ხაბეიშვილი სოლიკო
ხაბეიშვილი სოლიკო– (1935 – 1995), საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პოეტი.
დაიბადა თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა და შემდეგ სპი-ს სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ ამ სპეციალობას არ გაჰყოლია, კომკავშირულ-პარტიული საქმიანობით იყო დაკავებული, იყო ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი, 80-იანი წლების დასაწყისში კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი გახდა. 1987-95 წლებში, როგორც შემდეგ გაირკვა, უსაფუძვლო ბრალდების გამო, რვა წლით აღუკვეთეს თავისუფლება და პატიმრობისას შექმნა ლექსები, რაც შემდეგ საფუძვლად დაედო წიგნს სახელწოდებით „ციხის რვეული“, რომელიც 90-იანი წლებისათვის სრულიად უპრეცედენტო ტირაჟით (30 ათასი) გამოიცა.
- (ფრაგმენტები „ციხის რვეულიდან“)
- * * *
- ესაა ჩემი ბოლო აკორდი,
- ბოლო სიმღერა, ლექსი თუ სხვა რამ,
- რითაც მე გულში ხანძარს ვაქრობდი,
- ვეომებოდი მე სულში წკვარამს.
- სიმართლეს მერე ვიღაცა იტყვის,
- ჩემს მარტვილობას ჩამოხსნის ნიღაბს,
- მაგრამ გაიგებს ჩემს ტკივილს ბრიყვი,
- ისეთი, ადრე თვითონ რომ ვიყავ?!
- * * *
- ბეღურა დილით ჭიკჭიკებს ლოცვებს
- და ჩემს სარკმელზე დახტის და ცქმუტავს,
- ეალერსება რკინის გისოსებს,
- ჩემს ყარაულებს და სულთამხუთავს...
- რას მეუბნება, რა ამბებს აქსოვს,
- რაზე ჟღურტულებს, არა მესმის რა,
- გაიღვიძეო, რომ მითხრა, მახსოვს, –
- თუ დამესიზმრა?