კონტაქტი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 29 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონტაქტი – (ლათ. contactus– შეხება, კაუსატიევი, ზმნის კატეგორია, რომელიც ზმნის ფორმის მიხედვით გვიჩვენებს, სუბიექტური პირი უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე, თუ სხვა პირის შუალობით (ა. შანიძე).

უშუალოა კონტაქტი, რომელიც აღნიშნავს,რომ სუბიექტური პირი მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე უშუალოდ, სხვა პირის ჩაურევლად (ვხატავ, ვაკეთებ, ვაშენებ…). შუალობითია კონტაქტი, რომელიც აღნიშნავს, რომ სუბიექტური პირი მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე სხვა პირის შუალობით (ვახატვინებ, ვაკეთებინებ, ვაშენებინებ…).

შუალობითი კონტაქტის გრამატიკულ მნიშვნელობას ორი მორფემა გამოხატავს: -ინ და -ევინ (ისტორიულად -ეე) სუფიქსები, რომლებიც დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში იმყოფებიან ერთმანეთთან: -ინ გვხვდება ერთ- ან მეტმარცვლიან საყრდენ მორფემასთან. -ევინ დაერთვის ნულმარცვლიან ან პოტენციურად ნულმარცვლიან საყრდენ მორფემას. მკვლევართა ნაწილი (არნ. ჩიქობავა, გ. მაჭავარიანი, ა. თაყაიშვილი, ე. გეურქოვა. ბ. გიგინეიშვილი, ი. ქავთარაძე…) აღნიშნულ სუფიქსებთან ერთად ა- პრეფიქსსაც ან მხოლოდ ა- პრეფიქსს გამოყოფს.

ძველ ქართულში შუალობითი კონტაქტი ორნაირად იწარმოებოდა: აღწერითად და ორგანულად: ამათგან უფრო ნიშანდობლივია აღწერითი წარმოება: ვითარებით ბრუნვაში დასმული მასდარი + ზრმნიის ფორმა (მოკვეთად-ეც = მოაკვეთინე…). -ეე და -ინ მაწარმოებელთაგან -ევ უფრო ადრინდელ პერიოდში ფუნქციონირებს, -ინ X-XI სს-იდან იკიდებს ფეხს.

შუალობითი კონტაქტის ზმნას სამივე ქცევის ფორმა მოეპოვება: საარვისო (აკეთებინებს), სათავისო (იკეთებინებს) და სასხვისო (უკეთებინებს).

საარვისო ქცევის ფორმაში, ჩვეულებრივ, სამი პირი დასტურდება: სუბიექტური, ირიბობიექტური და პირდაპირობიექტური. ზმნის ფორმა ამ შემთხვევაში გამოხატავს ვითარებას, როდესაც რეალურად მოქმედებს არა ერთი პირი, არამედ ორი: სუბიექტური პირი, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედებასა და პირი, რომელიც უშუალოდ ასრულებს ხელმძღვანელის დავალებას. ხელმძღვანელი პირი – ეს არის საქმის მოთავე, ინიციატორი, მისი ორგანიზატორი. ხოლო ვინც უშუალოდ მოქმედებს, ერთგვარი იარაღია საქმის ორგანიზატორის ხელში. მესამე (პირდაპირობიექტური) პირი მათი მოქმედების საგანია.

ორპირიანი საარვისო, რომელსაც ობიექტად II პირი აქვს, შუალობითმი გადაყვანისას სამპირიან ფორმას გვაძლეეს (აკეთებს ის მას, აკეთებინებს ის მას მას), შვალობითი კონტაქტის სათავისო არ განსხვავდება უშუალო კონტაქტის სათავისოსაგან პირთა რაოდენობის თვალსაზრისით: ორივე ფორმა ორპირიანია: უშუალო კონტაქტის სასხვისო ყოველთვის სამპირიანია. შუალობითში გადაყვანით შემსრულებელი ობიექტური პირი ემატება და ოთხიანი უნდა გახდეს (დამიწერა მან მე ის – დამიწერინა მან მე იგი მას – ა. შანიძე). შუალობითი კონტაქტის სასხვისო ქცევის ფორმები უფრო ხშირია, ვიდრე სათანადო სათავისოსი.

სამპირიანი შუალობითი კონტაქტის შემთხვევაში იძულება ეხება ირიბ ობიექტს, ორპირიანის შემთხვევაში – პირდაპირ ობიექტს. ამით განსხვავდება გარდამავალი ზმნისაგან ნაწარმოები შუალობითი კონტაქტის ფორმები გარდაუვალი ზმნისაგან ნაწარმოები შუალობითი კონტაქტის ფორმებისაგან… მო-ა-კუდ-ინ-ა ისეთივე შუალობითი კონტაქტია, როგორც და-ა-წერ-ინ-ა. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ მო-ა-კუდ-ინ-ა ორპირიანია, და-ა-წერ-ინ-ა – სამპირიანი. ეს კი შედეგია საწარმოებელ ფუძეთა სხვადასხვაობისა: პირველი გარდაუვალი ზსმნისაგან არის ნაწარმოები, მეორე – გარდამავლისაგან (გ. მაჭავარიანი).

შუალობითი კონტაქტის ზმნის ირიბი ობიექტი (ე. ი. ის პირი, რომელსაც ზმნის ფორმის მიხედვით „აიძულებენ“) სულიერი უნდა იყოს, შდრ. „ბატონი ყმას ამუშავებს“ და „ყმა მიწას ამუშავებს“ (ჭ. ქირია).

შუალობითი კონტაქტის ფორმები აქვს ვნებითი გვარის ზმნასაც. ვნებითად მოქცევისას მოქმედებითი გვარის შუალობითის ფორმა ორპირიანი ხდება (ეკვლევინება ის მას – აკვლევინებს ის მას მას (თავს)… ამოსავალ შუალობითის ფორმაში პირდაპირი ობიექტის ფუნქციას უკუქცევითი ნაცვალსახელი ასრულებს – შემოდის რეფლექსურობის სემანტიკა. შუალობით-რეფლექსური კონსტრუქცია ორაზროვანია; აჭერინებს ის მას თავს = 1. ის (S) მას (ირ. O-ს) აჭერინებს მის (ირ. O-ის) თავს; 2. ის (S) მას (ირ. O-ს) აჭერინებს საკუთარ (S-ის) თავს. როგორც ჩანს, სწორედ ამგვარი ორაზროვნების ლიკვიდაციის საჭიროებამ განაპირობა მოქმედებითი გვარის შუალობითის ფორმების კონვერსია.

კონტაქტის თვალსასრისით გრამატიკულად დაპირისპირებულ ოპოზიციურ ცალებს წარმოადგენენ ზმნის უპირო ფორმები – მასდარები და მიმღეობები (გაკეთება – გა-კეთებ-ინ-ება – გაკეთებ-ინ-ებუ-ლი…).


ჭ. ქირია


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ, 1951;
  • ქავთარაძე ი. ზმნის ძირითადი კატეგორიების ისტორიისათვის ძველ ქართულში, თბ., 1954;
  • თაყაიშვილი ა. კაუსატივის წარმოების ზოგი საკითხი ქართულში. – კრ.: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, IV, თბ., 1974;
  • მაჭავარიანი გ. კაუსატივის კატეგორია ქართველურ ენებში. – „იკე“, XXVII, თბ., 1988.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები