მერიმის წყლებთან ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერიმის წყლებთან ბრძოლა - (დაახლ. ძვ.წ. XIV-XIII სს.) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლა ისრაელის მიერ ქანაანის დაპყრობის პერიოდში, ებრაელებსა და ქანაანელთა კავშირს შორის როდესაც იესო ნავეს ძემ ქანაანელებს დაბლობი მიწების დიდი ნაწილი წაართვა, ისინი მაღლობებში და მთებში დასახლდნენ, უმთავრესად გალილეაში. სწორედ მათ საწინააღმდეგოდ დაიძრა იესო ნავეს ძე. ბიბლიის მიხედვით მან მოახერხა და გაანადგურა ხაცორის მეფის, იაბინის შექმნილი კოალიცია, რომელშიც რამდენიმე ქანაანელი მეფე იღებდა მონაწილეობას.

ქანაანელთა ალიანსსა და იესო ნავეს ძის ჯარს შორის ბრძოლა მერიმის წყლებთან მოხდა. ბიბლიის მიხედვით ქანაანელებს უთვალავი ქვეითი ჯარი ჰყავდათ და ასევე გააჩნდათ მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე მრისხანე ძალა, საბრძოლო ეტლები. საბრძოლო ეტლს ბრძოლაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო. მასში ორი ცხენი იყო შებმული, ხოლო ეტლში ორი-სამი კაცი იჯდა. ერთი ეტლს მართავდა, მეორე და მესამე კი მტერს ისრებს ესროდნენ. ზოგჯერ მეეტლეები სატყორცნ შუბებსაც იყენებდნენ. ქანაანელ მეტლეები მარიანუს ეძახდნენ და მათ დიდი პრივილეგიები ჰქონდათ, რადგან ეტლზე, როგორც ჯარის ელიტურ ნაწილზე სამსახური საპატიოდ ითვლებოდა. ეტლები ბრძოლაში ებრაელებმაც გამოიყენეს, რადგან იესო ნავეს ძეს მერიმის წყლებთან ბრძოლამდე ქანაანელები ბევრჯერ ჰყავდა დამარცხებული და ალბათ ნადავლად ეტლებიც მიჰქონდა. ბრძოლა ებრაელებმა დაიწყეს, როდესაც თავს დაესხნენ ქანაანელ მეწინავეებს. ქანაანელებმა ეტლების გამოყენება სცადეს, მაგრამ იესო ნავეს ძემ მათ თავისი ეტლები და შუბოსანი მეომრები დაუპირისპირა. როდესაც ქანაანელთა ელიტური ეტლების რაზმები დამარცხდნენ, მათი ქვეითი ჯარიც აირია. ებრაელები უკვე ყველა მხრიდან უტევდნენ და მუსრს ავლებდნენ მტერს. მტერს რომ ეტლებით კვლავ არ შემოეტია, ისრაელიანებმა ცხენებს ძარღვები გადაუსერეს და სიარულის შესაძლებლობა მოუსპეს. ბრძოლა საბოლოოდ იესო ნავეს ძის დიდი გამარჯვებით და ქანაანელთა ალიანსის განადგურებით დასრულდა. ხაცორის მეფე იაბინი ბრძოლიდან გაიქცა და თავის სამეფოს მიაშურა, რომელსაც მალე ისრაელიანები მიადგნენ.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები