7-კაცა რაგბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

7-კაცა რაგბი – სპორტის გუნდური ოლიმპიური სახეობა. თამაში ოვალური ბურთით 7-7 მოთამაშისგან შემდგარ ორ გუნდს შორის.

სარჩევი

ისტორია

7-კაცა რაგბის ფუძემდებლებად მიჩნეულნი არიან შოტლანდიის ქალაქ მელროუზის მკვიდრი ყასბები – ნედ ჰეიგი და დევიდ სანდერსონი, რომლებიც 1883 წელს ადგილობრივ მორაგბეთა კლუბისთვის სახსრების მოსაზიდად ერთგვარი ბლიც-ტურნირის ჩატარების წინადადებით გამოვიდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ 15-კაცა რაგბის სტანდარტები მეტ დროს და, შესაბამისად, მეტ ხარჯებს მოითხოვდა, გადაწყდა მოთამაშეების ოდენობის 15-დან 7-მდე, ხოლო თამაშის ხანგრძლივობის 80-დან 15 წუთამდე შემცირება.

შორეულ 1883 წელს დაწყებული ისტორია დღემდე გრძელდება. გარდა მელროუზის ტურნირისა, ყოველწლიურად იმართება მსოფლიო სერიის პრესტიჟული შეჯიბრებები, უმთავრესი ასპარეზობა კი მსოფლიოს თასის გათამაშებაა, რომელიც 1993 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ იმართება (ქალებში მსოფლიო თასი 2009 წლიდან თამაშდება).

შვიდკაცა რაგბისთვის ისტორიული გამოდგა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2009 წლის კოპენჰაგენის 121-ე სესია, სადაც მას ოლიმპიური სპორტის სტატუსი მიენიჭა. 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვეს ფიჯის კაცთა და ავსტრალიის ქალთა გუნდებმა. აღსანიშნავია, რომ რაგბი (15-კაცა) ოლიმპიური პროგრამის ნაწილი იყო ოთხჯერ – 1900, 1908, 1920 და 1924 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.

7-კაცა რაგბი საქართველოში

საქართველოში, უძველესი ეროვნული თამაშის – ლელობურთის სამშობლოში, პირველი საჩვენებელი სარაგბო მატჩები (15-კაცა რაგბი) 1910-1920-იან წლებში ჩატარდა, პირველი შეჯიბრება – თბილისის ჩემპიონატი კი 1962 წელს მოეწყო. 1967 წლიდან ტარდება საქართველოს ჩემპიონატი.

რაც შეეხება 7-კაცა რაგბის, მისი ქართული ისტორია იწყება 1988 წლიდან, როდესაც თბილისში, ვაკის სტადიონზე რაგბის ამ დისციპინაში პირველი ტურნირი გაიმართა. დიდ რაგბისთან შედარებით, 7-კაცა რაგბიში საქართველოს გუნდების შედეგები მოკრძალებულია. ჩვენმა მორაგბეებმა 2000 წელს პირველად მოიპოვეს მსოფლიოს თასის საგზური, მომდევნო წელს კი ფინალურ ეტაპზე გავიდნენ და 24 გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავეს. ეს საქართველოს შვიდკაცა ნაკრების საუკეთესო შედეგია მსოფლიოს თასის გათამაშებაში. საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ასევე იასპარეზა 2005, 2009 და 2013 წლის მსოფლიოს თასებზეც. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ჩვენმა მორაგბეებმა 2008 წელს ჰანოვერში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ აგრეთვე ევროპის გრან-პრის და მსოფლიო სერიის ტურნირებში.

წესები

7-კაცა რაგბს სტანდარტულ სარაგბო მოედანზე, თითქმის იდენტური წესებით თამაშობენ. მთავარი განსხვავება მოთამაშეთა რაოდენობასა და მატჩის ხანგრძლივობაშია. გუნდი 4 მცველისა და 3 თავდამსხმელისგან შედგება, მატჩი – ორი 7-წუთიანი ტაიმისგან (ფინალში 10-წუთიანი ტაიმებია. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5-წუთიანი ტაიმი) 1-წუთიანი შესვენებით. ამიტომაც, 7-კაცა რაგბი გაცილებით დინამიურია და მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება. „ნაკლები კონტაქტი და მეტი რაგბი“ – ასეთია 7-კაცა რაგბის დევიზი.

დროის მცირე მონაკვეთში მოთამაშეები დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებენ – შერკინებებს ფინტები ენაცვლება, პასებს – სწრაფი გარღვევები და ეფექტური ლელოები. ბურთი ოვალურია და მისი გადაწოდება მხოლოდ უკან შეიძლება. ლელოს დადება, ანუ მეტოქის მოედნის კიდის მიღმა ბურთის დამიწება 5 ქულად ფასობს, გარდასახვა – 2 ქულად, ხოლო შედეგიანად შესრულებული არეკნი ან საჯარიმო დარტყმა – 3 ქულად. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები