ნადური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადური − ქართული ხალხური შრომის სიმღერა.

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარულში ბარის სიმღერებისათვის დამახასიათებელი პოლიფონიის რთული კომპლექსები იჩენს თავს, რაც აჭარულ ნადურ სიმღერებში ოთხხმიანობის სტრუქტურული თავისებურებით ხასიათდება. ასე მაგალითად, ოთხხმიანი „ნადურის” შესრულებისათვის საჭირო იყო ერთი მთქმელი − თავად მომღერალი, რომელიც ლექსებით მღეროდა, ორი შემხმობარი, ერთი გამყივანე და ორიც მობანე − ბანის მთქმელი. მომღერალი − მთქმელი სიმღერას იწყებდა, მას გამყივანე მიყვებოდა და შემხმობრები კი − აბოლავებდნენ. ჯემალ ნოღაიდელის მონაცემებზე დაყრდნობით, ივანე ჯავახიშვილმა აჭარულ სიმღერებში ხმათა სახელწოდებების (დაწყებითი ხმა, მელექსე, მაღალი მელექსე, დაბალი მელექსე, მთქმელი, მომძახნელი, გამყივანე, მოკრიმანჭულე, შემხმობარი, მაღალი და დაბალი ბანი) მიხედვით მომღერალთა ფუნქციები დაადგინა.

აჭარაში შესწავლილი და გამოვლენილია შემდეგი ნადური, უმთავრესად, ყანური ლექს-სიმღერები: „ვაი თუ დილას კურდღელმაო”, „მთას ხოხობი აფრენილა”, „ბერიკაცი”, „გორდელა”, „ჩიორა ჩიოდაო”, „ყარანაი”, „ხელხვავი”, „საჯავახურა”, „შარშანდელსა ნაყანევსა”. თანმიმდევრულად შესწავლილი იქნა აჭარული ნა დური სიმღერების სტრუქტურული თავისებურებანი − არქიტექტონიკა, მეტრორიტმი, ხმათა განლაგება, თითოეული მათგანის ფუნქცია. ნადური „გადაბმული” − ორპირი, ორი გუნდის შენაცვლებით შესასრულებელი სიმღერა იყო. ოთხხმიანი ნადური ორ მონაკვეთად იყოფოდა, რომელთაგან პირველი სამხმად, მეორე კი − ოთხხმად სრულდებოდა. ოთხხმიანი ნადურის პირველ სამხმიან მონაკვეთში ბანი არ მონაწილეობდა. მესამე ხმა შემხმობარე იყო, რომელსაც მხოლოდ ნადურ სიმღერებში ვხვდებოდით. ამგვარად, პირველი მონაკვეთი შემდეგ სამ ხმას მოიცავდა: გამყივანს, მთქმელს და შემხმობარს. ბანი მხოლოდ ნადურის მეორე მონაკვეთის დასაწყისიდან ერთვებოდა.

აღმოსავლურ-ქართული სიმღერების ჰარმონიულ ელემენტთა თავისებურებებთან მიმართებაში საყურადღებოა შემდეგი დაკვირვება: ნადურების პირველ ნაწილებში, სამხმიან წყობაში, შემხმობარის გაბმული ბგერა, როგორც სამხმიანი სიმღერის ბანი, კილოს ტონიკაზე ჰარმონიული საყრდენი იყო. ამ შემთხვევაში შემხმობარის გაბმული ბგერა ქართლ-კახური ხალხური სიმღერებისაგან თითქმის არაფრით არ განსხვავდეოდა. ქართლ-კახურ სიმღერებში არსებული გაბმული ბანის მსგავსად, ნადური სიმღერების პირველ ნაწილში იგივე შეხმობას ჰქონდა ადგილი. ოთხხმიან მონაკვეთში შემხმობარი სააკორდო ბგერას და ჩონგურის სააკორდო სიმსზილს ემსგავსებოდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოთხხმიანობა აჭარულ სიმღერებში მიღებულია, ერთი მხრივ, მაღალი ბანის გაჩენით, რომელმაც თავისი ადგილი პირველ და მეორე ხმებს შორის დაიმკვიდრა, მეორე მხრივ, კრიმანჭულის გაჩენით, რომელიც პირველ ხმაზე გაცილებით მაღალ რეგისტრში მოქმედებდა და სიმღერის თავისებურ კოლორიტულ ჰარმონიულ ფუძეს წარმოადგენდა. ოთხხმიანობის წარმოქმნის ერთ-ერთი გზა მეოთხე ხმის სახით ბანის − დაბალი ბანის გაჩენას ვარაუდობს. მისი ჩამოყალიბება სამხმიანობაში ბანის საფეხურთა თანდათანობით გაფართოებასთან იყო დაკავშირებული. იგი თავდაპირველი კილოს მეოთხე საფეხური იყო, რომელიც შემდეგში ძირითადი კილოს ტონიკურ ბგერად გარდაიქმნა. თავდაპირველი კილოს ტონიკამ კი მაღალი ბანის − შემხმობარის ფუნქცია შეიძინა.


ლიტერატურა

ჯავახიშვილი, 1938:81-82; 294; ნოღაიდელი, 1967; 2015; ჩხიკვაძე, ნოღაიდელი, ინაიშვილი, 1960; ჩხიკვაძე, 1965:28-32; ახობაძე, 1961:9-33; გვახარია, 1962:4; ასლანიშვილი, 1957:411; მსხალაძე, 1962; ნიჟარაძე, 1971:254; შილაკაძე, 1978:116; 1979:81-85; მაისურაძე, 1982:124-138; 441-444; 1989:3-53; 1982:124-138; 2009:492-496; კიკვაძე, 1982:101, 98-110.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები