დავით V (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დავით V''' − საქართველოს მეფე, იმეფა ექვსი თვე (1155-1156). [[დემეტრე ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:58, 20 ივნისი 2024 მდგომარეობით

დავით Vსაქართველოს მეფე, იმეფა ექვსი თვე (1155-1156). დემეტრე I-ის უფროსი ძე. დემეტრე I-ს ორი ვაჟი ჰყავდა - დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითი წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ვაჟს დავითს უნდა მიეღო, მაგრამ დემეტრე იყო „მარჩეველი ძისა უმცროსისა“ გიორგისა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თავის მემკვიდრედ დემეტრე გიორგის აცხადებდა და სამეფო ტახტსაც უზიარებდა.

რა იყო მიზეზი დემეტრესა და დავითს შორის ცუდი დამოკიდებულებისა წყაროებში ამის შესახებ არას ამბობენ.

დავითმა, როგორც ჩანს, კარგად დაინახა, რომ თუ იგი აქტიურ მოქმედებაზე არ გადავიდოდა, ტახტს არავინ მიართმევდა. მან დაიწყო მზადება შეთქმულებისათვის, რაც მიზნად დემეტრეს ჩამოგდებას ისახავდა, მაგრამ ეს გამოსვლა მეფეს ადვილად ჩაუხშია, თუმცა დემეტრეს აჯანყების მოთავენი არ დაუსჯია. რატომ? წყაროებში არაფერია ცნობილი. ეს ამბავი დაახლოებით 1150 წელს უნდა მომხდარიყო.

პირველ მარცხს დავითი არ შეუშინებია, მან ახალი აჯანყება მოუწყო მამას, ტახტიდან ჩამოაგდო იგი, ბერად აღკვეცა და დავით-გარეჯის მონასტერში გაგზავნა.

დემეტრეს ჩამოგდებას ტახტიდან, მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავითმა ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის ძეს გადასცა. ეს ის თირქაშია, რომლის მამა, ივანე, დემეტრეს წინააღმდეგ შეთქმულებაში მხილებული და შემდგომ მეფის ბრძანებით მოკლული იქნა. ივანეს შვილი თირქაშ მტრობდა მეფეს, რის გამოც იგი შეპყრობილ იქნა.

დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომლებიც თავს იყრიდნენ მისი ძმის, გიორგის, გარშემო. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა გაბმული მათთან.

დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს:„დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა“.

სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს, მეორე ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს – სუმბატ და ივანე ორბელებს,

ეს ამბები, წყაროების მიხედვით 115401155 წლებში მომხდარა. ამის შემდეგ დემეტრე I დაბრუნდა თბილისში და თავისი უმცროსი ძე გიორგი გაამეფა, ხოლო ორბელებმა ალბათ ამ სამსახურის ფასად კვლავ დაიბრუნეს ამირსპასალარობა.

დავით V-ეს მცირეწლოვანი ძე დემნა დარჩა. მისი სიკვდილის შემდგომ იგი აღსაზრდელად ორბელებს ჩააბარეს, მოგვიანებით, 1177 წელს, დემნა ბატონიშვილმა სამეფო ტახტი მოითხოვა, რასაც გიორგის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოჰყვა 1177-1178 წლებში. დემნას მხარში ედგა მისი სიმამრი ივანე ორბელი, კაცი, რომელმაც წყაროების მიხედვით, დიდი როლი ითამაშა თავის დროზე გიორგის გამეფებაში. ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა და მეფე გიორგი III დაუნდობლად გაუსწორდა მის მოთავეებს.



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები