გამონათქვამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამონათქვამი – სამეტყველო ურთიერთობის ერთეული, აზრობრივად დასრულებული და მოცემული ენის სტრუქტურული მახასიათებლების მიხედეით გაფორმებული.

გამონათქვამი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სამეტყველო ერთეული (ნიშანი), რომლის აღმნიშვნელი არის წინადადების ლექსიკურ-გრამატიკულ-ინტონაციური სტრუქტურა, აღსანიშნი კი – თვით სინამდვილის ფაქტი. გამონათქვამი ორიენტირებულია მეტყველების პროცესში მონაწილე ინდივიდებზე, კონტექსტზე, სიტუაციაზე, მოლაპარაკეთა ფონურ ცოდნაზე და ა. შ., რის გამოც ფაქტობრივად ერთი და იმავე შინაარსის საფუძველზე შეიძლება აიგოს განსხვავებული გამონათქვამები („დღეს წვიმა მოდის, მე არ შემიძლია მოსვლა“, „წვიმის გამო ვერ მოვდივარ“, „უამინდობა მაფერხებს“…).

ჩვეულებრივ, გამონათქვამს განმარტავენ როგორც კონკრეტული მოლაპარაკის მიერ კონკრეტულ სიტუაციაში პაუზებს შორის აგებულ სამეტყველო მონაკვეთს. იგი შეიძლება შედგებოდეს ერთი სიტყვისაგან (კითხვა, პასუხი), ერთი ან მეტი წინადადებისაგან. გამონათქვამი შეიძლება იყოს ცალკე ან შედიოდეს უფრო დიდ სამეტყველო ერთეულში (დიალოგი, მონოლოგი).

ენათმეცნიერებაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაჭრილი გამონათქვამის წინადადებასთან მიმართების საკითხი. მას განსაზღვრავენ როგორც წინადადებისაგან სხვადასხვა ნიშნით (სხვადასხვა თეორიათა მიხედვით – მოცულობით, სტრუქტურით, შინაარსით ან ფუნქციონირებით) განსხვავებულ ერთეულს.

მეტყველების ლინგვისტიკისა და სემანტიკური სინტაქსის განვითარების შედეგად გაჩნდა ტენდენცია, რომ გამონათქვამი წინადადებისათვის კი არ დაეპირისპირებინათ, არამედ თვით წინადადებაში განესხვავებინათ ორი მხარე: სტრუქტურულ-სემანტიკური სქემა (მოდელი) და გამონათქვამი, ანუ როგორც წინადადების სიგნიფიკატი ენობრივი ნიშნის შინაარსობრივი მხარე, ენის ერთეული და დენოტატი (ობიექტთა კლასის გამომხატველი ვირტუალური რეფერენტი, მეტყველების ერთეული).

ლ. კვანტალიანი


ლიტერატურა

  • დავითიანი ა. ქართული ენის სინტაქსი, I, თბ. I973;
  • კიზირია ა. მარტივი წინადადების ტიპები წევრთა შემადგენლობის მიხედეით და კომუნიკაციები, თბ. 1987.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები