ზიზილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bellis-perennis.jpg

ზიზილა - Bellis perennis

იმერ. — ჟუჟუნა, გურ. – ბორჩხება

ზიზილა რთულყვავილოვანთა ოჯახიდანაა. მეტწილად გვხვდება ნატყევარ, კორდმოკიდებულ ადგილებში, საძოვრებზე, ბაღებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

ზიზილა მრავალწლოვანი მცენარეა. ერთი ციცქნაა, მისი სიმაღლე იშვიათად აღემატება 10 სმ-ს, ხშირად უფრო პატარაც იზრდება. ფოთლები ნიჩბისებრია, კიდედაკბილული და ძირთან თავმოყრილი. ძალიან უხვი და ხანგრძლივი ყვავილობა იცის. მარტის ბოლოს რომ აყვავდება, აგვისტომდე ყვავის.

პატარ-პატარა ყვავილები შეკრებილი აქვს კალათებად, რომლებიც თითო-თითოდაა საყვავილე ღეროებზე განლაგებული, გარედან საბურველით შემოხვეული და ერთი ყვავილის შთაბეჭდილებას ახდენენ. კალათებში ორნაირი ყვავილებია: შიგნითა მილისებრია, ყვითელი, ხოლო გარეთა ენისებრი და თეთრი. ეს უკანასკნელნი ბოლოში და ხშირად ქვემოდანაც ვარდისფერია, მზიან ამინდში გაშლილი, ხოლო ღრუბლიან დღეში და საღამოობით შიგნითკენ გადაღუნული და ყვითელ ყვავილებზე წამოფარებული.

სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ნაწილი. შეიცავს: ეთერზეთებს, ინულინს, C ვიტამინს, ცხიმოვან ზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ლორწოს, მარილებს, ორგანულ მჟავებს. ზიზილას პრეპარატებს იყენებენ ანთების საწინააღმდეგოდ, ამოსახველებლად, შარდმდენად, დამარბილებელ, ტკივილგამაყუჩებელ, სასაქმებელ, ანტისეპტიკურ და ციებ-ცხელების საწინააღმდეგო საშუალებად. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ხალხურ მედიცინაში ნაყენებს ხმარობენ ფილტვებისა და ძვლის ტუბერკულიოზის, შარდსადინარი გზების დაავადების, ინფექციური სიყვითლის, ღვიძლის დაავადების, ბრონქიალური ასთმის და გინეკოლოგიური დაავადებებისას. გარეგანად – მცენარის ნედლი წვენი საფენების სახით გამოიყენება ფურუნკულოზის, ბუასილის, მასტიტის და მასტოპათიის, წყლულების, კანის ყოველგვარი გამონაყრების დროს (ბიძინაშვილი, 2013).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები