კილანინი მაიკლ მორისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:54, 19 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიკლ მორის კილანინი
სოკ-ის პრეზიდენტი (1972-1980)

მაიკლ მორის კილანინი - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1972-1980).

მაიკლ მორისი, ლორდი კილანინი დაიბადა 1914 წლის 30 ივლისს ლონდონში, დიდგვაროვან ირლანდიელთა ოჯახში. კილანინი საუკეთესო სკოლებში ეუფლებოდა ისტორიასა და ხელოვნებას. დაამთავრა ცნობილი იტონის კოლეჯი, შემდეგ სორბონა, ბოლოს კი, კემბრიჯის მაგდალენის კოლეჯი.

1927 წელს, ბიძის გარდაცვალების შემდეგ მაიკლ მორისმა ლორდ კილანინის ტიტული მიიღო ­ სახელი, რომლითაც შემდეგ გაიცნეს. კილანინმა 1935 წელს ჟურნალისტის კარიერა დაიწყო და მუშაობას შეუდგა ლონდონში „დეილი ექსპრესის“ რედაქციაში, ერთ წელიწადში კი ­ „დეილი მეილიში“. მოგვიანებით, „სანდი დისპაჩის“ პოლიტიკური და დიპლომატიური გვერდების რედაქტორიც გახდა, ხოლო 1937-­1938 წლებში იაპონია­-ჩინეთის ომში სამხედრო კორესპონდენტის გამოცდილებაც მიიღო. მისდევდა სპორტსაც. ვარჯიშობდა კრივში, ნიჩბოსნობაში, რაგბიში და ცხენოსნობაში.

კილანინმა 1939 წელს ჟურნალისტური საქმიანობა შეწყვიტა და მოხალისედ ჩაეწერა ბრიტანეთის ჯარში. ბრიგადის მაიორის რანგში მონაწილეობდა ნორმანდიაში გადასხდომის ოპერაციაში, რამაც მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მოუტანა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კილანინის კარიერა მრავალმხრივ წარიმართა, მათ შორის: კულტურაში, სპორტში, ბიზნესში. წლების განმავლობაში ეკავა ადმინისტრაციული თანამდებობები, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ საზოგადოებებს. გარდა ამისა, 1950­-იან წლებში რამდენიმე მხატვრული ფილმის წარმოებაშიც მონაწილეობდა.

კილანინი 1950 წელს ირლანდიის ოლიმპიური ფედერაციის (იმხანად ირლანდიის ოლიმპიური საბჭო) პრეზიდენტად აირჩიეს და ეს პოსტი 1973 წლამდე ეკავა. ირლანდიის ეოკ­ის ხელმძღვანელად არჩევიდან 2 წელიწადში კილანინი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახდა, 1968 წელს სოკ­ის ვიცე­პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა. 1972 წელს, სოკ­ის 73-­ე სესიაზე კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეექვსე პრეზიდენტად აირჩიეს.

ლორდ კილანინს სოკ­ის პრეზიდენტის პოსტი 8 წლის განმავლობაში ეკავა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობისთვის, რომელიც, ბუნებრივია,იძულებული იყო ანგარიში გაეწია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისათვის. სწორედ 1970­-იან წლებში განსაკუთრებით გამწვავდა „ცივი ომი,“ უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ორ ბანაკს შორის. შესაბამისად, სოკ­ს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწია 1976 წლის მონრეალისა და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე, რომლებიც გაჯერებული იყო აფრიკული ქვეყნების და დასავლეთის ბლოკის ქვეყნების მიერ გამოცხადებული მასშტაბური ბოიკოტებით. კილანინს ცდა არ დაუკლია, ოლიმპიური მოძრაობისთვის როგორმე თავიდან აეცილებინა მოვლენების ამგვარი განვითარება, მაგრამ ეს მის ძალებს აღემატებოდა.

კილანინმა თავისი პრეზიდენტობა იმით დაიწყო, რომ აღადგინა 43 წლით მივიწყებული ოლიმპიური კონგრესები ­ 1973 წელს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში თავი მოუყარა ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა განეხილათ მსოფლიო სპორტის აქტუალური პრობლემები. მათ შორის: სოკის, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ურთიერთობის, ოლიმპიურ მოძრაობაში სახელმწიფოს მონაწილეობის, სპორტის კომერციალიზაციის და სხვა საკითხები. კილანინმა მოახერხა ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართული მთავარი ძალების კონსოლიდაცია, რამაც ახალი დინამიკა შესძინა თავად ამ მოძრაობას. მან შეიმუშავა ოლიმპიური თამაშების განვითარების ახალი მიდგომები, რომელიც პირველ ყოვლისა „ღია თამაშების“ პრინციპს, მუდმივი განახლების აუცილებლობას და სპორტის პოლიტიკური ჩარევებისგან დაცვას გულისხმობდა. კილანინის ერთ­ერთ დამსახურებად მიიჩნევა განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად სოკ­ის „ოლიმპიური სოლიდარობის“ პროგრამის შექმნა.

ლორდმა კილანინმა სოკ­ის პრეზიდენტის თანამდებობა 1980 წელს დატოვა, მაგრამ გახდა მისი საპატიო პრეზიდენტი.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები