გვეტაძე ომარ
გვეტაძე ომარ – (1954), პოეტი, მკვლევარი, პუბლიცისტი, უმაღლესი სკოლის პედაგოგი. დაიბადა ქუთაისში. 1975 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1984 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქართული ჰაგიოგრაფიის სიუჟეტი და კომპოზიცია (მე-5-11 სს).“ არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი საკვლევი თემებია: ძველი ქართული მწერლობა, ქართული ლიტერატურის საკითხები. მისი ლექსები და პუბლიცისტური წერილები მოსწავლეობის პერიოდიდან იბეჭდება პრესაში. პირველი ლექსი 1971 წელს გამოქვეყნდა საქალაქო გაზეთ „ქუთაისში“, ლექსების პირველი წიგნი „სიყვარულის სამრეკლო“ – 1991 წელს. სხვადასხვა დროს გამოიცა მისი პოეტური კრებულები: „ჟამი ფერისცვალებისა“ (1995), „უცხო სტუმარი“ (2004), „ვარდები ზამთარში“(2006), „იისფერი მაგნოლია” (2017), ლიტერატურული ნარკვევები (2010).
- ოკრიბაში
- სოკოს ვეძებდით ბავშვობისას ნაწვიმარ ტყეში...
- გალუმპულ რტოზე უსხლტებოდათ მზის სხივებს ფეხი
- და ნისლიც თრთოდა ჯადოსნური ქოხის ბოლივით.
- ხშირად ისმოდა ჟრიამული: ვნახე, ვნახეო...
- მოვაცილებდით სოველ ნეშოს მიმალულ სოკოს
- და მერე ხელში ავიყვანდით მოსაფერებლად.
- წითელ-ყვითელი სოკოებით სავსე კალათით
- მივიჩქაროდით შინისაკენ სიზმრის ბილიკით!
- დღეს ისე, როგორც ბავშვობაში ვეძებდი სოკოს,
- დავეძებ სითბოს, თანაგრძნობას, სიყვარულს, იმედს...
- შორს წამოვსულვარ,
- ვეღარავის ხმას ვეღარ ვაწვდენ,
- აღარც ძახილი: ვნახე, ვნახეო...
- ხელცარიელი ვბრუნდები სახლში!