ჭინჭარაული ალექსი
ჭინჭარაული ალექსი – (1925 – 2012), ფსევდონიმი – ლეკოთ წიქა. ქართველი ენათმეცნიერი, პოეტი. დაიბადა შატილში (ხევსურეთი). 1955 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება. 1958 წელს დაამთავრა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა და მუშაობა დაიწყო ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. მას აქვს ენათმეცნიერული შრომები „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტისა და ენის, ვაჟა-ფშაველას თხზულებათა ტექსტისა და ენის, ქართული ენის დიალექტებისა და სხვათა შესახებ. გამოქვეყნებული აქვს გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის სადაურობის საკითხისათვის. ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობისას შეადგინა „ხევსურული ლექსიკონი“ (დაახლოებით 25 000 სიტყვა-სტატია) და „ფშაური ლექსიკონი“ (დაახლ. 15 000 სიტყვა-სტატია). ქართული პოეტური ფოლკლორის შენაძენად იქცა ალექსი ჭინჭარაულის მიერ გამოთქმული კაფიები და სახალისო ლექსები.
- ლეკოთ წიქას კაფია
- გურულების სუფრაზე
- ერთი უყურეთ გურულებს,
- ჩემი დათრობა სცადესა,
- მეორე დღეა მასმევენ,
- „ბაკლები“ გააკვლადესა.
- საქმეს ვერ შველის, ძმანებო,
- თქვენი წყალწყალა ადესა,
- ჟიპიტაური სჯობია,
- სად ის არის და სად ესა.