ნარსია ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ ნარსია

ნარსია ნოდარ − (1931 − 1991), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ძველ აბაშაში (აბაშა). საშუალო სკოლა დაამთავრა 1951 წელს და სწავლა განაგრძო თბილისში ეკონომიკა-ორგანიზაციის სპეციალობით. პირველი ლექსები დაიბეჭდა 1952 წელს. 1960 წლიდან პერიოდულად გამოდიოდა ნოდარ ნარსიას დამოუკიდებელი კრებულები: „სიმღერის დაბადება” (1960), „მზეს გამოჰყევით” (1966); „ლამაზო დღეო” (1966), „ლექსები” (1967), „ფიქრიანი დღე” (1971), „ჩემი ფრთოსნები” (1974), „იდუმალების გამოსხივება” (1976), „ლაჟვარდები ცა” (1979); „სიცოცხლის საგალობელი” (1981), „ლტოლვა ცისაკენ” (1985). მუშაობდა მთარგმნელობით დარგშიც, ნათარგმნი აქვს ჰაინრიხ ჰაინეს და ისიდორ კოზათის ლექსები.


* * *
ტრამვაის ხაზთან იდგა გოგონა,
ყელამართული და სხივმოსილი.
მე გაზაფხულის სუნთქვა მეგონა,
რა გოგო იყო ის დალოცვილი!
მხრებზე ნაწნავი ისე ეყარა,
მელანდებოდა შორი ქორწილი
მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა,
რა გოგო იყო ის დალოცვილი.
ელვა − ღიმილი მიძღვნა წამითა,
ერთი მოხედვა მაინც ინება …
და მერე, ისე უცებ წავიდა,
როგორც მდინარე მიედინება.
ინისლებოდნენ ლიანდაგები,
თითქოს ქალაქი გახდა ტრამალი,
მივაცილებდი წყლიან თვალებით
და მაფრთხილებდა ზარი ტრამვაის.
იმ წუთში არვინ აღარ მახსოვდა,
მასზე ფიქრებს კი ვერ ვიშორებდი …
გამომაფხიზლა ვიღაც ნაცნობმა
და დამახვია ქვეყნის ჭორები.
გავეპასუხე: უცებ მოვცილდი,
არც არაფერი აღარ მეწადა …
რა გოგო იყო ის დალოცვილი,
რა უცნაურად გამომეცხადა.
წყვილი ნაწნავი მხრებზე ეყარა,
და ჩახჩახებდა როგორც ქორწილი.
მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა,
რა გოგო იყო ის დალოცვილი!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები