ჰამილტონი რიჩარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიჩარდ ჰამილტონი. რა არის ის, რაც დღევანდელ სახლებს ასე განსხვავებულს, ასე მიმზიდველს ხდის? 1956; კოლაჟი, 26X24.7 სმ. თიუბინგენის კუნსთჰალე, ზუნდელის კოლექცია

რიჩარდ ჰამილტონი − (Richard Hamilton, 1922-2011)1950-იან წლებში, ვიდრე ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევდა, რომ ქვეყნის ომის შემდგომი განახლება მდგრად მოხმარებაზე იყო დამოკიდებული, ლონდონში დამოუკიდებელ ჯგუფად ჩამოყალიბდა მხატვრების, არქიტექტორების, ფოტოგრაფებისა და მწერლების ინტერდისციპლინარული გაერთიანება, რომლის მიზანი იყო მსჯელობა ხელოვნების ადგილზე სამომხმარებლო საზოგადოებაში. საამისოდ, ისინი პერიოდულად აწყობოდნენ გამოფენებს თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო რიჩარდ ჰამილტონი, რომელიც ამტკიცებდა, რომ თანამედროვე მასობრივი ვიზუალური კულტურა სწრაფად ანაცვლებდა ტრადიციულ ხელოვნებას ფართო საზოგადოებაში; რომ მშვენიერების სტანდარტს განსაზღვრავდა კინო, ტელევიზია და რეკლამა, რომლებიც არ განეკუთვნებოდა მაღალი ხელოვნების კატეგორიას. პოლიტიკოსებისა და სამხედრო გმირების ნაცვლად, საზოგადოების კერპების ადგილი საერთაშორისო კინოს ვარსკვლავებმა დაიკავეს; ადამიანის სოციალური სტატუსი კი სულ უფრო ხშირად, მისი ქონებრივი მდგომარეობით იზომებოდა. ამ მეტისმეტად მომხმარებლური სამყაროს დისჰარმონიულობის ვიზუალური გამოხატულების შესაქმენლად, ჰამილტონი ქმნიდა კოლაჟებს, რომლებიც რეკლამებიდან ამოკრებილი გამოსახულებებისგან იყო შედგენილი. 1956 წლის ნამუშევარში რა არის ის, რაც დღევანდელ სახლებს ასე განსხვავებულს, ასე მიმზიდველს ხდის? ჰამილტონი მარკეტინგულ სტრატეგიას მისივე იმიტაციით აკრიტიკებს. სათაური სარეკლამო სლოგანის პაროდიაა, თავად კოლაჟი კი გვიჩვენებს საშინაო გარემოში მოქცეულ ორ ფიგურას, რომლებიც ადამ და ევად არიან სახელდებულნი. ბიბლიური წინაპრების მსგავსად, ეს ფიგურებიც თითქმის შიშვლები არიან, მაგრამ "ცდუნება", რომელსაც ისინი მიეცნენ, უკვე სამომხმარებლო კულტურაშია საძიებელი. ადამი კულტურისტია, ევა კი ტიპური ლამაზმანი. დაკარგული სამოთხის ბაღის ხელახლა შექმნის მცდელობაში, პირველმა წყვილმა საუკეთესო ნივთებით გაავსო სახლი. აქვთ - ტელევიზორი, მაგნიტოფონი, მტვერსასრუტი, თანამედროვე ავეჯი. "მაღალი ხელოვნების" ნიმუშთა ნაცვლად, კედელზე სასიყვარულო რომანის სარეკლამო პლაკატია გაკრული. ის ჯონ რასქინის, იმ კრიტიკოსის პორტრეტის გვერდითაა მოთავსებული, რომელიც მხატვარ უისლერს ხელოვნების განადგურებაში სდებდა ბრალს. ადამს უზარმაზარი, საწუწნი კანფეტი, ე.წ. tootsie პოპ უჭირავს ხელში. ინგლისელმა კრიტიკოსმა, ლოურენს ალოუეიმ, ამ ნამუშევრის აღწერისას, ეს კანფეტი "პოპ არტ"-ად მოიხსენია და ასეთნაირად, მთელ მოძრაობას მიანიჭა სახელი. ისევე როგორც ასამბლიაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰამილტონის კოლაჟიც კომენტარია 1950-იანი წლების ვიზუალურ გადატვირთულობაზე და კულტურის უუნარობაზე ერთმანეთისგან განასხვავოს ტრივიალური და მნიშვნელოვანი გამოსახულებები, რეკლამირებული და რეალური სამყარო. 1968 წელს, ჰამილტონმა The Beatles-ის ალბომისთვის - White Album (თეთრი ალბომი) შექმნა გარეკანი, რომელზეც საერთოდ არაფერია გამოსახული.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები