ტყელას ირემი
(ახალი გვერდი: '''ტყელას ირემი''' – აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, მა...) |
მიმდინარე ცვლილება 17:04, 24 აპრილი 2020 მდგომარეობით
ტყელას ირემი – აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, მაისში იქნებოდა თუ ივნისში, ორშაბათ დღეს, ვარდობის დღესასწაულზე, ირემი მოდიოდა ტყელას ჭალაში (ხანის ხეობაში, იმერეთში), სადაც წმიდა გიორგის ეკლესია დგას, ეკლესიას სამგზის შემოუვლიდა, კართან დაწვებოდა და, როცა „დაინაცოხრებდა“ ანუ ცოხნას დაამთავრებდა, ხანელ ტაბეშაძეთა გვარის კაცი დაკლავდა ირემს და წმ. გიორგის შესწირავდა. საკლავის წილობებს სალოცავად მოსულ ხალხს დაურიგებდა. ირმის მოსვლამდე პურს არ გატეხდნენ.
ერთხელ ირემი თავის დროზე („თავის ალოზე“) არ მოსულა, ხალხს კი შიმშილით სული მისდიოდა. დაგვიანებით მოსულ ირემს ტაბეშაძემ „დანაცოხრება“ არ აცალა, რას ქვია, დაიგვიანეო და, წიხლის კვრით წაუქცევია და დაუკლავს. წმიდა გიორგი განრისხებულა და ტაბეშაძეთა გვარი გაწყვეტამდე მიუყვანია. გადარჩენილა მხოლოდ სხვა სოფელში ჩასიძებული ტაბეშაძის აკვანში მწოლიარე ვაჟი. ბავშვი სხვა გვარის ხალხს მიუყვანია ტყელაში და წმ. გიორგისთვის შეუვედრებია: წმიდა გიორგი კარუგდებელო, ნუ მოკლავ ამ ბავშვს და მისი გვარი ყოველ წელს ირმის მაგივრად სამწლიან კურატს შემოგწირავსო. წმ. გიორგიმ მიიღო ვედრება და ტაბეშაძეთა გვარი კვლავ აღმდგარა და მომრავლებულა. ამ დროიდან ტაბეშაძეების ხალხს ტყელაში შესაწირავად ხარი მიჰყავს და წმიდა ღვინო – ზედაშე მიაქვს.