ძუძუა ლეღვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძუძუა ლეღვი

ძუძუა ლეღვი - ამ სახელწოდებით ქვედა კახეთში ცნობილია ერთი თავისებურნაყოფიანი ლეღვის ჯიში, რომელიც უფრო მეტად კარდენახის და გურჯაანის და აგრეთვე ბაკურციხის, თუმცა არა ისე ხშირად, რაიონებშია გავრცელებული. კახეთის დანარჩენ ადგილებში ძუძუა ლეღვს არ შევხვედრივართ. მისი სახელწოდება წარმომდგარია ნაყოფის ფორმისაგან, რომელიც ქალის ძუძუს წააგავს. ხე იზრდება უმეტეს შემთხვევაში შტამბიან ფორმად, ახასიათებს არაძლიერი განვითარება. დატოტვა აქვს ხშირი, შეფოთვლაც ხშირი. ტოტები კი მოკლე, ისე, რომ ვარჯი მეტად კომპაქტურია.

ფოთოლი აქვს საშუალო სიდიდის, 17–18 სმ სიგრძე-სიგანის. ფოთოლი სტოვებს სამი თათის შთაბეჭდილებას. მაგრამ ქვედა თათი ხანდისხან სულ მცირედ აქვს ხოლმე განვითარებული, ისე კი სინამდვილეში ძირითადად სამთათა ფოთლები აქვს.

ზედა თათები ძლიერ ჩაჭრილია ფოთლის სიღრმეში, ფოთოლი შედარებით თხელხორცა და არა ძლიერ დაძარღულია. ყუნწი მოკლე აქვს 7–8 სმ სიგრძის და ზის ფოთლის განიერ ნაკვთში.

ძუძუა ლეღვი იძლევა მხოლოდ ზაფხულის ნაყოფს – გუდა არ იცის. ზაფხულის ნაყოფის თესლი მომეტებულად პართენოკარპულია. ნაყოფის სიმსხო 3 1/3–სმ აღწევს, ძლიერ წვრილია, მოგრძო, ძუძუს მოყვანილობის. ნაყოფის ყუნწი პატარაა, მწვანე ფერის, პატარა მორუხო ფერის ქერტლებით. ნაყოფის კანი მომწვანო-მოყვითალოა, მუქი მწვანე ზოლებით. კანი თხელი აქვს. ოღონდ კანქვეშა თეთრი მასა კი საკმაოდ სქელია და თანაბრად ეკვრის ნაყოფის ხორცს.

ნაყოფის გული თითქმის მთლიანად გამოვსებულია ნაყოფის ხორცით და თესლით. ნაყოფის მილი დახურულია. სიმწიფეში ნაყოფის გულის შეფერვა მოვარდისფრო-მოწითალოა.

ძლიერ ნაზი და საიამოვნო გემოსია. ძუძუა ლეღვის ნაყოფი, როგორც სუფრის ხილი მისაღებია, ოღონდ მისი დიდი დეფექტი ისაა, რომ მეტისმეტად წვრილია. ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტს სხვა ლეღვის ჯიშის ნაყოფთან შედარებით. ნაყოფის სიმწიფის დრო დგება აგვისტოში და გრძელდება გვიან შემოდგომამდე. ნაყოფის დამწიფება გრძელდება ნოემბრამდე ისე, რომ ხეზე არც ერთი კაკრა არ რჩება მოუმწიფებელი. ძუძუა ლეღვის ნაყოფი განსაკუთრებით დიდ ღირებულებას წარმოადგენს საკონდიტრო და საკონსერვო საქმეში.

როგორც საჩირე მასალა კი ნაკლებია, მისგან შეიძლება მხოლოდ ყავის სუროგატის დამზადება და სპირტის გამოხდა. მისი გავრცელება ხრიოკ, ურწყავ, ნაკლებად გამოსაყენებელ ადგილებში ქვედა კახეთის ჰავის პირობებისთვის მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს. სინამდვილეში ასეც არის. მას აშენებენ ბაკურციხის, კარდენახისა და გურჯაანის ხრიოკ ფერდობებზე.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები