ჩომსკი ავრამ ნოამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩომსკი ავრამ ნოამ“ გადაიტანა გვერდზე „ავრამ ნოამ ჩომსკი“)

15:20, 1 ნოემბერი 2019-ის ვერსია

ავრამ ჩომსკი

ჩომსკი ავრამ ნოამ - Chomsky Avram Noam, Хомский Ноам, 1928-

ებრაული წარმოშობის ამერიკელი ლინგვისტი, ფილოსოფოსი, კოგნიტივისტი, ისტორიკოსი. თანამედროვე ფსიქოლინგვისტიკის ერთერთი ფუძემდებელი. ფილოსოფიასა და ლინგვისტიკას დაეუფლა პრინსტონის უნივერსიტეტში. ერთხანს ჰარვადში მუშაობდა. აქ დაწერა წიგნი „სინტაქსური სტრუქტურები” , რომელმაც იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ენის შესახებ მეცნიერებაზე, რომ ამ დარგში „ჩომსკისეულ რევოლუციაზეც” კი ლაპარაკობდნენ. 1955 წლიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც აქტიურად მონაწილებდა კოგნიტივისტური მოძრაობის დაფუძნებაში.

ჩომსკის წიგნში გადმოცემულია ე.წ. ტრანსფორმაციულ-გენერაციული გრამატიკის მოდელის ძირითადი ვერსია. მის მიხედვით, ენა განიხილება არა ენობრივ ერთეულთა სტატიკურ ერთობლიობად, არამედ გამართული ფრაზების წარმოქმნის თავისებურ დინამიკურ მექანიზმად. ჩომსკი პრინციპულად დაუპირისპირდა ენის ათვისების ბიჰევიორისტულ თეორიას. კერძოდ, ბ. სკინერს მიაჩნდა, რომ ენა დაისწავლება ისევე, როგორც ყველა ქცევა. ბავშვი წარმოთქვამს სიტყვას/ფრაზას, თუკი ამისთვის იგი იღებს ჯილდოს, ბავშვი ფრაზას იმეორებს. უფროსები აქტიურად ცდილობენ, წაახალისონ ბავშვი ენის სულ უფრო სწორი ათვისებისკენ და გამართული მეტყველებისკენ. პროცესი იწყება გამოთქმების უბრალო მიბაძვითა და გამეორებით და მიმდინარეობს ბიჰევიორისტული დასწავლის კანონების შესაბამისად.

ბიჰევიორისტული თვალსაზრისის სისუტე იმაშია, რომ ბავშვები ძალზე ადვილად და ძალზე სწრაფად ითვისებენ ენას იმისთვის, რომ ამის ახსნა შეიძლებოდეს მობაძვა-გამეორებისა და განმტკიცების მექანიზმებით. ბავშვები ენას ეპყრობიან შემოქმედებითად და წარმოთქვამენ გრამატიკულად გამართულ ფრაზებს, რომლებიც არასდროს მოუსმენიათ, ქმნიან ახლებურ, არარსებულ სიტყვებსა და ფრაზებს (ენა და აზროვნება). ჩომსკის აზრით, ეს აიხსნება ბავშვის შინაგანი თანდაყოლილი მიდრეკილებით ენის მიმართ, რაც გარკვეულ სიღრმისეულ სტრუქტურებზეა დაფუძნებული. ამასთან, თანდაყოლილია არა გრამატიკის რომელიმე კონკრეტული სისტემა, არამედ ენობრივი ინფორმაციის გადამუშავებისა და ენის აბსტრაქტული სტრუქტურების ჩამოყალიბების ერთგვარი თანდაყოლილი სქემა, ენის შეთვისების გამოცდილებამდელი მექანიზმი, რომელიც მეტყველების დაუფლების პროცესს განსაზღვრავს. ამით აიხსნება, რომ ბავშვები მთელ მსოფლიოში ერთი ტემპით ითვისებენ ენას და ამ პროცესში ერთსადაიმავე ეტაპებს გაივლიან ერთნაირი თანმიმდევრობით (მეტყველების ონტოგენეზი).

ამრიგად, ჩომსკი ამტკიცებს, რომ ენის შეთვისების პროცესის დაყვანა ოპერანტული დასწავლის კანონზომიერებებზე შეუძლებელია. ადამიანს აქვს თანდაყოლილი უნარიანობა, ამეტყველდეს გარკვეულ დროს, მაგრამ კონკრეტულად რა ენაზე ამეტყველდება, დამოკიდებულია ენობრივ გარემოზე. ეს უნივერსალური უნარიანობა გარკვეულ უნივერსალურ გრამატიკასაც მოიცავს. მაგ., ხუთი ათასივე არსებული ენა აუცილებლად შეიცავს არსებით სახელებსა და ზმნებს, აქვს მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის კატეგორია, უარყოფისა და შეკითხვის ფორმები, სამი პირის კატეგორია ნაცვალსახელებში და ზმნებში და სხვა. უნივერსალურია ის თანმიმდევრობაც, რომლის შესატყვისადაც ბავშვი ეუფლება დედაენას, თუმცა მშობლები ბავშვთან ურთიერთობაში არასოდეს არ იცავენ არავითარ თანმიმდევრობას: არავინ არ ცდილობს ბავშვს მიაწოდოს ჯერ სახელობითი ბრუნვა, შემდეგ ნათესაობითი; ჯერ თანწყობილი წინადადებები და შემდეგ ქვეწყობილი და ა.შ.

ფსიქოლოგიის ისტორიკოსების საერთო აზრით, ჩომსკის ნააზრევმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ბიჰევიორიზმი ამერიკაში (და, მით უმეტეს, სხვაგან) დამარცხდა და კოგნიტივიზმს დაუთმო ადგილი. ჩომსკის ლინგვისტიკა კოგნიტივისტური მეცნიერების ნაწილად მიაჩნდა. თუმცა პრაქტიკაში იგი ენის შესწავლის მაქსიმალური ავტონომიზაციისკენ იხრებოდა. ამაში ეყრდნობოდა შეხედულებას კოგნიციური უნარიანობის მოდულებისა და ამ მოდულების შედარებითი დამოუკიდებლობის შესახებ. ყველა ენაში ძირეული უნივერსალური (სიღრმისეული) სტრუქტურების დებულების საფუძველზე, ჩომსკიმ ჩამოაყალიბა ენის, როგორც აზროვნების შესწავლის საშუალების პროგრამა („ენა და აზროვნება” - 1968).

ჩომსკი არის აშშ-ს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის, ჰუმანიტარულ და ზუსტ მეცნიერებათა აკადემიის, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და მრავალი სხვა უცხოური აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრი; ჩიკაგოს, პენსილვანიის, ლონდონის, კემბრიჯის, დელის, ბუენოს-აირესისა და სხვა უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი. იგი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ხშირად ციტირებადი მეცნიერია.

ა. ჩომსკის თეორიაში გამიჯნულია ენის სიღრმისეული სტრუქტურა (უნივერსალური და თანდაყოლილი) ენის შედარებით უფრო ზედაპირული სტრუქტურისგან, რომელიც კონკრეტულ ენა-კულტურაზეა დამოკიდებული და რომელსაც ბავშვი დაისწავლის უფროსებისგან. ყოველი კონკრეტული ზედაპირული სტრუქტურა პოტენციური სიღრმისეული სტრუქტურის ერთ-ერთი შესაძლო რეალიზაციაა, აქტუალიზაციაა. თანდაყოლილი სიღრმისეული პოტენციის გარეშე აქტუალური ენა შეუძლებელი იქნებოდა.

ეს თეორია ჰგავს ფსიქიკის სიღრმისეული აგებულების კ. გ. იუნგისეულ თეორიას, რომელშიც გამიჯნულია თანდაყოლილ-უნივერსალურ-კოლექტიური არაცნობიერი (ყველაზე ღრმა ფენა) შეძენილი ინდივიდუალური არაცნობიერისგან და ინდივიდუალური არაცნობიერი - ცნობიერებისგან (ყველაზე ზედაპირული ფენა). თანაც სიღრმისეული უნივერსალური ფენა თანდაყოლილ სქემებს, არქეტიპებს მოიცავს.

ა. ჩომსკის თეორიის მთავარი ცნებაა „გენერაციული გრამატიკა” ანუ „წარმომშობი გრამატიკა”. ენის დაუფლება ბავშვის მიერ ადამიანურობის უდიდესი სასწაულია, ალბათ მეტი, ვიდრე ნებისყოფის, აზროვნებისა თუ სიყვარულის ნიჭი. მართლაც, პრეოპერაციული სტადიის აზროვნების მქონე 3-4-წლიანი ბავშვი ათასობით ურთულეს და უფაქიზეს გრამატიკულ ფორმას ეუფლება, თანაც ყოველგვარი სწავლების გარეშე. მაგ., მრავალი 3-წლიანი ქართველი ბავშვი აქტიურად და სულ ადვილად, წამიერად ხმარობს ზმნის უნებურობის ვნებითის ფორმებს (დამივარდა/დავაგდე, გამიტყდა/გავტეხე), თვითონაც კი ქმნის ახალ, ენაში არარსებულ ფორმებს, მაგ.: (კი არ დავაფურთხე, არამედ) დამეფურთხა. ეს ქართული ენის იმდენად რთული მორფოსინტაქსური კატეგორიაა, რომ უცხოელ ენათმეცნიერებსაც კი უჭირთ მისი დაუფლება. და როგორ ეუფლება მას 3-წლიანი ბავშვი, თანაც თავისით? რამდენიმე წელიწადში როგორ ეუფლება ათიათასობით მორფოლოგიურ და სინტაქსურ ფორმას? და ეს ყოველივე იმ ასაკში ხდება, როდესაც ბავშვის აზროვნება იმდენად სუსტი და მოუქნელია, რომ ბავშვი ვერ პასუხობს იმას, თუ თვითონ ვის წინ ზის (ცენტრირებულობა).

ა. ჩომსკისეული ცნება „გენერაციული გრამატიკა” მხოლოდ აღწერს ამ სასწაულს - და ვერ ახსნის. მას არც კი აქვს ახსნის პრეტენზია, რადგან თვით ეს ცნება სათანადო თანდაყოლილ უნარიანობასა და მეტიც, თანდაყოლილ ენობრივ სქემებს ემყარება.

საინტერესოა ჩომსკის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა. იგი ანტიგლობალისტი და ანარქისტია და აქტიურადაც მოქმედებს ამ იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით, მონაწილეობს საპროტესტო ღონისძიებებში და სხვა. ამიტომ ის დისიდენტივითაა, თუმცა მას უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი იცავს.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები