ტრანსსექსუალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრანსსექსუალი

ტრანსსექსუალიზმი - (F64.0), (transsexualism), სურვილი, იცხოვროს და საზოგადოებაში მიღებული იყოს, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს თავისი სქესით უკმაყოფილება და საკუთარი სქესისადმი კუთვნილების შეუსაბამობის შეგრძნება, აგრეთვე სურვილი, მიმართოს ქირურგიულ ან ჰორმონალურ მკურნალობას იმისათვის, რათა თავის სხეულს, რამდენადაც შესაძლებელია, მისცეს მისთვის მისაღები სქესის გარეგნობა. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ტრანსსექსუალები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ თავიანთი ქრომოსომული სქესის საპირისპირო გენდერი აქვთ. მათ აქვთ ძლიერი სურვილი იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ მათი ანატომიური სქესის საპირისპირო გენდერის მქონე ადამიანები და ცდილობენ თავიანთი სხეულისა და გენიტალიების შეცვლას.

წარსულში, ამ ანომალიას ეწოდებოდა ეონიზმი, რადგან ის ახასიათებდა დ'ეონ დე ბომონს. ის ფსიქიატრიულ ლიტერატურაში აღწერა ესკიროლმა 1838 წელს. მისი უფრო დეტალური აღწერა მოგვცა კრაფტ-ებინგმა 1886 წელს (Krafft-Ebing, 1924). 1960-იან წლებში, ბენჯამინის წიგნში (Benjamin, 1966) აღწერილი განსაცვიფრებელი ფაქტების გამო ეს მდგომარეობა ექიმებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

მრავალი ტრანსსექსუალი მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა ფსიქიკურ აშლილობად არ უნდა ითვლებოდეს. მიუხედავ ამისა, ის შეტანილია ორივე (ICD, DSM) კლასიფიკაციაში. ეს ეხმარება ტრანსსექსუალებს სურვილის შემთხვევაში ჩაიტარონ მკურნალობა, რადგან მრავალ ქვეყანაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სადაზღვევო პროგრამები, ფარავს მხოლოდ ისეთ აშლილობებს, რომლებიც დაავადებათა ერთ-ერთ კლასიფიკაციაში მაინც არის შეტანილი.

სარჩევი

გავრცელება

ეპიდემიოლოგიური მონაცემები რთული მოსაპოვებელია. ნიდერლანდებში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, გენდერული იდენტობის აშლილობის შემთხვევებში, ზრდასრული ადამიანების მამაკაცად დაბადებულ 10 000 პირზე მოდის გენდერული იდენტობის აშლილობის მქონე ერთი პირი, ხოლო 30 000 ქალად დაბადებულ ადამიანზე - ერთი პირი (Kesteren et al., 1996). იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კლინიკურ ცენტრებში მკურნალობენ, უფრო მეტია ქალად გარდაქმნილი მამაკაცი ტრანსსექსუალი, ვიდრე მამაკაცად გარდაქმნილი ქალად დაბადებული ტრანსსექსუალი. შემთხვევათა თანაფარდობაა 4:1 (Green, 2000a).

აღწერა

ტრანსსექსუალები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი მიეკუთვნებიან იმის საპირისპირო სქესს, რომელიც მათ დაბადებიდან დაუდგინდათ. ასეთი რწმენა, ჩვეულებრივ, პუბერტატის ასაკის დადგომამდე ყალიბდება. მშობლების გადმოცემით, მომავალი ტრანსსექსუალები, ბავშვობაში, საპირისპირო ანატომიური სქესის ბავშვების წრეში ყოფნას ამჯობინებენ, თუმცა ეს ტიპიური არ არის. ქალური ბუნების მქონე ბიჭებზე წარმოებული შემდგომი გამოკვლევის მონაცემებით, ასეთი ბიჭები უფრო ხშირად ჰომოსექსუალებად ყალიბდებიან, ვიდრე ტრანსსექსუალებად (იხ. Green, 1974).

იმ დროისთვის, როდესაც ტრანსსექსუალები ითხოვენ სამედიცინო დახმარებას, მათ უკვე დაწყებული აქვთ საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარება. ტრანსვესტიტი ფეტიშისტებისაგან განსხვავებით, ქალად გარდაქმნილი მამაკაცი ტრანსსექსუალები ქალის ტანსაცმელს უფრო მეტად იმიტომ იცვამენ, რომ ქალად იგრძნონ თავი და არა იმიტომ, რომ სექსუალური აგზნება განიცადონ. (მათგან, აგრეთვე, განსხვავდებიან ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომლებიც ქალის ტანსაცმელს იმიტომ იცვამენ, რომ აქტიური ჰომოსექსუალები მიიზიდონ). ტრანსსექსუალები იწყებენ მაკიაჟისა და ქალის ვარცხნილობის ტარებას, იცილებენ თმოვან საფარს სახესა და სხეულზე ელექტროლიზის საშუალებით. ამ ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად ისინი ინვითარებენ ქალისთვის დამახასიათებელ ჟესტებს და ხმის სიმაღლეს; ცდილობენ თავიანთი სოციალური როლის შეცვლას.

ქალად გარდაქმნილი მამაკაცი ტრანსსექსუალები ხშირად ითხოვენ დახმარებას მკერდისა და გარეგანი გენიტალიების გარეგნული მხარის შეცვლის მიზნით. ისინი, თავიდან, ჩვეულებრივ, ითხოვენ ესტროგენების შეყვანას მკერდის გაზრდის მიზნით. ამის შემდეგ, მათ შეიძლება მოითხოვონ მკერდის პლასტიკური ქირურგია, კასტრაცია და პენისის მოკვეთა და ოპერაციის ჩატარება ხელოვნური საშოს შესაქმნელად. მრავალ ტრანსსექსუალში ძლიერ დისტრესს იწვევს თავიანთი მძიმე მდგომარეობა. მათში გავრცელებულია დეპრესია, ზოგს აქვს სუიციდის მცდელობა, ზოგი კი იმუქრება, რომ თავად გაიკეთებს კასტრაციას, თუ შეუძლებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ასეთი მუქარა სერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან ის უკიდურეს დისტრესზე მიუთითებს და, შეიძლება, მართლაც განხორციელდეს პიროვნების მიერ.

მამაკაცად გარდაქმნილი ქალი ტრანსსექსუალები იცვამენ მამაკაცის ტანსაცმელს და გამოიმუშავებენ მამაკაცის ხმას, ჟესტებს და სოციალურ ქცევას. მათ სურთ განახორციელონ ისეთი სექსუალური აქტი, რომელშიც ისინი ჰეტეროსექსუალი ქალის (და არა ჰომოსექსუალი ქალის) მამაკაცი პარტნიორის როლში იქნებიან. ზოგი მოითხოვს მასტექტომიის ან ჰისტერექტომიის ჩატარებას, ზოგიერთი მათგანი კი მოითხოვს პლასტიკური ქირურგიის ჩატარებას ხელოვნური პენისის შექმნის მიზნით.

ეტიოლოგია

ეტიოლოგია უცნობია. შესწავლილ იქნა შემდეგი ფაქტორები:


გენეტიკური მიზეზები

ტრანსსექსუალებს აქვთ ნორმალური სქესის ქრომოსომები. არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც მეტყველებს გენეტიკური მიზეზების სასარგებლოდ.

აღზრდა

არ დასტურდება მოსაზრება, რომ ტრანსსექსუალებს აღზრდის პროცესში უყალიბდებათ მათი ანატომიური სქესის საპირისპირო გენდერული როლი. როგორც ზემოთ აღინიშნა, გენდერული იდენტობის აშლილობის მქონე ბიჭების უმრავლესობა ზრდასრულ ასაკში ყალიბდება ჰომოსექსუალად და არა ტრანსსექსუალად.

ენდოკრინული მიზეზები

მოზრდილ ტრანსსექსუალებში არ დადგინდა რაიმე ენდოკრინული პათოლოგიის არსებობა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ტრანსსექსუალიზმს განაპირობებს ჰორმონული ანომალიები ნაყოფის განვითარების დროს. როდესაც ორსული რეზუს-მაიმუნებს უკეთებდნენ დიდი რაოდენობით ანდროგენებს, მათი მდედრობითი სქესის შვილები თამაშისას მამაკაცის მსგავსად იქცეოდნენ (Young et al., 1964). გარდა ამისა, ადრენოგენიტალური სინდრომის მქონე მდედრობითი სქესის ბავშვები, რომლებიც იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით ანდროგენების ზემოქმედების ქვეშ დაბადებამდე და დაბადების შემდეგ, ავლენდნენ ბიჭებისთვის დამახასიათებელ ქცევას ბავშვობაში (Erhardt et al., 1968), მაგრამ ტრანსსექსუალებად არ ჩამოყალიბდნენ. იმ ქალ ტრანსსექსუალებში, რომელთაც მიიღეს მამაკაცის როლი, მაღალ პროცენტს აღენიშნებოდა საკვერცხის პოლიკისტოზი (Bosinski et al., 1997), ხოლო საკვერცხის პოლიკისტოზის მქონე ქალების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას ჰქონდა გენდერული იდენტობის აშლილობა (Green, 2000a).

განსხვავება ტვინის სტრუქტურაში

ტერმინალური ზოლის საყრდენი ბირთვების ცენტრალური ნაწილის მოცულობა უფრო დიდია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ერთ-ერთ გამოკვლევაში, რომელშიც შეისწავლებოდა ქალად გარდაქმნილი მამაკაცი ტრანსსექსუალების თავის ტვინი მათი გარდაცვალების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ამ ბირთვის ზომა ქალებში დადგენილი ზომის მსგავსი იყო (Zhou et al., 1995), მაგრამ ამ გამოკვლევის შედეგები გააკრიტიკეს ტექნიკური მიზეზების გამო (Green, 2000a).

ტრანსვესტიზმიდან გადასვლა ტრანსსექსუალიზმზე

იმ მამაკაცთა მცირე ნაწილში, რომელიც თავს ქალად აღიქვამს, ტრანსსექსუალად ჩამოყალიბება ხდება ტრანსვესტიზმის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. ეს ადამიანები იწყებენ საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარებას აგზნების მიღწევის მიზნით, მაგრამ მათ მიერ განცდილი აგზნება თანდათანობით სუსტდება. ისინი, პარალელურად, უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ქალები არიან.

მიმდინარეობა

არ არსებობს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ტრანსსექსუალიზმი იმ ადამიანებში, ვისაც ექიმისთვის არ მიუმართავს. ერთერთი გავლენიანი ნაშრომის მიხედვით (Harry Benjamin International Gender Dysphoria Association, 2001) ზოგიერთი ზუსტად იდენტიფიცირებული ტრანსსექსუალი ცვლის თავის “სურვილებს”. ზოგი ეგუება სასურველ გენდერულ იდენტობას სამედიცინო დახმარების გარეშე, ზოგი კი თმობს ცვლილებებთან დაკავშირებულ სურვილებს მკურნალობის ადრეულ ეტაპზე. არ არის ცნობილი ტრანსსექსუალების რა ნაწილი მიეკუთვნება თითოეულ ამ კატეგორიას.


იხილე აგრეთვე

სექსუალური ორიენტაცია, ეგოდისტონიური

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები