მეგრული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 46: ხაზი 46:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 +
[[კატეგორია:მსოფლიოს ენები]]
 
[[კატეგორია:ენები]]
 
[[კატეგორია:ენები]]
 
[[კატეგორია:ქართველური ენები]]
 
[[კატეგორია:ქართველური ენები]]

15:46, 8 თებერვალი 2024-ის ვერსია

მეგრული ენა – მეგრული, მეგრელების – ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის მეტყველება. აქვს ორი დიალექტი: დასავლური (შემადგენელი კილოკავების სახელწოდებათა მიხედვით – ზუგდიდურ-სამურზაყანული) და აღმოსავლური (სენაკურ-მარტვილური). განსხვავება მათ შორის, უმთავრესად,ლექსიკურია.

მეგრულში არის ექვსი ხმოვანი: შუა რიგის – ა, ჷ, წინა რიგის (პალატალური) – ე, ი, უკანა რიგის (ლაბიალური) – ო, უ. მათგან ა დაბალი აწეულობისაა, ე, ო – საშუალოსი, ი, ჷ, უ – მაღლისა. ჷ ზუგდიდურ-სამურზაყანულისთვისაა დამახასიათებელი, სენაკურ-მარტვილურში მის ადგილას ი ან უ გვაქვს (შდრ. ჭჷნჷ – ჭინუ „წნელი“), ორი ხმოვნის შეერთებითა და ფონეტიკური გარდაქმნებითაა მიღებული ორმაგი (ე. წ.„გრძელი“) ხმოვნები: აა, ეე, იი, უუ.

ჩქამიერ თანხმოვანთა ლოკალური რიგებია: ბილაბიალური (ბ, ფ, პ), დენტალური (დ, თ, ტ), წინაალვეოლარული (ძ, ც, წ; ზ, ს), უკანაალვეოლარული (ჯ, ჩ, ჭ; ჟ, შ), ველარული (გ, ქ, კ; ღ, ხ, ყ). ლარინგალური (ჸ, ჰ). გვაქვს ხშულთა სამეულები (მჟღერი, ფშეინვიერი, მკვეთრი), ნაპრალოვანთა წყვილეულები (მჟღერი, ფშვინვიერი); გამონაკლისია ბოლო ორი რიგი: ველარულში მკვეთრი ნაპრალოვანიც (ყ) შედის, ლარინგალურში კი – თითო ხშული (მკვეთრი ჸ) და ნაპრალოვანი (ფშვინვიერი ჰ). სონორი თანხმოვნები იყოფა ორ ჯგუფად – ნაზალურებად (ბილაბიალური მ, დენტალური ნ) და ორალურებად (ლაბიალური ფონემის ორი ფაკულტატური ვარიანტი – ბილაბიალური Uuuu.JPG და ლაბიოდენტალური ვ ალოფონები; ალვეოლარული რ; პალატალიზებული დენტალი ლ, რომელიც მარტვილურ კილოკავში წარმოდგენილია პალატალური ი ალოფონით).

განსხვავდება წარმოთქმის ორი სტილი: სრული (თანხმოვნით დაბოლოებულ სიტყვას შეიძლება დაერთოს ერთ-ერთი ვიწრო ხმოვანი: ი, ჷ ან უ) და კვეცილი (სიტყვის ბოლოკიდური ვიწრო ხმოვანი იკვეცება და ორმაგი ხმოვანი ცალმაგად წარმოითქმის). მახვილი სუსტი დინამიკურია: თანხმოვნით დაბოლოებულ სიტყვებში ბოლოდან მეორე მარცვალზეა, ხმოვნით დაბოლოებულებში – ბოლოდან მესამეზე. მახვილი ბოლოდან მეორე მარცვალზეა ხმოვნით დაბოლოებულ სიტყვაშიც, თუკი ეს ხმოვანი ორმაგის ვარიანტია (ე.ი. სიტყაკვეცილი სტილით წარმოითქმის).

სიტყვის ბოლოს ნ იკარგება, მაგრამ აღდგება არაბოლოკიდურ პოზიციაში მოხვედრისას.

სახელთა ბრუნებისას ბრუნვის ნიშნის ვარიანტულობას განსაზღვრავს ფუძის რაგვარობა (თანხმოვანზე ბოლოვდება თუ ხმოვანზე, ბოლოკიდური თანხმოვანი იგუებს თუ არა მომდევნო თანხმოვნის მეზობლობას). გამოიყოფა ცხრა ბრუნვა: სახელობითი (ბრუნვის ნიშანი – -ი, -Ø), მოთხრობითი (-ქ/-იქ), მიცემითი (-ს/ -ც/-ის), ნათესაობითი (-იშ/-იში, - შ/-ში), მიმართულებითი (-იშა, - შა), დაშორებითი (-იშე, -შე), დანიშნულებითი (-იშოთ/-იშო, - შოთ/-შო), მოქმედებითი (-ით, - თ), ვითარებითი (-ო, -თ). მრავლობითი რიცხვი იწარმოება -ეფ/-ლეფ სუფიქსით.

ზმნა იუღლება სუბიექტური ან სუბიექტურ-ობიექტური წყობით. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი პირის ნიშანია ზმნურ ფორმაში, ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი ან ორპირიანი. აბსოლუტური (ე. ი. ნულ- და ერთვალენტიანი) ზმნა ერთპირიანია პირდაპირი წყობისას, ორპირიანია ინვერსიული წყობის დროს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სუბიექტის პირი გამოიხატება კონფიქსით, რომელიც შედგება შესაბამისი პირის ობიექტური (0) პრეფიქსისა და III პირის სუბიექტური (S) სუფიქსისაგან. რელატიური (ე. ი. ორ- და მეტვალენტიანი) ზმნის ერთპირიანი ფორმები გვაქვს, როცა შეწყობილია I და II პირი ერთმანეთთან, S1- S2 03-თან. (პირდაპირი წყობის დროს), ან 01-02, S3,-თან (ინვერსიისას); ორპირიანი ფორმები გვაქვს, როცა III პირი პირდაპირი წყობის ზმნაში სუბიექტია, ინვერსიულში კი – ობიექტი.

S1 და S2-ის ნიშნებად პრეფიქსებია. S1-ის ალომორფებია: ვ-, ბ-, ფ-, პ-, მ-, Ø -; II პირი ნულოვანი ნიშნითაა წარმოდგენილი; S3 -ის ნიშნად სუფიქსია, მისი ალომორფებია -ს, (-ნ), -უ. ობიექტური პირის ნიშნებად სამივე პირში პრეფიქსებია. 01--ის ალომორფებია მ-, გ-, ბ-, ფ-, პ-; 02-ისა– გ-, რ-, 0-; 03,-ის ერთადერთი ალომორფი ნულია. ფონეტიკური პროცესების შედეგად ზოგ შემთხვევაში პრეფიქსული პირის ნიშანი გაინფიქსებულია (მაგ. მუფშენქ » მუვშენქ < ვმუ- შენქ ,„ვმუშაობ).

მრავლობითი რიცხვის სუფიქსებია: -თ (S1და S2 და/ან ობიექტის სიმრავლეს აღნიშნავს ერთპირიან ფორმებში); -ნ, -ა(ნ), -ნა(ნ), -ეს (გამოხატავენ S3,-ის სიმრავლეს ერთ- და ორპირიან ფორმებში, S1და S2,-ის ან ობიექტისას კი – ორპირიანებში).

განირჩევა მოქმედებითი, ენებითი და საშუალი გვარი. ვნებითი ორი სახისაა: ნიშნიანი და უნიშნო. ვნებითის ნიშნებია: 0- პრეფიქსი (ერთპირიანებში, მაგ. ირდუუ(ნ) „იზრდება“), ა-, ე- პრეფიქსები (ორპირიანებში: არდუუ(ნ) „ეზრდება“, ესურებუ(ნ) „ესტუმრება“) და -დ სუფიქსი (გოთანდუ „გათენდა“, გუ(უ)თანდუ „გაუთენდა').

ქცევა არის სამი: ნეიტრალური (ნიშნები: ო-, 0-, ა-: ოცქვანს „აქებს“, ახარენს „ახარებს“, ბონს „,ბანს“), სასუბიექტო (ნიშანი -ი: იცქვანს „იქებს“, იბონს „იბანს“), საობიექტო (ნიშნები: ი- (I – II პირისა), უ- (III პირისა): მი ცქვანს „მიქებს“, უცქვანს „უქებს“, მიბონს „მიბანს", უბონს „უბანს“). როგორც ვნებითის ე-,ისე ნეიტრალური ქცევის ა- ნასესხებია ქართული ენიდან.

მწკრივთა სისტემაში გამოიყოფა ოთხი სერია: I სერია – აწმყო, ნამყო უსრული, I პირობითი, I კავშირებითი; II სერია – აორისტი, II პირობითი, II კავშირებითი; III სერია – I თურმეობითი, II თურმეობითი, III პირობითი, III კავშირები თი; IV სერია – III თურმეობითი, IV თურმეობითი, IV პირობითი, IV კავშირებითი.

კავშირებითი კილოს მაწარმოებელია -ა სუფიქსი, რომელსაც მხოლობითი რიცხვის I და I I პირის „რომ“-კავშირიანი კავშირებითის ფორმებში ენაცვლება -ე(ე) სუფიქსი. პირობითი კილოს ფორმები იწარმოება ოთხივე სერიის ნამყო დროის გამომხატველ მწკრივებზე -კო დაბოლოების დართვით.

გ. კარტოზია.


ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ჭანურის გრამატიკული ანალიზი ტექსტებითურთ, თბ., 1936:
  • მისივე, ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი ,თბ, 1938;
  • გამყრელიძე თ. სიბლანტითა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა სტრუქტურის ზოგი საკითხი, თბ. I959
  • გამყრელიძე თ. მაჭავარიანი გ., სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, საერთო-ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია, თბ., 1965;
  • გუდავა ტ., მახვილის ადგილისათვის მეგრულში. – კრ. „თბილისის უნივერსიტეტი გიორგი ახვლედიანს, თბ., I969:
  • გუდავა ტ. გამყრელიძე თ, თანხმოვანთ-კომპლექსები მეგრულში. – კრ. „აკაკი “შანიძეს“, თბ. 1981;
  • ჟღენტი ს. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბ., 1953;
  • როგავა გ. დრო-კილოთა IV ჯგუფის ნაკვეთები ქართველურ ენებში. – „იკე“, V, 1953; ციკოლია მ, მეგრულის სამურზაყანულ-ზუგდიდური კილოკავის ფონეტიკური მიმოხილვა. –„აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, ტ XXV, სოხუმი, 1954;
  • მელიქიშვილი ი, ქართველურ ენათა ორი იზოლირებული ბგერათფარდობის ახსნისათვის. –- კრ. „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები“, თბ. 1981.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები