ტეხისის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტეხისის ეკლესია საერთო ხედი
ტეხისის ეკლესია (ინგლ. Tekhisi Church) – ტეხისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, VI-VII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი (ზუსტი თარიღი უცნობია). მდებარეობს ქვემო რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში, შემაღლებულ ადგილზე. აქედან ხელისგულივით მოჩანს ნიკორწმინდისა და ხოტევის მთავარანგელოზის ტაძრები. ეს სამი საყდარი თითქოს ღვთიურ სამკუთხედს ჰქმნის და მცველად ადგას საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ქვემო რაჭის ძირძველ მოსახლეობას. ადრეფეოდალური ხანის ტეხისის ეკლესია (5x8,8 მ) ნაგები იყო თლილი ქვით და შემკული ყოფილა ჩუქურთმებითა და მოხატულობით.
უძველესი სამღვდელმსახურო რკინის ჯვრები და ხატი

დროთა განმავლობაში დანგრეული ნაგებობა აღადგინეს XVII საუკუნეში (ისტორიკოს გ. ბოჭორიძის აზრით), ხოლო XIX საუკუნეში გადაკეთებული იქნა (მიემატა დასავლეთი ნაწილი და სამრეკლო). 1926 წლის აღწერით ეკლესიაში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ჩუქურთმებიანი ტრაპეზის მთლიანი ქვა, სამხრეთისა და დასავლეთი კარი, მხატვრობის ნაწილი, წარწერები და სხვა. 1927 წელს საბჭოთა მთავრობის მითითებით ეკლესია ახალგაზრდობას დაუქცევია და თლილი (ნაწილობრივ შირიმის) ქვების დიდი ნაწილი სკოლის მშენებლობისთვის გამოუყენებიათ, ხოლო ნაწილი მოსახლეობას დაუტაცია. 1991 წელს საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული სკოლის ეზოდან, მოსახლეობას კი საკუთარი კარ-მიდამოდან, ქვები ეკლესიის ტერიტორიაზე დაუბრუნებიათ.

ტეხისის ეკლესია ინტერიერი

ნანგრევებადქცეული ტაძრის აღდგენა რამდენიმე წლის წინ რაჭის ეპისკოპოსის მეუფე ელისეს (ჯოხაძე) ლოცვაკურთხევითა და დავით გურგენიძის თანადგომით განხორციელდა. ტაძარი დარბაზული ტიპის ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც შესაძლებლობის ფარგლებში ავთენტურობა შეუნარჩუნდა. ეკლესიას მამა სერაფიონის ძალისხმევით დაუბრუნდა გადარჩენილი სიწმინდეები – უძველესი სამღვდელმსახურო რკინის ჯვრები და ხატი.

გადმოცემით ცნობილია, რომ აქაურებს ტეხისის სამლოცველოს დიდი შიში და მორიდება ჰქონიათ. ლეგენდის თანახმად ერთი ტეხისელი გლეხისთვის ურემი მოუპარავთ. ქურდი ვერ უპოვნიათ. გლეხი წასულა ეკლესიაში და დახმარება წმინდა გიორგის ხატისთვის უთხოვნია. შეშინებულმა ქურდმა ურემი მეორე დღესვე დაუბრუნა პატრონს. ამ ამბის შემდეგ, თუ სოფელში ვინმე რაიმე დანაშაულს ჩაიდენდა აქ ტეხდნენო. ამიტომაც დარქმევია ტაძარს ტეხისის წმინდა გიორგის სახელი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები