ბესარიონი (აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესარიონი – (XVIII ს.), დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათოლიკოს-პატრიარქი 1742-1769 წწ. რაჭის ერისთავის, შოშიტა III-ისა და იმერეთის მეფის, ბაგრატ IV-ის ასულის, მარიამის ძე. სამეფო სახლთან ნათესაური კავშირის გამო საბუთებში კათოლიკოსი ბესარიონი „მეფეთა ტომად“ იხსენიება.

ბესარიონის შუამდგომლობით შეირიგა ქაიხოსრო წერეთლის ოჯახი მათზე განაწყენებულმა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ (1720-1740; 1741-1752), ხოლო ჯაფარიძეები – რაჭის ერისთავმა როსტომმა. ბესარიონმა მათ ხელშეუხებლობის პირობის წიგნი უბოძა, მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი შესაბამისად მეფისა და ერისთავის ერთგულნი იქნებოდნენ. ბესარიონი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის (1752-1784) პოლიტიკური კურსის საპირისპიროდ, რომლის მიზანი იყო დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და მეფის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების შექმნა, მან მხარი დაუჭირა მეფის პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს, კერძოდ, თავის ძმას, რაჭის ერისთავ როსტომსა და მის მოკავშირეს, თავის დისწულს – კაცია დადიანს. ერისთავმა და დადიანმა მეფის წინააღმდეგ ოსმალ. ჯარის გამოყენება სცადეს. ამ მიზნით მათ 1768 წ. კათოლიკოსი ბესარიონი ახალციხის ფაშასთან გაგზავნეს მოსალაპარაკებლად. მაგრამ მოკავშირეთათვის შექმნილი არახელსაყრელი პოლიტიკური ვითარების გამო, ახალციხის ფაშამ ბესარიონი დააპატიმრა და ციხეში გამოამწყვდია. ბესარიონმა ბუხრის კედელი გაარღვია და გაიქცა, მაგრამ იმერეთში ვეღარ დაბრუნდა და ოდიშში გადავიდა კაცია დადიანთან, რომელმაც იგი ოდიშის „კათალიკოსად“ დაადგინა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1769 წ. 10 მაისს იოსები (ბატონიშვილი) დაადგინეს, რომელიც არ ცნობდა ოდიშის კათოლიკოსის უფლებებს, რის გამოც მათ მუდმივი დავა ჰქონდათ.

ბესარიონმა ბიჭვინთისა და ხობის ღვთისმშობელს შესწირა ყმები. მისი რჩევით კაცია დადიანმა საკათოლიკოსოს შესწირა წალენჯიხის ეკლესია და „ყოველნივე სამსახურებელნი ეკლესიისნი“.

ბესარიონი საბუთებში თავის თავს იხსენიებს, როგორც „ლიხთ-იმერთა, ოდიშართა, პონტო-აფხაზ-გურიათა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთ-ოსთ-დვალთა და სრულიად ჩრდილოეთისა საჭეთმპყრობელი რაჭის ერისთავის ძე კათოლიკოზ-პატრიარხი უფალი, ბატონი ბესარიონი“.

თ. ქორიძე

წყაროები და ლიტერატურა

  • დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, ს. კაკაბაძის გამოც., წწ. 1-2, ტფ., 1921;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ე. ცაგარეიშვილის გამოც. ტ. 3, თბ., 1981.
  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 31;
  • რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბ., 1989;
  • ქორიძე თ., ბესარიონი, წგ.: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები, თბ., 2000.

იხილე აგრეთვე

ბესარიონი (კათოლიკოს–პატრიარქი)


Logo1.JPG ბესარიონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები