საგანელი გიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგანელი გიონ − (1899 − 1922), პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი − გიორგი საგანელიძე, ფსევდონიმი – კვაცხუთელი.

დაკავშირებული იყო ცისფერყანწელებთან. ქუთაისელი მწერლების „დიდი გადასახლების“ დროს (1918) საგანელიც გადმოვიდა თბილისში. ორი, საკმაოდ უცნაურსახელწოდებიანი, წიგნის „კავრთოთავა“ (1919) და „დრუმო“ (1921) გამოცემისა და კონსერვატორიის დარბაზში თავისი შემოქმედებითი საღამოს გამართვის შემდეგ (1922 წლის 23 ნოემბერს), გიონ საგანელი, 1921-23 წლების დროებითი განხეთქილებისას შექმნილი „ახალი მწერლობის კავშირის“ წევრი, „ქიმერიონში ნასადილევი, ოთახში ჩაიკეტა, დიდი რაოდენობის ოპიუმი მიიღო და თავი მოიკლა.“ (სერგო კლდიაშვილი). ამ პოეტს მიუძღვნა ტიციან ტაბიძემ წერილი „გიონ საგანელი“ (ვარამ გაგელის ფსევდონიმით. „პოეზიის დღე”. 1922, №1) და ლექსითაც მოიგონა უდროოდ დაღუპული ახალგაზრდა პოეტი („ვარ უსათუოდ იმის მოვალე, ლექსში ვახსენო გიონ საგანელი...“). დასაფლავებულია თბილისში, ძველი ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე (შემდეგში ვაკის პარკი), იქ, სადაც განისვენებენ დანიელ ჭონქაძე და ლავრენტი არდაზიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულია.


უნამდვილო პორტრეტი
მე, როგორც რაჭველს, მომიხდება, ვიცი, კურტანი
და აზარფეშით დასათრობი კუპრივით ღვინო,
შავი გინება და ოხერი სიტყვა მურტალი
და წითელ სისხლის სატურნივით სახე სალხინო.
მინდა, რომ მქონდეს ჩვენებური შავი ჩუბუხი,
რომ გაიბოლოს ჩემი გული ჭვარტლით და კომლით,
ლურჯი ლაინის მიმშვენებდეს ტანს ახალუხი −
წვრილი ცოლ-შვილი, ნაქერალა და დიდი თოვლი,
მე ჩემს მეგობრებს, კურტნიანებს, არჩილას, საბას
არ მოვიშორებ, სადაც წავალ, წავიყვან ყველგან.
ო ყველაფერო! გაიღვიძე! არ გხურავ საბანს.
სული და გული, პურმარილი მიიღე ჩემგან.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები