სამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 78: ხაზი 78:
 
„ქრისტიანობის ყველაზე სრულყოფილი წესი, მისი უმაღლესი მწვერვალია გსურდეს ის, რაც ყველასათვის სასარგებლოა“, - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი… „მე ვერ „წარმომიდგენია, ადამიანმა შეძლოს ცხონება, თუ ის არ იღწვის თავისი მოყვასის ხსნისათვის“. ეს იგულისხმება წმ. სამების დოგმატის პრაქტიკულ განხორციელებაში. ამას ნიშნავს იცხოვრო სამებით.
 
„ქრისტიანობის ყველაზე სრულყოფილი წესი, მისი უმაღლესი მწვერვალია გსურდეს ის, რაც ყველასათვის სასარგებლოა“, - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი… „მე ვერ „წარმომიდგენია, ადამიანმა შეძლოს ცხონება, თუ ის არ იღწვის თავისი მოყვასის ხსნისათვის“. ეს იგულისხმება წმ. სამების დოგმატის პრაქტიკულ განხორციელებაში. ამას ნიშნავს იცხოვრო სამებით.
  
''მიტროპოლიტ კალისტე უეარის წიგნიდან „მართლმადიდებლობის გზა“.
 
  
ინგლისურიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ.''
 
  
  
 +
== წყარო ==
 +
*ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 +
*''მიტროპოლიტ კალისტე უეარის წიგნიდან „მართლმადიდებლობის გზა“. ინგლისურიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ.''
  
  
 
 
== წყარო ==
 
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული ღვთისმეტყველება]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული ღვთისმეტყველება]]
 
[[კატეგორია:სამება]]
 
[[კატეგორია:სამება]]

11:18, 20 ივნისი 2017-ის ვერსია

სამება - ერთარსება, განუყოფელი, სამპიროვანი ჭეშმარიტი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი.

მამა ღმერთი უშობელია, დაუსაბამოა. მამა დაუსაბამო და დასაბამი არის ძისა და სულისა წმიდისა.

ძე ღმერთი - მამისაგან შობილია ( არა ქმნილი), საუკუნეთა (დროთა) უწინარეს ე.ი. დროის მიღმა - დაუსაბამოა. ძე ღმერთი შობილია მამა ღმერთისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იგი ისევე მარადიულია, როგორც მამა ღმერთი.

სულიწმიდა - ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, რომელიც მამისაგან გამოვალს - მამისათანა და ძისათანა თაყვანისიცემების და თანაიდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ყოვლადწმიდა სამების სამივე ჰიპოსტასი არსით ერთი და იგივეა. თითოეულ მათგანს აქვს საღვთო სავსება - უკიდეგანო და განუზომელი. სამივე ჰიპოსტასი თანაბრად დიდებული და თაყვანსაცემია.

„მრწამს ერთი ღმერთი“: ვადასტურებთ „მრწამსის“ დასაწყისში, შემდეგ კი უფრო მეტს ვამბობთ: მწამს ერთი ღმერთი, ვინც ამავე დროს სამპიროვანია: მამა, ძე და სულიწმინდა. ღმერთში ერთდროულად ნამდვილი სხვადასხვანაირობაცაა და ერთობაც. ქრისტიანული ღმერთი არა მხოლოდ ერთია, არამედ ერთობაა, არა მხოლოდ ჭეშმარიტი ერთობაა, არამედ საზოგადოება. ღმერთში არის რაღაც ანალოგიური „საზოგადოებისა“. ის არ არის ერთი პიროვნება, რომელსაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს, არ არის ჩაკეტილი მონადა ან „მხოლოდ ერთი“, ის სამერთობაა: სამი თანასწორი პიროვნება, რომელთაგან თითოეული დანარჩენ ორში იმყოფება ურთიერთსიყვარულის უწყვეტი მოძრაობის ძალით.

ყველაზე მთავარია ვიპოვოთ სამება ღმერთის საუკეთესო ანალოგია არა ჩვენ გარეთ, ფიზიკურ სამყაროში, არამედ საკუთარ გულში. ეს ანალოგია კი იქნება ინტენსიური ზრუნვა სხვა პიროვნებაზე და იმის ცოდნა, რომ ჩვენი სიყვარული უკან დაგვიბრუნდება.

მამა, ძე და სულიწმინდა არსით ერთნი არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამივეს ღვთაებრივი ბუნება აქვს, არამედ იმ აზრითაც, რომ ისინი ქმნიან ერთადერთ განსაკუთრებულ რეალობას. ამ აზრით მნიშვნელოვანი განსხვავებაა სამი საღვთო პიროვნების ერთობასა და სამი ადამიანური პიროვნების ერთობას შორის. სამი პიროვნება: პეტრე, იაკობი და იოანე ზოგადად ადამიანები არიან. თუმცა ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, თითოეული ინარჩუნებს თავის საკუთარ ნებასა და ენერგიას, მოქმედების განსხვავებული სიძლიერით. მოკლედ, ისინი არიან სამი დამოუკიდებელი ადამიანი და არა ერთი. მაგრამ ყოვლადწმინდა სამების სამი პირის შემთხვევაში სულ სხვაგვარადაა. პირებს შორის არის განსხვავება, მაგრამ არა განცალკევება. მამას, ძესა და სულიწმინდას, როგორც ამას წმინდანები ადასტურებენ საღვთო წერილის მოწმობის მიხედვით, მხოლოდ ერთი ნება აქვთ და არა სამი, მხოლოდ ერთი ენერგია და არა სამი. არც ერთი ამ სამთაგანი არასოდეს მოქმედებს დანარჩენი ორისაგან დამოუკიდებლად. ისინი არიან არა სამი ღმერთი, არამედ ერთი.

თუმცა ეს სამი პირი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არასოდეს მოქმედებს, ღმერთში განსაკუთრებულ ერთობასთან ერთად ნამდვილი განსხვავებულობაცაა. ჩვენს ცხოვრებაში ღმერთის მოქმედების მაგალითზეც ვხედავთ, რომ თუმცა ეს სამი ყოველთვის ერთად მოქმედებს, მაინც თითოეული მათგანის მოქმედება ჩვენში განსხვავებულია. ჩვენ განვიცდით ღმერთს, როგორც სამს ერთში და გვწამს, რომ ღმერთის გარეგნული მოქმედების ეს სამებრივი განსხვავება მის შინაგან ცხოვრებაში არსებული სამებრივი განსხვავების ასახვაა. სამების პირებს შორის განსხვავება უნდა მივიჩნიოთ თვით ღმერთის ბუნებაში არსებულ მარადიულ განსხვავებად; ეს არ ეხება მხოლოდ ღმერთის გარეგნულ მოქმედებას სამყაროში. მამა, ძე და სულიწმინდა არ არიან ღვთაებრივის გამოვლენის „მეთოდი“ ან „მანერა“, არც ნიღბები, რომლებსაც ღმერთი დროებით მოირგებს ქმნილებასთან ურთიერთობისას და შემდეგ გვერდზე გადადებს. არამედ ისინი არიან სამი თანასწორი და თანამარადიული პიროვნება. კაცობრივი მამა თავის შვილზე უფროსია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ღმერთზე, როგორც „მამაზე“ და „ძეზე“, ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ძის შესახებ ვამბობთ, რომ „არ იყო დრო, როდესაც ის არ არსებობდა“ და ამასვე ვამბობთ სულიწმინდაზეც.

თითოეული ამ სამთაგანი სრულად და მთლიანად ღმერთია. არც ერთი არ არის უფრო მეტად ან ნაკლებად ღმერთი, ვიდრე დანარჩენი.

თითოეული ფლობს არა ღვთაებრიობის ერთ მესამედს, არამედ მას მთლიანად, მთელი თავისი სისრულით; მაინც თითოეული მათგანი თავისებური, პიროვნულად განსხვავებული ღმერთია. წმინდა გრიგოლ ნოსელი ხაზს უსვამს ამგვარ ტრინიტარულ ერთობას სხვადასხვაობაში და წერს:

„ყველაფერ იმას, რაც მამაა, ჩვენ ვხედავთ ძეში განცხადებულს, ყველაფერი, რაც შვილისაა, მამისაცაა, რადგან მთლიანი ძე მყოფობს მამაში და მამა მყოფობს ძეში მთლიანად. ძე, ვინც ყოველთვის არსებობს მამაში, ვერასოდეს გამოეყოფა მას, ვერც სულიწმინდა გამოეყოფა ოდესმე ძეს, რომელიც სულიწმინდის საშუალებით იქმს ყველაფერს. ის, ვინც იღებს მამას, ამავე დროს იღებს ძესაც და სულიწმინდასაც. შეუძლებელია მათ შორის რაიმე სახის დაყოფის ან გათიშვის წარმოდგენა: ადამიანი ვერ იფიქრებს ძეზე მამის გარეშე, ვერც გამოყოფს სულიწმინდას ძისაგან. ამ სამს შორის ისეთი ურთიერთობა და განსხვავებაა, რომლებიც სიტყვებისა და გაგების მიღმაა. პირებს შორის განსხვავება არ არღვევს საღვთო ბუნების ერთობას, არც თანაარსობას მივყავართ პირების განსხვავებული თვისებების ერთმანეთში არევისაკენ. არ გაგიკვირდეთ, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღმერთზე, როგორც ერთიანზე და ამავე დროს მასში არსებულ განსხვავებულობაზეც. ამის შესახებ ქარაგმულად ვსაუბრობთ და აღმოვაჩენთ უცნაურ და პარადოქსულ სხვადასხვაობას ერთობაში და ერთობას სხვადასხვაობაში.“

„ქარაგმულად საუბარში“ წმ. გრიგოლ ნოსელი გულისხმობს, რომ სამების დოგმატი „პარადოქსულია“ და „სიტყვებისა და ადამიანური გაგების“ მიღმაა. ეს ისეთი რამაა, რასაც ღმერთი გვიცხადებს და რასაც ჩვენი გონებით ვერ ვხედავთ. ადამიანურ ენაზე შეგვიძლია ქარაგმულად მასზე ვისაუბროთ, მაგრამ სრულად ვერასოდეს ავხსნით. გონებრივი ძალები ღვთისაგან გვაქვს მონიჭებული და სრულად უნდა გამოვიყენოთ ისინი, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ მისი საზღვრებიც. სამება არ არის ფილოსოფიური თეორია, არამედ ცოცხალი ღმერთია, ვისაც თაყვანს ვცემთ; ასე რომ, წმ. სამებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში იქამდე მივდივართ, სადაც არგუმენტებმა და ანალიზმა ადგილი უსიტყვო ლოცვას უნდა დაუთმოს. „დაე ყოველი ხორციელი დადუმდეს და იდგეს შიშითა და ძრწოლით“ (წმ. იაკობის ლიტურგია).

პიროვნული თვისებები

სამების პირველი პირი, მამა ღმერთი ღვთაებრიობის სათავე, დანარჩენი ორი პირის წარმოშობის წყარო, მიზეზი ანუ პრინციპი, სამი პირის შემაერთებელია: ღმერთი ერთია, რადგან მამა ერთია. „მამა ღმერთი არის სამების პირების დამაკავშირებელი, ვისგანაც მომდინარეობს და ვისკენაც მიემართება მათი თანმიმდევრობა“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი, ქადაგება 42,15). დანარჩენი პირებიდან თითოეული განისაზღვრება მამასთან მიმართებაში: ძე არის „შობილი“ მამისაგან, სულიწმინდა „გამოდის“ მამისაგან. ლათინურ დასავლეთში ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ სულიწმინდა გამოდის „მამისაგან და ძისაგან“; ამიტომ სიტყვა ფილიოქუე („და ძისაგან“) დაემატა „მრწამსის“ ლათინურ ტექსტს. მართლმადიდებლობა ფილიოქუე-ს არა მხოლოდ უნებართვო დამატებად თვლის, რადგანაც ის „მრწამსში“ ქრისტიანული აღმოსავლეთის თანხმობის გარეშე ჩაემატა, არამედ მიაჩნია, რომ „ორმაგი გამომავლობის“ დოგმატი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უზუსტო და სულიერად საზიანოა. IV საუკუნის ბერძენი მამები, რომელთა სწავლებასაც მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე მიჰყვება, ამბობენ, რომ მამა ღმერთი არის ერთადერთი წყარო და საფუძველი ღვთაებრივი ერთობისა. სარისკოა იმის თქმა, რომ ძეც ისევეა ერთობის წყარო, როგორც მამა, რადგან ასე შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ წმ. სამების პირთა განსხვავებული თვისებები.

წმ. სამების მეორე პირია ძე ღვთისა, მისი „სიტყვა“ ანუ ლოგოსი. როდესაც ღმერთის შესახებ ვსაუბრობთ როგორც ძესა და მამაზე, ამავდროულად ვგულისხმობთ მათ შორის ორმხრივ სიყვარულს. ეს ნიშნავს, რომ თვით ღმერთი, როგორც ძე, მარადიულად, ძეობრივი მორჩილებითა და სიყვარულით უკუმიაგებს მამა ღმერთს არსებობას, რომელსაც მამა თავისი მამობრივი თვითგაცემით მარადიულად შობს მასში. მამა თავს გვიცხადებს სწორედ ძეში და ძის საშუალებით: „მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი; არავინ მოვიდეს მამისა გარნა ჩემ მიერ“. (იოანე 14:6). ძე ღვთისა იშვა დედამიწაზე როგორც კაცი, ქალწულ მარიამისაგან, ბეთლემში. მაგრამ როგორც სიტყვა ანუ ღმერთის ლოგოსი, ის განკაცებამდეც მოქმედებდა. ის არის ყველაფრის მოწყობის პრინციპი და მიზანი, რომელიც მსჭვალავს ყველაფერს, მიჰყავს ღმერთში ერთობისაკენ და აქცევს სამყაროს „კოსმოსად“, ერთ ჰარმონიულ მთლიანობად. შემოქმედმა ლოგოსმა თითოეულ ქმნილებას მიანიჭა მისი (ქმნილების) საკუთარი შინაგანი ლოგოსი ანუ შინაგანი პრინციპი, რითაც ქმნილება იძენს განსხვავებულ თავისთავადობას და რომელსაც ამავე დროს მიჰყავს ეს ქმნილება ღმერთისაკენ.

წმ. სამების მესამე პირია სულიწმინდა, „ქარი“ ანუ ღმერთის „სუნთქვა“. თუმცა ვაღიარებთ, რომ სამების პირთა ნებისმიერი კლასიფიკაცია არაადეკვატური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ სულიწმინდა არის ღმერთი ჩვენში, ძე არის ღმერთი ჩვენთან და მამა არის ღმერთი ჩვენს მაღლა ან ჩვენს მიღმა. ისე, როგორც ძე გვიჩვენებს მამას, ასევე სულიწმინდა გვიჩვენებს ძეს, წარმოგვიდგენს მას. ეს ურთიერთობა მაინც ორმხრივია. სულიწმინდა წარმოგვიდგენს ძეს, მაგრამ ძე გვიგზავნის სულიწმინდას. (უნდა აღვნიშნოთ განსხვავება სულიწმინდის „მარადიულ გამომავლობასა“ და მის „დროებით მისიას“ შორის. ძე აგზავნის სულიწმინდას ამ ქვეყნად, დროში, მაგრამ რაც შეეხება წმ. სამების მარადიულ ცხოვრებაში სულიწმინდის არსებობის წყაროს, ის მხოლოდ მამისაგან გამოდის).

ღმერთის ორი ხელი

იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ წმ. სამების დოგმატი, ვნახოთ, თუ როგორ ვლინდება სამება კაცობრიობის გამოხსნის ისტორიასა და ჩვენს ლოცვით ცხოვრებაში. როგორც უკვე ვნახეთ, სამების სამი პირი ყოველთვის ერთად მოქმედებს და აქვს მხოლოდ ერთი ნება და ენერგია. წმ. ირინეოს ლიონელი საუბრობს ძესა და სულიწმინდაზე, როგორც მამა ღმერთის „ორ ხელზე“. ყოველ მის შემოქმედებით და განმწმედელ აქტში მამა ღმერთი ორივე „ხელს“ ერთდროულად იყენებს. წმ. წერილი და საეკლესიო ღვთისმსახურება განუწყვეტლივ გვაწვდის ამის მაგალითებს:

1. შესაქმე

„სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა-ყოველი ძალი მათი“ (ფს. 32:6). მამა ღმერთი ქმნის თავისი „სიტყვის“ ანუ ლოგოსის (მეორე პირი) და თავისი „სუნთქვის“ ანუ სულიწმინდის (მესამე პირი) საშუალებით. მამის „ორი ხელი“ ერთად მოქმედებს სამყაროს ფორმირების დროს. ლოგოსის შესახებ ნათქვამია: „ყოველივე მის მიერ შეიქმნა“” (იოანე 1:3): (შეადარეთ „მრწამსს“… „რომლისაგან ყოველი შეიქმნა“); სულიწმინდის შესახებ კი ნათქვამია, რომ შესაქმის დროს ის „დასტრიალებდა“ ანუ „იქცეოდა ზედა წყალსა“ (შესაქ. 1:2). ყველა ქმნილება სამების ბეჭდითაა აღბეჭდილი.

2. განკაცება

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დროს მამა ღმერთმა სულიწმინდა გარდამოუვლინა ქალწულ მარიამს და მან მუცლად იღო ღვთის მარადიული ძე (ლუკა 1:35). ასე რომ, ღვთის განკაცება სამების ნამოღვაწარია. მამა ღმერთმა გარდამოავლინა სულიწმინდა, რათა მას განეხორციელებინა ქალწულის მუცელში ძე ღვთისას ყოფნა. განკაცება არა მხოლოდ სამების მოღვაწეობის შედეგია, არამედ ქალწულ მარიამის თავისუფალი ნებისაც. ღმერთი ელოდებოდა მის ნებაყოფლობით თანხმობას, რაც ქალწულის სიტყვებში გამოიხატა: „აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე ნებისაებრ შენისა“ (ლუკა 1:38). ქალწულ მარიამს რომ ამ თანხმობისაგან თავი შეეკავებინა, ღვთის დედა ვერ გახდებოდა. საღვთო მადლი ადამიანის ნების თავისუფლებას კი არ სპობს, არამედ ადასტურებს.

3. ქრისტეს ნათლისღება

მართლმადიდებლურ ტრადიციაში ქრისტეს ნათლისღება განმარტებულია, როგორც სამების განცხადება. მამა ღმერთის ხმა ზეციდან ამოწმებს ძეს შემდეგი სიტყვებით: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი რომელი მე სათნო ვიყავ“ და იმავე წუთს სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოვიდა მამისაგან და დაადგრა ძეს (მათე 3: 16,17). მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლისღებისას (19 იანვარი), ქრისტეს ნათლობის დღესასწაულზე გალობენ:

“რაჟამს იორდანეს ნათელ იღებდ შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელ გდვა შენ, და სულიწმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა“.

4. ქრისტეს ფერისცვალება

ესეც სამებასთან დაკავშირებული მოვლენაა. აქაც ისეთივე ურთიერთობაა სამების სამ პირს შორის, როგორიც ნათლისღების დროს. მამა ამოწმებს ზეციდან: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი რომელი მე სათნო ვიყავ, ამისი ისმინეთ“ (მათე 17:5) და როგორც ნათლისღებისას, სულიწმინდა გარდამოდის ძეზე, ამ შემთხვევაში ნათლის ღრუბლის ფორმით (ლუკა 9:34). როგორც ამ დღესასწაულის (19 აგვისტო) ერთ-ერთ საგალობელშია: „ნათელო უცვალებელო, სიტყვაო ნათლისა მის მამისა უშობელისაო, გამოჩინებულითა მით ნათლითა შენითა, დღეს თაბორს ზედა ნათელი ვიხილეთ მამა ნათელი, სული წმინდა, განმანათლებელად ყოველთა დაბადებულთათვის“. 5. ევქარისტიული კანონი (სულიწმინდის გარდამოსვლის ლოცვები)

ევქარისტიის კულმინაციურ მომენტში, ანუ სულიწმინდის მოხმობის ლოცვებში ნათლად ჩანს სამების იგივე ნიმუში, როგორიც ხარების, ნათლისღებისა და ფერისცვალების დროს. წმ იოანე ოქროპირის ლიტურგიაზე მღვდელი მიმართავს მამა ღმერთს შემდეგი სიტყვებით:

„მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას, და უსისხლოსა მსხვერპლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმინდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღუენთა ზედა. და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა.და ბარძიმსა ამას შინა, პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა. შესცვალე სულითა შენითა წმინდითა.

როგორც ხარების დღესასწაულზე, ასევე ევქარისტიაზე ქრისტეს განკაცებისას, მამა გარდამოავლენს სულიწმინდას, რათა აღასრულოს ძის მყოფობა ნაკურთხ ძღვენზე. აქაც, ისევე როგორც ყველგან, სამების სამი პირი ერთად მოქმედებს.

ცხოვრება სამებით

ადამიანები შექმნილი არიან სამება ღმერთის ხატად და ამიტომ მოწოდებულნი არიან დაამკვიდრონ დედამიწაზე იმ ურთიერთსიყვარულის საიდუმლო, რომელიც სამებას აქვს. შუა საუკუნეების რუსეთში წმ. სერგი რადონეჟელმა თავისი ახლად დაარსებული მონასტერი წმ. სამებას მიუძღვნა სწორედ იმის გამო, რომ სურდა მის ბერებსაც ყოველდღიურად ისეთივე სიყვარული გამოევლინათ ერთმანეთისადმი, როგორიც სამ საღვთო პირს შორის არსებობს. ეს არა მხოლოდ ბერების მოწოდებაა, არამედ ყველა ადამიანისა. ყოველი სოციალური ერთეული: ოჯახი, სკოლა, სახელოსნო, სამრევლო, ეკლესია უნდა წარმოადგენდეს სამერთობის ხატს. რადგან ვიცით, რომ ღმერთი არის სამი ერთში, თითოეული ჩვენგანი მოვალეა იცხოვროს საკუთარი თავის მსხვერპლთშეწირვით სხვაში და სხვისი გულისათვის, თითოეული მოვალეა გამუდმებით განახორციელოს პრაქტიკული მსახურება და აქტიური თანაგრძნობა. ყოვლადწმინდა სამებისადმი რწმენა გვავალებს, ვიბრძოლოთ ყველა დონეზე ჩაგვრის, უსამართლობისა და ექსპლუატაციის ყოველგვარი ფორმის წინააღმდეგ. სოციალური სამართლიანობისა და „ადამიანის უფლებებისათვის“ ბრძოლაში ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ წმ. სამების სახელით. „ქრისტიანობის ყველაზე სრულყოფილი წესი, მისი უმაღლესი მწვერვალია გსურდეს ის, რაც ყველასათვის სასარგებლოა“, - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი… „მე ვერ „წარმომიდგენია, ადამიანმა შეძლოს ცხონება, თუ ის არ იღწვის თავისი მოყვასის ხსნისათვის“. ეს იგულისხმება წმ. სამების დოგმატის პრაქტიკულ განხორციელებაში. ამას ნიშნავს იცხოვრო სამებით.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • მიტროპოლიტ კალისტე უეარის წიგნიდან „მართლმადიდებლობის გზა“. ინგლისურიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები