კუტი ბალახი
კუტი ბალახი – (Teocrium polium L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). 5-30 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წამოწეულია, დატოტვილი, თეთრქეჩისებური შებუსვით. ფოთლები მოგრძოა ან უკულანცეტა, კიდეზე მრგვალკბილა ან ქვედა ნაწილში კიდემთლიანი; ფოთლის ფირფიტა ორივე მხარეზე ქეჩისებური შებუსვითაა, ზემოდან მწვანე ან მოთეთრო, ქვემოდან – მოთეთრო. ყვავილედი თავაკისებურია, მომრგვალო ან კვერცხისებური, ყვავილები მჯდომარეა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, კლდეებზე. ნაშალებზე, ველებში, ბუჩქნარებში, ფრიგანოიდურ მცენარეულობაში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.