პარანოიდული სიმპტომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარანოიდული სიმპტომები - წარმოადგენს ზეღირებულოვან იდეებს ან ბოდვას, რომელსაც ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის) დევნის შინაარსი აქვს.

ტერმინი პარანოიდული ასევე იხმარება უფრო ნაკლებად გავრცელებული განდიდებისა და ეჭვიანობის ბოდვასთან დაკავშირებით. ხანდახან ამ ტერმინს აგრეთვე სიყვარულთან, სასამართლო დავას ან რელიგიასთან დაკავშირებულ ბოდვასთან დაკავშირებითაც იყენებენ. თუმცა, ასეთი განსხვავებული სახის ბოდვების ერთ ჯგუფში გაერთიანება შეიძლება დამაბნევლად მოგვეჩვენოს, ამას თავისი მიზეზი აქვს. ანომალია, რომელსაც ძირითადად ტერმინი პარანოიდული გულისხმობს, წარმოადგენს იმ რწმენისა და დამოკიდებულების ავადმყოფურ დეფორმაციას, რომელიც პიროვნებასა და სხვა ადამიანებს შორის ურთიერთობებს ეხება. თუ ადამიანს შეცდომით ან უსაფუძვლოდ სჯერა, რომ ის მსხვერპლია, სხვაზე აღმატებულია, მოტყუებულია ან რომელიღაც გამოჩენილ ადამიანს უყვარს, თითოეულ ამ შემთხვევაში ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს ავადმყოფური დეფორმაციის გზით აგებს.

სარჩევი

პარანოიდული სიმპტომები დელირიუმისა და დემენციის დროს

პარანოიდული სიმპტომები ჩვეულებრივი მოვლენაა დელირიუმის დროს. პაციენტს დარღვეული აქვს გარემოში გარკვევის უნარი, რაც იწვევს დაძაბულობას, მოვლენების მცდარ ინტერპრეტაციას, და, შესაბამისად, უნდობლობას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ბოდვა, რომელიც, ჩვეულებრივ, ხანმოკლე და არაორგანიზებულია. ამან შესაძლოა, მიგვიყვანოს ისეთ ქცევით აშლილობამდე, როგორიცაა აგრესია. ანალოგიურად, დევნის ბოდვა ჩვეულებრივ თავს იჩენს დემენციის ზოგიერთ სტადიაზე და ზოგჯერ მის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს.

ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით გამოწვეული აშლილობის პარანოიდული სიმპტომები

პარანოიდული სიმპტომები ვლინდება ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით გამოწვეული მრავალი აშლილობის დროს, განსაკუთრებით ამფეტამინის, კოკაინის ან ალკოჰოლის მოხმარებისას. მნიშვნელოვანია კავშირი, რომელიც ალკოჰოლის ავად მოხმარებასა და ავადმყოფურ ეჭვიანობას შორის შეინიშნება.

პარანოიდული სიმპტომები გუნებ-განწყობის აშლილობის დროს

პარანოიდული სიმპტომები გავრცელებულია პაციენტებში, რომლებსაც მძიმე დეპრესიული აშლილობა აქვთ, ხოლო, პარანოიდული ბოდვა ფსიქოზური დეპრესიის მახასიათებელს წარმოადგენს.

ხანდახან ძნელი დასადგენია, პარანოიდული სიმპტომები მეორადია დეპრესიული აშლილობის მიმართ, თუ, პირიქით, წინ უსწრებს დეპრესიულ აშლილობას. ორივე შემთხვევა საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა, მათ დიფერენციაციას გარკვეული მნიშვნელობა აქვს, რადგან აშლილობის ეს ორი ტიპი განსხვავდება მკურნალობისა და პროგნოზის თვალსაზრისით. დეპრესიული აშლილობა მოსალოდნელია მაშინ, როდესაც მას წინ უსწრებს გუნებ-განწყობის ცვლილებები და ამ ცვლილებებს უფრო ინტენსიური ხასიათი აქვთ, ვიდრე პარანოიდულ მახასიათებლებს. ფსიქიატრიული დაავადებების ადრეულმა ისტორიამ და ოჯახურმა ანამნეზმა შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდოს. და ბოლოს, დეპრესიული აშლილობის დროს პაციენტი, როგორც წესი, თვლის, რომ მას სამართლიანად დევნიან ჩადენილი დანაშაულის ან უზნეობის გამო. კლინიკური თვალსაზრისით, ეს სასარგებლო მახასიათებელია, რადგანაც ამით დეპრესიული აშლილობა განსხვავდება არა-აფექტური ფსიქოზისგან, რომლის დროსაც ასეთი დევნა ძლიერ აღშფოთებას იწვევს.

პარანოიდული სიმპტომები გვხვდება ასევე მანიის დროს და შეესაბამება პაციენტის გუნებ-განწყობას. აქედან გამომდინარე, მათ განდიდების შინაარსი აქვთ და არა დევნისა.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები