არყა
არყა (ლათ. Lactarius piperatus (scop.: Fr.) S.F.Gray. რუს. Груздь перечный)
ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ – ძაბრისებურად ჩაღრმავებული, ზედაპირი სადაა, კიდეებთან წვრილბუსუსიანია; ჯერ თეთრია, შემდეგ კი ზედაპირზე ახასიათებს მოყვითალო-მურა ლაქები. ფირფიტები ძალიან ხშირი (მჭიდროდ განწყობილი), თეთრი, მოყვითალო ან ხორცისფერი.
ფეხი – 3-7 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ზოგჯერ ძირისკენ დაწვრილებული, სადა ზედაპირით, თეთრი.
რბილობი – თეთრი, გადატეხისას გამოყოფს თეთრ, რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე ოდნავ მწვანდება, ძალიან ცხარე და მწარეა. სპორების მტვერი თეთრია.
სპორები – თითქმის სფეროსებრი, წვრილხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 7-8X6-7 მკმ. სპორების მტვერი მოთეთროა.
იზრდება ნიადაგზე, როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან (განსაკუთრებით წიფლნარ) ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ, მხოლოდ დასამწნილებლად.