მწვანე რენკლოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მწვანე რენკლოდი

მწვანე რენკლოდი - (Green Gage); სინონიმები: რენკლოდი დიდი მწვანე, რენკლოდი ნამდვილი, ინგლისური ქლიავი. ძველი სამრეწველო ქლიავის ჯიში, ფართოდ იყო გავრცელებული იტალიასა, საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე XVII საუკუნეში. სახელწოდება „Reine Claude“ ამ ქლიავის ჯიშს მიაკუთვნეს საფრანგეთის დედოფლის კლოდის სახელის აღსანიშნავად იმის გამო, რომ ეს ჯიში საფრანგეთში მის დროს (1494–1547 წლებში) იყო შემოტანილი. სხვადასხვა ქვეყნებში ის სხვადასხვა სახელწოდებით გავრცელდა.

დიდიხანია რაც იგი შემოტანილია საქართველოში. ამჟამად მისი ნარგავობა ძალიან შემცირდა; ეს საუკეთესო სამრეწველო ჯიში აქ გვხვდება მხოლოდ ცალკეული ხეების სახით.

მწვანე რენკოლდის ყვავილი

კარგად ეგუება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ბუნებრივ პირობებს.

ხე უფრო უკეთესად ვითარდება მძიმე და ტენიან, ვიდრე მშრალ და მსუბუქ ნიადაგზე. ახალგაზრდობაში ხე ზომიერად ისხამს, შემდეგ კი უხვი მოსავალი ახასიათებს, რის გამოც ზოგჯერ ნაყოფი წვრილდება ხოლმე.

მწვანე რენკლოდი ძველიდანვე ცნობილია, როგორც საუკეთესო ქლიავის საკომპოტე ჯიში, აგრეთვე დიდ ღირებულებას წარმოადგენს იგი, როგორც საუკეთესო გემოს მქონე სუფრის ჯიში. ამ ჯიშის უარყოფით მხარეებს შეადგენს: ცუდი ტრანსპორტაბელობა, ნაყოფის ადვილი დაზიანება სიდამპლითა და ნაყოფჭამიათი.

ხე ზომიერი ზრდისაა, მრგვალი გადაშლილი ვარჯით, დატოტვა თხელი აქვს. ფოთოლი წვრილია, ოვალური ფორმის, წაწვეტებული ბოლოთი. ფოთლის ფირფიტის კიდე ორმაგადაა დაკბილული: ფოთლის ზედაპირი მწვანეა, გლუვი, ქვედა მხარე მწვანეა, შებუსვილი. ყვავილობის პერიოდი ადრეულა ახასიათებს. ჯიში თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელ ჯიშებად ცნობილია: ანა შპეტი, ვიქტორია, ეკატერინე.

ნაყოფი საშუალო ზომისაა (3,6X3 სმ.), ერთი ნაყოფის საშუალო წონა 23 გრამს უდრის. ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, ღარი ნაყოფზე განიერია და არაღრმა.

ნაყოფის კანი თხელია, მწვანე ფერის, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი თეთრი ფიფქი, რის გამოც ნაყოფი მონაცრისფრო მწვანე შეფერვას იღებს.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო–მწვანე ფერისაა, რბილი კონსისტენციის, მდნარი, ძალიან ტკბილი, მჟავეობა სულ არ ემჩნევა, წვნიანია, სასიამოვნო სურნელებით.

კურკა ნახევრად სცილდება ნაყოფის ხორცს, ნაყოფი მწიფდება დასავლეთ საქართველოში აგვისტოს დასაწყისში, ქართლიში – აგვისტოს 20 რიცხვებიდან.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები