ბიბლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 64: ხაზი 64:
 
[[კატეგორია:ბიბლია]]
 
[[კატეგორია:ბიბლია]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]]
[[კატეგორია:წიგნები]]
+
[[კატეგორია:წმიდა წიგნები ქრისტიანთათვის]]

14:43, 10 აგვისტო 2017-ის ვერსია

გუტენბერგის ბიბლია

ბიბლია - (ბერძ. Biblia, biblion წიგნი) – სულიწმიდის მიერ წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით დაწერილი წმინდა წერილი, რომელიც იქმნებოდა ჩვ. წ. აღ-მდე მე-13 საუკუნიდან მე-2 საუკუნემდე. შედგება 2 ნაწილისგან: ძველი აღთქმა - ქრისტეს შობამდე დაწერილი წიგნები. ახალი აღთქმა - ქრისტეს შობის შემდგომ დაწერილი წიგნები

სარჩევი

ეტიმოლოგია

ეტიმოლოგიურად „ბიბლონ“ უკავშირდება ეგვიპტური მცენარის „პაპირუსის“ (ქართულად „ჭილის“) ბერძნულ შესატყვისს - „ბიბლოს“, რომელიც, გარდა მცენარისა - პაპირუსისა ანუ ჭილისა, ეწოდებოდა იმავე მცენარისაგან დამზადებულ საწერ მასალას, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის), ანდა ქაღალდის მაგიერ რომ გამოიყენებოდა. ამ სიტყვამ („ბიბლოს“) შემდეგ წიგნის მნიშვნელობა შეიძინა.

ბიბლიას, „საღვთო წერილისა“ და „წმიდა წერილის“ გარდა, შეიძლება ვუწოდოთ „წიგნთაწიგნი“, „თვითწიგნი“, მარტივად „წიგნი“, „წერილი“. როდესაც იტყვიან: „წიგნი გვაუწყებს“, „წერილი გვაუწყებს“, „წიგნის“ ქვეშ ბიბლია იგულისხმება.

ისტორია

ბიბლია ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა საერთო სახელწოდებაა. ეს ტერმინი პირველად ქრისტეს შემდეგ III საუკუნეში გამოიყენეს, კერძოდ, ფსევდოკლემენტემ, კლემენტე ალექსანდრიელმა და ორიგენემ.

ბიბლია ეწოდება თეოლოგიურ-ლიტერატურულ მთლიანობას, რომელიც 73 ნაწარმოებისაგან შედგება. ის ორ ძირითად ჯგუფად იყოფა, ესენია: ებრაული წარმოშობის ძველი აღთქმა (46 ტექსტი – „წიგნი“) და ქრისტიანული წარმოშობის ახალი აღთქმა (27 ტექსტი – „წიგნი“).

პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, ბიბლიის სხვადასხვა წიგნები „თავებად“, ეს უკანასკნელნი კი „მუხლებადაა“ დაყოფილი. ბიბლიის თავებად დაყოფა XII საუკუნეში ინგლისელმა კარდინალმა სტეფანე ლანგტონმა დაამკვიდრა, მუხლებად დაყოფა კი XVI საუკუნეში ფრანგმა მბეჭდავმა, რობერტ ესტიენმა

სარწმუნოება ბიბლიას ერთ მთლიანობად აღიქვამს, თუმცა ლიტერატურული აგებულების, ისტორიული მიმართების, თეოლოგიურ შინაარსთა თვალსაზრისით ის მრავალმხრივად და არაერთგვაროვნად წარმოგვიდგება.

პირველკანონიკური და მეორადკანონიკური წიგნები

წიგნები, რომლებსაც ბიბლიურს უწოდებენ, ჯგუფდება ორ კატეგორიად: კანონიკური ანუ დაბეჭდილი (ე.ი. ბეჭედდასმული) და არაკანონიკური ანუ დაუბეჭდავი. უკანასკნელთ ხშირად აპოკრიფულსაც ეძახიან („აპოკრიფი“ ბერძნული სიტყვაა და „დაფარულს“ ნიშნავს).

კანონიკური ანუ წმიდა სულის მადლით დაბეჭდილი წიგნების ერთობლიობა სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია კანონის სახელით. „კანონი„ ხშირად ბიბლიის მნიშვნელობით იხმარება. კანონიკურია წიგნები, რომელთაც ტრადიცია მუდამ ღმრთისგან „შთაგონებულებად“ მიიჩნევდა. აქედან, ბიბლია „ღმრთის სიტყვად“ აღიქმება. ბიბლია ამკვიდრებს იმ მნიშვნელობას, რომელიც აქვს, ღმრთის თვალსაწიერიდან, ისრაელის ისტორიასა და იესოს ისტორიას, ეკლესიის ისტორიას მისი აღმოცენების ჟამს და, აქედან გამომდინარე, ჩვენს ისტორიას. ბიბლიის ცალკეულ წიგნებთან მიმართებაში ტერმინები პირველკანონიკური და მეორადკანონიკური XVI საუკუნეში მოღვაწე სისტო სიენელმა დაამკვიდრა, ვინც ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნთა შორის განასხვავა წიგნები, რომელთა გამო საზოგადო თანხმობა არსებობდა, იმ წიგნთაგან, რომელთა ღმრთივშთაგონებულ ხასიათთან დაკავშირებით საუკუნეთა მანძილზე ეჭვობდნენ.

მეორადკანონიკური წიგნებია: ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისი, სიბრძნე ზირაქისი, ბარუქ წინასწარმეტყველი, პირველი და მეორე მაკაბელთა, ნაწყვეტები დანიელ წინასწარმეტყველისა (3:24-90; 13; 14) და ესთერის (10:4- 16:24) წიგნებიდან. ებრაელებმა მათ მიერ წმიდად აღიარებულ წიგნთა კანონი იავნეს სინოდზე დაამტკიცეს დაახლოებით ქრისტეს შემდეგ I საუკუნის დასასრულს. მასში არ არის შესული მეორადკანონიკური წიგნები.

ბიბლიის ენა

რაც შეეხება ბიბლიის ენას, ძველი აღთქმა თითქმის მთლიანად ებრაულ ენაზე დაიწერა. გამონაკლისს წარმოადგენდა არამეულად ნაწერი შემდეგი მონაკვეთები: იერ. 10:11; დან. 2:4ბ-7:28; გამ. 4:8-6:18; 7:12-26 და ბერძნულად დაწერილი სიბრძნე სოლომონისი და მეორე მაკაბელთა. ახალი აღთქმა მთლიანად ბერძნულ ენაზე დაიწერა, გარდა, როგორც ტრადიცია მოწმობს, მათეს სახარებისა, რომლის არამეულად დაწერილი ტექსტიც მთლიანად დაიკარგა. ახალი აღთქმის ბერძნული ავტოგრაფები დაკარგულია და მათ ჩაენაცვლა აპოგრაფები ანუ გადაწერილი პირები, რომელთა შედარებისა და ძველი თარგმანების სათანადოდ გამოყენების მეშვეობით სწავლულებს ძალუძთ, აღადგინონ ტექსტის თავდაპირველი სახე.

ძველი აღთქმა

ძველი აღთქმის ტექსტებმა, დღევანდელ საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ჯერ ზეპირი და შემდეგ წერილობით გადმოცემის ხანგრძლივი პროცესი განვლეს. წმიდა მამათა განმარტებით ძველი აღთქმა მოიცავს ძალიან დიდ მონაკვეთს: ქვეყნიერების შექმნიდან ქრისტეს შობამდე,

ახალი აღთქმა

ხოლო ახალი აღთქმა - ქრისტეს შობიდან ამაღლებითა და სულთმოფენობის ჩათვლით, მასში შედის ისტორიული ნაწილი „საქმე მოციქულთა“, მოციქულთა ქადაგებანი და საწინასწამეტყველო წიგნი „აპოკალიფსი“.

წმიდა მამათა აზრით, ძველ აღთქმას უწოდებენ წინასწარმეტყველებას ახალი აღთქმისას, ხოლო ახ. აღთქმას - ძველი აღთქმის აღსრულებას.

ბიბლიის ქართული თარგმანები

ქართულად პირველად ბიბლიის ის წიგნები გადმოთარგმნეს, რომლებიც საღმრთო ლიტურგიისათვის სჭირდებოდათ, კერძოდ - სახარება, სამოციქულო და ფსალმუნები. ქართველი მემატიანის მიხედვით სახარება V საუკუნეში გადმოთარგმნეს წმ. ვახტანგ გორგასლის დედის - დედოფალ საგდუხტის (408-410 წ.წ.) თხოვნით. წმ. გადმოცემით, ფარსმან მეფემ (542-555 წ.წ.) წმიდა შიოს სწორედ ეს სახარება მისცა. წმ. გიორგი მთაწმინდელის აზრით საქართველოში მისი დროისათვის ბიბლიის სამი თარგმანი იყო ხმარებაში:

  • I - ძველი,
  • II - საბაწმიდური,
  • III - თვით წმ. გიორგისა.

წმ. გიორგი ქებით იხსენიებს წმ. ექვთიმეს თარგმანსაც. წმ. გიორგიმ შეასწორა უგნურთაგან შებღალული სახარება. ე.ი. ქართულად „დაბადების“ სრული თარგმანი საქართველოში XI საუკუნემდე უკვე იყო. „დაბადება“ ნაწილ-ნაწილ ითარგმნებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირთაგან და სხვადასხვა ადგილას - თვით საქართველოში, პალესტინაში, სირიაში, კონსტანტინოპოლში და ათონზე.

დროთა განმავლობაში ხელნაწერი ქართული ბიბლია ისევ დამახინჯდა ზოგჯერ უნებურად გადამწერთაგან, ზოგჯერ შეგნებულად, ამიტომ არჩილ მეფემ რუსეთში გადასახლების შემდეგ იგი შეავსო სლავიანური თარგმანებიდან, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომა გაიპარა გადამწერთაგან, რომელთა კვლავ შესწორება გადაწყვიტა მეფე ბაქარ ვახტანგის ძემ. მისი და სასულიერო კრების დადგენილებით, ეს მძიმე ტვირთი თავის მხრებზე აიღო ვახუშტი ბატონიშვილმა, რომელმაც არა მარტო შეასწორა და შეავსო „დაბადების“ გამოტოვებული ადგილები, არამედ შეადარა კიდეც ბერძნულ, ებრაულ, ლათინურ, ასურულ და სომხურ დაბადებებს, დაყო თავებად და მუხლებად.

წიგნების ბეჭდვის შემოღების შემდეგ პირველად ქართულად დაიბეჭდა „დავითნი“ 1705 წ. მოსკოვში. თბილისში სახარება პირველად დაიბეჭდა 1709 წ, ხოლო მთლიანად „დაბადება“, ჯერ მოსკოვში 1743 წ. („ბაქარისეული“), შემდეგ თბილისში - 1884 წ.

ეს უფრო მეტად იყო არეულ-დარეული, ვიდრე ბაქარის დაბადება. იგი ერთხელ კიდევ შეასწორა 1896 წ. დანიშნულმა ბიბლიის შემსწორებელმა ახალმა კომიტეტმა, მაგრამ დაიბეჭდა მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული.

ყველაზე სრული და შემოწმებული ბიბლია დაიბეჭდა ახალი ქართული თარგმანით ჩვენი პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით 1989 წ.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები