ასათიანი ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:48, 19 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადო ასათიანი

ასათიანი ლადო – (1917 – 1943), ქართველი პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. 1938 წელს ლადო თბილისში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში; პატრიოტული განწყობილება პოეტის სიცოცხლეში მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. ლადო ასათიანს ნაციონალისტობა დასწამეს, არაჯანსაღი განწყობილების გავრცელებას უკიჟინებდნენ, იდეური თვალსაზრისით უწუნებდნენ პატრიოტულ ლექსებს („სალაღობო”, „კრწანისის ყაყაჩოები“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე”). 1939 წელს ლადო ასათიანი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა. ლადო ასათიანის შემოქმედებაში ასახულია საქართველოს ისტორიის მძაფრი პერიპეტიები, მის პოემებსა („ასპინძა”, „ბასიანის ბრძოლა”) და ლექსებში განუყოფლად ერწყმის თანამედროვეობის ცხოველ განცდას. მის პოეზიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ფრაზის სისადავე, სიტყვის მუსიკალობა, აზრის აფორისტული სიზუსტე, ტევადობა და წრფელი არტისტიზმი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

საქართველოში
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
„ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!..
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით — სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
„ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!...
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
* * *
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა...
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები