ბიჭვინთის ფიჭვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიჭვინთის ფიჭვი – მცენარე ფიჭვის გვარისა. 25-40 მ-მდე სიმაღლის, სწორტანიანი, გაშლილვარჯიანი ხე. მიეკუთვნება მესამეული პერიოდის რელიქტურ და ენდემურ ჯიშებს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე ანაპის მიდამოებიდან (კრასნოდარის მხარე) ფსირცხამდე (აფხაზეთი) და სამხრეთ ყირიმში. გვხვდება ზღვის დონიდან 300-400 მ-ზე. იზრდება როგორც ზღვისპირული ვაკის ნიადაგზე (ბიჭვინთის კონცხი), ისე მთის კალთების ღორღიან თხელ ნიადაგზე და კირქვებზე. ბიჭვინთის ფიჭვი სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, მეტნაკლებად გვალვა- და ქარგამძლე ჯიშია. გამოიყენება ბაღ-პარკების მოსაწყობად შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ზოლში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, როგორც დეკორატიული ხე.