თუთია
თუთია − (ლათ. Zincum), მყიფე მოცისფრო-თეთრი ფერის ლითონი.
სიმბოლო Zn.
სიმკვრივე – 7133 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 419,6°C;
დუღილის ტემპერატურა – 906,2°C.
თუთია ბუნებაში, როგორც თვითნაბადი ლითონი, არ გვხვდება. ცნობილია მისი 66 მინერალი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ცინკიტი, სფალერიტი, ვილემიტი, კალამინი, სმიტსონიტი, ფრანკლინიტი. თუთიისა და სპილენძის შენადნობი (თითბერი) ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში (VII საუკ.), ჩინეთში (XI საუკ.).
თუთია მიიღება ელექტროლიტური (ჰიდრომეტალურგიული) გზით – გახურებულ გამომწვარ კონცენტრატს ამუშავებენ გოგირდმჟავათი; მიღებულ სულფატურ ხსნარს წმენდენ მინარევებისაგან და აბაზანებში ახდენენ მის ელექტროლიზს. თუთია ილექება ალუმინის კათოდზე, საიდანაც მას ყოველდღე აცილებენ და ადნობენ ინდუქციურ ღუმლებში. ჩვეულებრივ ელექტროლიტური თუთიის სიწმინდეა 99,95 %. თუთიის გამოყენების სფეროა: ფოლადის დაცვა კოროზიისაგან (მოთუთიება), კეთილშობილი ლითონების აღდგენა, ვერცხლისა და ოქროს გამოყოფა (და სხვა ლითონების) შავი ტყვიიდან, ბატარეები და აკუმულატორები, სარჩილავი მასალები, მედიცინა (ანტისეპტიკი), მანქანათმშენებლობა, იარაღის წარმოება, ნავარგამტარები, პოლიგრაფია და სხვ.