ანდრიაწმინდის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
ანდრიაწმინდის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი საქართველოში. (X ს.) (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია) მდებარეობს სოფელ ანდრიაწმინდის (ახალციხის მუნიციპალიტეტი) სასაფლაოზე.
დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად თლილი სხვადასხვა ტონალობის მოწითალო ან ჟანგისფერი ტუფითა და ქვიშაქვის კვადრებით (გარე ზომები: 4.74 მ X 8.22 მ). ეკლესიაში თავდაპირველად ორი შესასვლელი იყო, ერთი სამხრეთიიდან და მეორე დასავლეთიდან, ეს უკანასკნელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ეკლესია ორი – აღმოსავლეთ და დასავლეთ – სარკმლებით ნათდება (ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულოა გრძივი კედლები სარკმლების გარეშე). ტაძრის ფასადები მარტივია. ორივე კარი გარედან არქიტრავითაა დასრულებული, შიდა მხრიდან კი თაღითაა გადახურული. ცილინდრული კამარით გადახურული დარბაზის სივრცე სადაა, აღმოსავლეთ მხარეს სრულდება აფსიდით. ეკლესიის ფასადებზე ერთადერთი შემორჩენილი დეკორი დასავლეთის სარკმლის თავსართია. კვადრატული მოხაზულობის ტუფის ქვაზე ჩანეული ფონით მოჩარჩოება და ჯვარია გამოკვეთილი. სავარაუდოდ, მოპირკეთება საკურთხევლის სარკმელსაც ექნებოდა, მაგრამ დაკარგულია და მთელი სარკმლის ღიობი ახალგათლილი ქვითაა ამოყვანილი. ფასადებს წრეთარგითა და თაროთი შედგენილი ლავგარდნები ასრულებს. სახურავი კრამიტითაა შემოსილი. ტაძარი ხუროთმოძღვრული მონაცემებით, X საუკუნეს უნდა მიეკუთვნოს.
გ. მარსაგიშვილი