სმიტი ფრედერიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრედერიკ სმიტი - (ინგ. Frederick Wallace Smith 11 აგვისტო, 1944 წ.) ამერიკელი ბიზნესმენი, ავიაგადზიდვების სერვისებით მომსახურე ლოგისტიკური კომპანია FedEx Corporation-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და დამფუძნებელი.

საქმიან სამყაროს ახსოვს მრავალი ისტორია იმ კომპანიათა შესახებ, რომლებიც პატარა ავტოფარეხებში, სულ რამდენიმე ასეული დოლარის ოდენობის საწყისი კაპიტალის საფუძველზე დაარსდნენ. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ასეთ კომპანიებს, პირველი შეკვეთის მიღებამდე, არ დასჭირვებიათ წინასწარ შეექმნათ თვითმფრინავებისა და სატვირთო ავტომობილების ფარეხით აღჭურვილი საერთაშორისო დისტრიბუციის სისტემა. ისიც აღსანიშნავია, რომ არც კომპანია „ფედერალ ექსპრეს”-ის (Federal Express) ავტოფარეხი გადაუქცევიათ კომპანიად.

ავიასატვირთო კომპანიის შექმნის იდეა

მემფისის მკვიდრს, ფრედერიკ სმიტს, რომლის მამამ თავისი ქონება ავტობუსებით ტვირთის გადაზიდვის გზით შეაგროვა, ავიასატვირთო კომპანიის შექმნის იდეა პირველად 60-იან წლებში დაებადა. ამ დროს ის იელის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთაგან ერთ-ერთი მუდამ დადებითად აფასებდა ავიატვირთების გადაზიდვის იმდროინდელ სისტემას. კერძოდ, ყუთებსა და საფოსტო გზავნილებს სამგზავრო თვითმფრინავის სალონში, სკამებს შორის, ან ცარიელ სკამებზე ათავსებდნენ. ფრედერიკს კი ამ საკითხთან დაკავშირებით თავისებური აზრი გააჩნდა და საკურსო ნაშრომში ისეთი ავიაკომპანიის კონცეფცია აღწერა, რომელიც მხოლოდ ტვირთის გადაზიდვით იქნებოდა დაკავებული. კონცეფციის მიხედვით ყველა სახის ტვირთი ჯერ ცენტრალურ საწყობში, ხოლო დახარისხების შემდეგ, დანიშნულების ადგილზე უნდა მიეტანათ. ეს ოპერაცია ღამით უნდა განეხორციელებინათ, ვინაიდან ამ დროს აეროპორტები ნაკლებადაა დატვირთული. ფრედერიკის აზრით, საქმის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, ადრესატს ტვირთი გაგზავნიდან მეორე დღესვე უნდა მიეღო. საზოგადოების წინაშე წარდგენისას ამ იდეამ მხოლოდ სამი ქულა მიიღო. ეს შეიძლება მივაწეროთ იმ გარემოებას, რომ ფრედერიკის კონცეფცია აშკარად ეწინააღმდეგებოდა პროფესორის თეორიას, ან იმას, რომ სმიტმა ის ერთი ღამის განმავლობაში ჩამოაყალიბა და ყველაზე გვიან წარადგინა განსახილველად.

სმიტს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის ტექნოლოგიური ბაზა იცვლებოდა. იზრდებოდა იმ კომპანიათა რიცხვიც, რომლებიც პატარა ზომის, ძვირადღირებულ აღჭურვილობას (მაგალითად, კომპიუტერებს) ამზადებდნენდა ის დარწმუნებული იყო, რომ ავიაგადაზიდვების მისეული იდეა შეამცირებდა ამ კომპანიების საცავებში ტვირთის შენახვის ხარჯებს. თუ საქონელს ერთიანი გამანაწილებელი ცენტრიდან დამკვეთს ერთი ღამის განმავლობაში მიაწოდებდნენ, შეიძლებოდა მომხმარებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ორმაგი დანაკარგების გარეშე განხორციელებულიყო, რაც დაკავშირებულია რეგიონულ საწყობებში ტვირთის გაყინვასთან და ასეთი საწყობების მშენებლობასთან. სმიტს, აგრეთვე ფედერალური სარეზერვო ბანკის, როგორც პოტენციური კლიენტის, შექმნის იდეა გაუჩნდა, რადგან ბანკებს დიდი რაოდენობის ჩეკების გადაგზავნა უხდებოდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ფრედერიკის გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალა ვიეტნამის ომმა. სმიტმა ოჯახის ტრადიციებს არ უღალატა და მამულის ინტერესების დასაცავად საზღვაო ფეხოსანთა ჯარში ჩაეწერა. ვიეტნამში თავდაპირველად ის იბრძოდა როგორც რაზმეულის ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ კი პილოტის რანგში.

იდეის განხორციელება

თითქმის ოთხწლიანი ბრძოლისა და 200 საჰაერო აფრენის შემდეგ ის შინ დაბრუნდა. ამჯერად მტკიცედ გადაწყვიტა სიცოცხლე მიეძღვნა არა დანგრევისადმი, არამედ აღმშენებლობისადმი. მან მუშაობა დაიწყო თვითმფრინავების კაპიტალური რემონტისა და გადაიარაღების საწარმოს ხელმძღვანელად მამინაცვალთან, არკანზასის შტატის ქალაქ ლითლ-როქში (Little-Rock). სათადარიგო ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა ის სატვირთო ავიაგადაზიდვების საკითხით დააინტერესა. სმიტმა თავისი იდეის ორი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება დაავალა შესაბამის პირებს. ორივე გამოკვლევამ უჩვენა, რომ საქმეში დიდი ოდენობის კაპიტალდაბანდების შეტანის შემთხვევაში ეს იდეა საკმაოდ პერსპექტიული იქნებოდა. ასეთი კომპანიის წარმატების მიღწევის გასაღებს წარმოადგენდა საქმიანი წრეების მნიშვნელოვანი ნაწილის მომსახურების სფეროსხელში ჩაგდება, ამისთვის კი საჭირო იყო ფული.

სმიტი ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში გაემგზავრა. იგი დარწმუნებული იყო, რომ შინ ინვესტორების მიერ მიცემული ჩეკებით სავსე კალათით დაბრუნდებოდა, მაგრამ მხარდაჭერის მიღებასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა მოსალოდნელს გადააჭარბეს. მხოლოდ მისი უსაზღვრო ენერგიის, სატვირთო ავიაგადაზიდვების ტექნიკური ცოდნისა და იდეის ერთგულების წყალობით მან საბოლოოდ შესძლო როტშილდის მიერ დაფინანსებული, მანჰეტენში არსებული, ნიუ-იორკის ვენჩურული საინვესტიცი ობანკისგან 5 მილიონი დოლარის მიღება. მას შემდეგ, რაც პირველი ინვესტიცია გაჩნდა, გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებმაც ახალ საწარმოში თავიანთი კაპიტალის დაბანდება მოისურვეს.

საბოლოოდ საქმეში ფული ხუთმა კომპანიამ ჩადო. მათ შორის იყვნენ „ჯენერალ დაინემიქსი“ (General Dynamics) და „სითი-ქორფ ვენჩურ ქეფითალ ლიმითიდ“ (City-corp Venture capital limited). სმიტი მემფისში 72 მილიონი დოლარით დაბრუნდა. ეს გახლდათ ამერიკის ბიზნესის ისტორიაში ვენჩერული თანხებით შედგენილი უდიდესი საწყისი კაპიტალი. თავისი პირველი რეისი „ფედერალ ექსპრეს“-მა 1973 წლის აპრილში შეასრულა. ამ რეისით მან 18 ამანათი მიაწოდა კლიენტს. გადაზიდული ტვირთის მოცულობა თანდათან იზრდებოდა და მალე კომპანიის გაფართოება გახდა საჭირო. თავიდან ყველაფერი თითქოს კარგად აეწყო. სმიტმა სწორად განსაზღვრა ბაზრის მოთხოვნილება, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ენერგეტიკული კრიზისი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა საწვავის ფასი სწორედ კომპანიის სამუშაო პროცესში ჩართვის დროს. 1974 წლის შუახანებში კომპანიის დანაკარგები უკვე თვეში 1 მილიონ დოლარს შეადგენდა. ინვესტორებს არ სურდათ კომპანიისთვის დახმარების გაწევა, ხოლო ნათესავებმა მას სასამართლოში უჩივლეს ოჯახის ფინანსების ცუდი მართვის გამო („ფედერალ ექსპრესში“ სმიტების ოჯახის წილი 10 მილიონ დოლარს შეადგენდა). არსებული პრობლემების მიუხედავად, სმიტი თავისი იდეის ერთგული რჩებოდა. მან ბოლოს და ბოლოს მიაღწია ინვესტორთა წრეების მხარდაჭერას, რამაც ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო დრო მოაგებინა. ორი წლის განმავლობაში კომპანიამ 27 მილიონი დოლარით იზარალა, მაგრამ 1976 წელს 3,6 მილიონის მოგება მიიღო.

„ფედერალ ექსპრესის“ ზრდა და განვითარება მკაცრად რეგულირდებოდა. იმ დროს ჯერ კიდევ მოქმედებდა ტვირთის სამოქალაქოა ვიაგადაზიდვების ახალი ინდუსტრიის დამცველი კანონი. ამ კანონის მიხედვით, სმიტს სპეციალური ნებართვა უნდა მიეღო, 3,5 ტონის ტვირთამწეობის, თითოეული თვითმფრინავის ექსპლუატაციისთვის. ვინაიდან კომპანია გიგანტებს, რომელთა ხელში იყოა ვიაგადაზიდვების ფაქტობრივად მთელი სისტემა, არ სურდათ კონკურენტის თავიანთ რიგებში შეშვება, სმიტმა ვერ მოახერხა ასეთი ნებართვის მიღება. ამიტომ ის იძულებული გახდა „ფელკონის“ (Falcon) ტიპის რეაქტიული თვითმფრინავები გამოეყენებინა. პირველ ხანებში პრობლემა გადაწყდა, მაგრამ უკვე 1977 წელს გადაზიდვების მასშტაბები იმდენად გაიზარდა, რომ ამ მცირეგაბარიტიანი თვითმფრინავების შესაძლებლობები საქმის გასაგრძელებლად არ კმაროდა. ვინაიდან ყველაზე აქტიურ მარშრუტებზე ასეთი ტიპის მრავალი თვითმფრინავი დაფრინავდა და ისინი თითქმის ფრთებით ეხებოდნენ ერთმანეთს, აზრი არ ჰქონდა დამატებით მათ შეძენას. სმიტი ვაშინგტონში გაემგზავრა. ხალხის დაინტერესების თავისებური უნარის წყალობითა და თანამშრომლების მხარდაჭერით, მან მიაღწია ახალი კანონების მიღებას, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იყო საერთო სატვირთო სატრანსპორტო თვითმფრინავების შექმნა, რაც სმიტს მანევრირებისთავის უფლებას ანიჭებდა. მას შემდეგ, რაც დიდი სატვირთო თვითმფრინავებით სარგებლობის ნებართვა მიიღო, წამოიჭრა მათი შეძენის საკითხთან დაკავშირებული პრობლემა.

ძველი ზარალის გამო, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო მყარი. ინვესტორებისთვის ვალის დაბრუნების დროც დადგა. სმიტმა გადაწყვიტა თავისი კომპანია აქციონერულ საზოგადოებად გადაექცია და 1978 წლის 12 აპრილს აქციები გასაყიდად გაიტანა. აქციების გაყიდვით მიღებული თანხებით მან წამგებიანი სამოქალაქო კომპანიებისგან ნორმალურ მდგომაერობაში მყოფი რამდენიმე ბოინგ-727 შეიძინა. ინვესტორებმა თავიანთი შენატანები სწრაფად აინაზღაურეს. 1987 წლის დეკემბერში, როდესაც „ფედერალ ექსპრესს“-ის აქციები უკვე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იყიდებოდა კომპანია „ჯენერალდაინემიქს“-ის წილმა, რომელმაც ოდესღაც 5 მილიონი დოლარი დააბანდა, უკვე 40 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ფრედ სმიტის მსგავსად, მეწარმეები ცდილობენ დამატებითი კაპიტალის მოზიდვას ვენჩურული კაპიტალისტების დახმარებით. მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ახერხებენ, რადგან ბევრს უბრალოდ არ ესმის ამ პროცესის ლოგიკა, არ იცის თუ რითი დააინტერესოს ინვესტორი.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები