაკვეთის ადგილას კბილანებს ქმნიან.
- მუზარადისებრი თაღი – გადაბრუნებული ნავის განაკვეთის მოხაზულობის თაღი.
- მრავალფრთიანი თაღი – რამდენიმე რკალისაგან შედგენილი შიგა წარმმართველი თაღი.
- ელიფსური თაღი – მრუდი ელიფსური ფორმის თაღი.
- კონცენტრული თაღი – (იგივე, რაც პერსპექტიული თაღი) — კედლის სიღრმისაკენ თანდათან შემცირებული რადიუსის მქონე თაღების ერთობლიობა. თაღის ყოველი შვერილი თავისთავად შეიძლება ნებისმიერი სახის თაღს წარმოადგენდეს.
- კოლოფა, მრავალცენტრიანი თაღი – რამდენიმე ცენტრიდან მოხაზული რკალის ფორიმის თაღი.
- ცრუ თაღი – თაღი, რომელიც არ ქმნის განბრჯენ ჭინვას და ამოყვანილია ყოველი ზემო რიგის თანამიმდევრული გადმოშვერით.
- მშვილდა თაღი – ბრტყელი რკალის მოხაზულობის თაღი, დაუჭიმავი მშვილდის ფორმისა.
- მრავალყურა, მრავალკბილა თაღი – შედგება მახვილი კუთხით ურთიერთგადამკვეთი სამი ან მეტი რკალისაგან.
- ყირა თაღი – განმტვირთავი თაღის სახესხვაობა.
- ამაღლებული თაღი – რკალისებრი მოხაზულობის თაღი, რომლის წარმმართველი გრძელდება რკალის ცენტრის ქვევით შვეული მონაკვეთებით.
- ნახევარწრიული, ნახევარცილინდრული თაღი – წახევარი წრის ფორმის თაღი, მისი - ქუსლები განლაგებულია იმ ცენტრის დანეზე, რომლიდანაცაა შემოხაზული ეს ნახევარწრე.
- განმტვირთავი თიღი – ისეთი სახის თაღი, რომელიც შენობის ზედა ნაწილების დატვირთვას ანაწილებს საყრდენებზე და ჩვეულებრივ კედლის წყობიშია ჩატანებული.
- შეკუმშული თაღი (დამრეცი თაღი) – თაღის ქუსლები რკალის ცენტრზე ზევითაა.
- ისრული თაღი – შედგება მახვილი კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისაგან.
- შეკიდული თაღი – შედგება ორი რკალისგამ, რომელთა გადაკვეთის წერტილი წვერზე ქვევითაა.
- საბჯენი თაღი – თაღი რომელსაც კამარა ეყრდნობა.
- დაკალიბრებული თაღი – თაღი, რომელიც დაკალიბრებული აგურებისგანაა აწყობილი.
- კათენარული თაღი – თაღი, რომელსაც გადაბრუნებული ჩაკიდებული ჯაჭვის ფორმა აქვს.
- კილისებრი თაღი – თაღი, რომლის მოხაზულობა ამობრუნებულ კილიან გემს ან ნავს წააგავს.
- ოჟივური თაღი – დიაგონალური თაღი გოტიკურ ჯვრისებრ კამარაში.
- პარაბოლური თაღი – თაღი, რომელსაც პარაბოლის მოხაზულობა აქვს.
- სამკუთხა თაღი – სამკუთხედის ფორმის ისრული თაღის ტიპი.
- სამფრთიანი თაღი – თაღი, რომელიც შედგება სამი პატარა თაღისაგან.
- ტიუდორის თაღი – ოდნავ შეისრული სამცენტრიანი დამრეცი თაღი
- ტოლგვერდა თაღი – ისრული თაღის ტიპი, რომლის სიმრუდის რადიუსი თაღის მალის ტოლია.
- ფლორენციული თაღი – წრიული თაღის ტიპი.
- შეკიდებული თაღი – თაღი, შედგენილი ორი რკალისაგან, რომელთა გადაკვეთა ხდება თაღის უმაღლესი წერტილის (კეხის) ქვევით.
- შემაღლებული თაღი – თაღი, რომლის წარმმართველი რკალის ცენტრის ქვევით (ქუსლებამდე) სწორხაზოვანი მონაკვეთებით გრძელდება.