ბუგეულის მთავარანგელოზთა ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 7 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუგეულის მთავარანგელოზთა ეკლესია − (XV-XVI სს. მიჯნა), მთავარანგელოზთა ტაძარი სოფ. ბუგეულში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ნიკორწმინდის ეპარქია).

ტაძარი თლილი ქვის კვადრებით ნაშენი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ინტერიერი მარტივია – აფსიდა სწორკუთხედშია მოქცეული, დარბაზის კედლები საბჯენი თაღით ორად არის გაყოფილი. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთ და სამხრეთ მხარეს ყოველ კედელში შესასვლელთა ტიმპანები და სარკმლები რელიეფური ორნამენტებითაა შემკული. ტაძრის აგების თანადროულია მისი მოხატულობაც. საკურთხევლში მოხატულობის სამი რეგისტრია: კონქში გამოსახულია ვედრება, აფსიდის კედელზე – წმინდანთა წელსზედა ფიგურები და მსხვერპლის თაყვანისცემა, სარკმლის თავზე – საყდარი გამზადებული, სარკმლის წირთხლებში – რაფაელ მთავარანგელოზი და ძლევის ჯვარი, სატრიუმფო თაღზე – ევმანუელისა და წინასწარმეტყველთა ფიგურები. დარბაზის კამარასა და კედლებზე 12 საუფლო დღესასწაულია გამოსახული, რომელსაც კიდევ ოთხი სცენა – იოსებისგან ყვედრება, გარდამოხსნა, შეგრაგნა და განკითხვის დღე ემატება. დასავლეთ კედლის ქვედა რეგისტრში მთავარანგელოზთა და წმ. გიორგის ფიგურებია გამოსახული; მოხატულობის მთავარი მახვილი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების ქვედა რეგისტრში წარმოდგენილი ადგილობრივ ფეოდალთა – ლასხისშვილების – ჯგუფური საქტიტორო პორტრეტია. ერთ-ერთ მათგანს ხელში ტაძარი უჭირავს. პილასტრებსა და საბჯენ თაღზე წმ. მოწამეთა ფიგურებია განთავსებული. მოხატულობა ე.წ. ხალხური ნაკადის ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. იგი გამოირჩევა თავისი ექსპრესიულობითა და უშუალობით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია საქტიტორო პორტრეტი.


ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი 1838 წ. მხედრული წარწერა ეკლესიის განახლების ფაქტს გვაუწყებს; სამხრეთ ფასადზე მოხატულობის მცირე ფრაგმენტები იკითხება.

ეკლესია და მისი მოხატულობა დაზიანდა 1991 წ. მიწისძვრის დროს. ამჟამად ტაძარი აღდგენილია.

ი. ხუსკივაძე

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994;
  • რაჭა. მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები, თბ., 2008;
  • ხუსკივაძე ი., ქართულ ეკლესიათა გვიანი შუა საუკუნეების „ხალხური“ მოხატულობანი, თბ., 2003.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები