ვაცილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაცილა“ გადაიტანა გვერდზე „ელია (ოსური წარმარლი ღვთაება)“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ელია (ოსური წარმართული ღვთაება)“ გადაიტანა გვერდზე „ვაცილა“ გა...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 14:22, 14 იანვარი 2020 მდგომარეობით

ვაცილა ირ., ელია დიგ. (ოს. Уацилла, Елиа – „წმ. ილია წინასწარმეტყველი“) – ჭექა-ქუხილის ღმერთი, პურეული მარცვლოვანებისა და მოსავლის მფარველი ღვთაება ოსურ მითოლოგიაში. მისი კულტი მთელს ოსეთში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა; ხშირად იხსენიება „ძლევამოსილის“ ეპითეტით; უწოდებენ ასევე „პურის ვაცილას“. მისი, როგორც ჭექა-ქუხილის ღვთაების თაყვანისცემა განსაკუთრებული სიცხადით მეხნაკრავ მიცვალებულთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში ვლნიდებოდა. მეხნაკრავის გარშემო მისი ნათესავები და თანასოფლელები წრეს შეკრავდნენ და სამი დღის (ზოგჯერ რვა დღის) განმავლობაში საწესო საფერხულო სიმღერას ასრულებდნენ („ცოფფაი“) იმ იმედით, რომ ვაცილა მკვდარს გააცოცხლებდა (ვაცილას შიშით მიცვალებულს არ ტიროდნენ). აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ცხედარს სკამზე დასვამდნენ და იარაღთან და სხვა ნივთებთან ერთად იმ ადგილზე დამარხავდნენ, სადაც მეხმა დაარტყა. ჭირისუფალი სამი დღის მანძილზე საფლავს დარაჯობდა, რათა გაცოცხლების შემთხვევაში მკვდარს სამარიდან ამოსვლაში მიშველებოდნენ. თუ მეხნაკრავი მიცვალებულის დასაფლავების შემდეგ ხშირ წვიმებს დაიჭერდა, ჩათვლიდნენ, რომ ვაცილა განრისხებული იყო; ამოთხრიდნენ მკვდრის გვამს, ურემზე მოათავსებდნენ და ხარებს გარეკავდნენ; სადაც ურემი გაჩერდებოდა, იქ დაკრძალავდნენ (ასე იქცეოდნენ ნებისმიერ საგანზე მეხის დაცემის შემთხვევაში). იმდენად ძლიერი იყო შიში ვაცილას მიმართ, რომ მეხის დარტყმის შედეგად საცხოვრებელ სახლზე გაჩენილ ცეცხლსაც კი არ აქრობდნენ. მეხნაკრავი მიცვალებულის ჭირისუფალი ვალდებული იყო წლისთავზე მოეწყო ე. წ. არვძავდი ქუვდი („ციური დარტყმის ლოცვა“) იმ ადგილზე, სადაც უბედურება მოხდა. თუ მეხნაკრავი გამოჯანმრთელდებოდა, შემთხვევის ადგილზე სათანადო ლოცვის პროცესში მსხვერპლად შეწირული ცხოველის (ბატკნის ან ციკნის) თავსა და ტყავს ორ გრძელ ძელზე დაამაგრებდნენ და ვერტიკალურად აღმართავდნენ (სავალდებულო იყო ამ წესის ყოველწლიური შესრულება). გვალვისა და ხშირი წვიმების დროს ოსები ვაცილას თეთრ ცხვარს ან თხას სწირავდნენ, საწესო მსვლელობებს აწყობდნენ და მაგიური ხასიათის ქმედებებს მიმართავდნენ.

ვაცილას სახელობის სალოცავთა შორის ოსეთში ყველაზე ცნობილი იყო დარგავსის ხეობაში ტბაუს მთაზე მდებარე სალოცავი, ე. წ. ტბაუ ვაცილა. ღვთაების დღეობა ხვნა-თესვის და თიბვის დაწყების წინ და მოსავლის აღების შემდეგ აღინიშნებოდა (სწირავდნენ ცხვარს ან თხას, ალაგირის ხეობაში ხარს).

ნართული ეპოსის მიხედვით, ვაცილა ნართებთან მტრულ დამოკიდებულებაშია (იგი ხშირად მრავლობით რიცხვში იხსენიება. ვაცილათები ნართი ბათრაძის წინააღმდეგ იბრძვიან და ბევრი მათგანი სახელოვანი გმირის ხელით კვდება).


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Чибиров Л. А. Пантеон // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები